ვახტანგ ხმალაძე: თუ „კარუსელი“ რეალურია, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, უშუალოდ უბანთან ფულის დარიგების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო? ჩვენი სამართალდამცავები ობიექტურად გამოიძიებენ? – ამიტომ არის მოთხოვნა, რომ უცხოელები ჩაერთონ

თუ „კარუსელის“ ფაქტები რეალურია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამ დანაშაულში გარეული იქნება ათეულობით კი არა, ასეულობით ადამიანი იმიტომ, რომ სხვანაირად ეს ვერ გაკეთდებოდა, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ხმალაძის თქმით, ბევრი ფაქტი მიუთითებს ს პროცესის დარღვევაზე, თუმცა, რამდენად ობიექტურად ჩატარდება გამოძიება, ესეც საეჭვოა.

“მე არ ვიცი, ოპოზიციონერები რას გეგმავენ და როგორია ეს მოქმედების გეგმა, მაგრამ ასეთი გეგმა, წესით, უნდა არსებობდეს, თან უნდა არსებობდეს არა მხოლოდ ერთი ვერსია იმიტომ, რომ სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება სრულიად განსხვავებული მდგომარეობა იყოს, შესაბამისად, გეგმაც შესაცვლელი იქნება.

იყო მოთხოვნა, რომ ხმის მთვლელი აპარატები გაიხსნას და ქვითრები შემოწმდეს. იმ ქვითრების შემოწმებითა და შედარებით სხვადასხვა უბანზე, გავარკვევთ, კარუსელი, რომელზეც საუბრობდნენ, ნამდვილად იყო თუ მსგავსი არაფერი მომხდარა. საქმე იმაშია, რომ თუ ეს ნამდვილად მოხდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამ დანაშაულში გარეული იქნება ათეულობით კი არა, ასეულობით ადამიანი იმიტომ, რომ სხვანაირად ეს ვერ გაკეთდებოდა. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის დანაშაულზეა საუბარი. მე რომ ხელისუფლების ადგილზე ვიყო, მაშინვე ვიტყოდი, კი ბატონო, შევამოწმოთ. მე თუ ეს არ ჩამიდენია, ამ შემოწმებით ხომ გამოჩნდება, ანუ სრულად გავმართლდები.

რამდენი რამ მიუთითებს იმაზე, რომ მსგავსი რამ მართლაც მოხდა და ამის ალბათობა დიდია. ეს არის არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, განსაკუთრებით მაღალი პროცენტი იმ უბნებზე, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობის ხმები მიიღო “ქართულმა ოცნებამ” – ეს ფაქტიც იწვევს ეჭვს.

უშუალოდ უბანთან რომ ხდებოდა ფულის დარიგება, რისი არა ერთი მოწმეც არსებობს, მათ შორის, არიან ისეთი მოწმეები, რომელთაც მე სავსებით ვენდობი, ამ რომელიმე ფაქტის გამოძიება დაიწყო? ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები მსგავს დანაშაულებს გამოიძიებენ ობიექტურად? აქაც ეჭვია, ამიტომ არის მოთხოვნა, რომ უცხოელები ჩაერთონ პროცესში”, – განაცხადა ხმალაძემ.

კონსტიტუციონალისტმა ასევე განმარტა ის პროცედურები, თუ რა შემთხვევაში შეიძლება პარლამენტი ფორმალურად მრავალპარტიული, ხოლო რეალურად ერთპარტიული იყოს.

“რამდენი მანდატი ექნება “ქართულ ოცნებას”, ამის ზუსტი თქმა მხოლოდ მას შემდეგ შეგვეძლება, როდესაც საარჩევნო დავების განხილვა დასრულდება და იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. იმ მონაცემებით, რაც დღეს გვაქვს, მე არ ველი იმას, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლობა აღმოჩნდეს ნახევარზე ნაკლები, ხოლო თუ ნახევარზე მეტი იქნება, ათი დღის ვადაში, მას შემდეგ, რაც გამოაცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგებს, უნდა გაიმართოს პარლამენტის პირველი სხდომა, ამ სხდომის თარიღი პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს. თუ პრეზიდენტმა არ დანიშნა, პარლამენტი მაინც შეიკრიბება და პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საკმარისია, სხდომათა დარბაზში იჯდეს 76 წევრი. ეს რაოდენობა “ქართულ ოცნებას” ეყოლება, თუ რაიმე ისეთი არ მოხდა ამ დარჩენილი დღეების განმავლობაში, რაც არსებითად შეცვლის და თავდაყირა დააყენებს შედეგებს. ერთი კენჭისყრით ხდება პარლამენტის ყველა არჩეული წევრის უფლებამოსილების ცნობა.

სამართლებრივი თვალსაზრისით, უფლებამოსილების ცნობამდე, პარტიას არ აქვს უფლება, გააუქმოს თავისი პარტიული სია და არც პარლამენტის წევრობის კანდიდატებს არ აქვთ უფლება, მოხსნან თავიანთი კანდიდატურა. როგორც კი პარლამენტი ცნობს 150 წევრის უფლებამოსილებას, პარტიას აღუდგება პარტიული სიის გაუქმების უფლება, ხოლო პარლამენტის წევრებს, რომელთა უფლებამოსილებაც ოფიციალურად იქნება დადასტურებული, ექნებათ უფლება, გადადგნენ, თუმცა, ამ გადადგომის მოთხოვნასაც კენჭი უნდა უყაროს პარლამენტმა. ჩემი აზრით, ეს არის ყოვლად უგვანო და არასამართლიანი ფორმა. თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, ჩვენ მაინც გვეყოლებიან ფორმალური პარლამენტარები, რაც ვიხილეთ კიდევ 2020 წელს. ფორმალურად გვექნება მრავალპარტიული პარლამენტი, რეალურად კი – ერთპარტიული”, – აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.