დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მოსამართლეებმა იცოდნენ, რა გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ და შეეცადნენ რამენაირად გაემართლებინათ ეს გადაწყვეტილება – ჩემი შეფასებით, გამართლება არ გამოუვიდათ, იმიტომ, რომ ეს არის სიტყვებით და ცნებებით ჟონგლიორობა, რომელიც ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ მინახავს, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა და ვალდებულება, დაებრუნებინა საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციის ჩარჩოს ფარგლებში, თუმცა მან ეს არ გააკეთა.
როგორც ხმალაძე აღნიშნავს, კონსტიტუციის რეალური დაცვა დღეს შეუძლია საქართველოს მოქალაქეებს და იმედა გამოთქვამს, რომ ისინი ამას გააკეთებენ.
„დღეს წავიკითხე საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება და სიმართლე გითხრათ, ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ის, რაც წავიკითხე, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა და ვალდებულიც იყო, დაებრუნებინა საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციის ჩარჩოს ფარგლებში. მან ეს არ გააკეთა. ამ განჩინებამ ჩემზე დატოვა ასეთი შთაბეჭდილება – მოსამართლეებმა იცოდნენ, რა გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, ანუ დასაშვებად არ უნდა ეცნოთ ის ორი კონსტიტუციური სარჩელი და შემდგომ, შეეცადნენ რამენაირად გაემართლებინათ ეს გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, ჩემი შეფასებით, გამართლება არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ ეს არის სიტყვებით და ცნებებით ჟონგლიორობა, რომელიც ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ მინახავს, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებები საბჭოთა კავშირს დროს. სამწუხაროდ, იგივე ვნახე დღესაც. სამწუხაროა, რომ კიდევ ერთმა კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა უარი თქვა კონსტიტუციის დაცვაზე და დღეს ვინ დაგვრჩა კონსტიტუციის დამცველად კონსტიტუციური ინსტიტუტებისაგან? ერთ რამეში ვერ დავეთანხმები ქალბატონ პრეზიდენტს, რომ დარჩა მხოლოდ ერთი კონსტიტუციური ინსტიტუტი – პრეზიდენტის. არა ბატონებო. დარჩა კიდევ მეორე ინსტიტუტი. ეს არის ხალხი, რომელიც არის ხელისუფლების წყარო და კონსტიტუციის რეალური დაცვა დღეს შეუძლია საქართველოს მოქალაქეებს. იმედი მაქვს ისინი ამას გააკეთებენ,” – განაცხადა ხმალაძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტისა და 30 პოლიტიკოსის სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო.