არა მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, თუმცა შესაძლებელია და თუ დააკმაყოფილა, მაშინ პარლამენტის შეკრება ვეღარ შედგება, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ 19 ნოემბერს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანს.
როგორც ვახტანგ ხმალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, იმ შემთხვევაში კი თუ საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს.
„აქ ორი ასპექტია, სამართლებრივი და პოლიტიკური.
სამართლებრივი თვალსაზრისით, პრეზიდენტს შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით შემაჯამებელი ოქმის გამო და მოითხოვოს, როგორც დროებითი ღონისძიება, არსებითი განხილვის დასრულებამდე შემაჯამებელი ოქმის მოქმედების შეჩერება. თუ შეჩერება მოხდა, რაშიც ძალიან ეჭვი მეპარება, არა მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს, თუმცა შესაძლებელია. თუ დააკმაყოფილა, მაშინ პარლამენტის შეკრება ვეღარ შედგება, სანამ არ მიიღებს არსებით გადაწყვეტილებას. ამ თავისი სარჩელით, მე ვფიქრობ, პრეზიდენტი მიუთითებს არსებით რამდენიმე დარღვევაზე, რომელთა საფუძველზეც არჩევნები შეიძლება არაკონსტიტუციურად იქნეს მიჩნეული. ასეთ შემთხვევაში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. თუ არჩევნები არ იქნა მიჩნეული არაკონსტიტუციურად, მაშინ ხელისუფლება გამოვა კონსტიტუციის დამრღვევი, თუ არ შეიკრიბა პარლამენტი. სამართლებრივად ასეა“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
მისი განმარტებით, პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის გარდა არსებობს მეორე გზაც – სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვა.
„ერთი გზაა საკონსტიტუციოსთვის მიმართვა, რასაც პრეზიდენტი აპირებს, მეორე გზაა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვა იმიტომ, რომ ათეულ ათასობით და ასეულ ათასობით ამომრჩევლის უფლებები დაირღვა. მაგალითად, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთათვისაც საარჩევნო უბნები არ გახსნეს და ამაზე კვერი დაუკრა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა. ერთადერთი სასამართლო აღმოჩნდა თეთრიწყაროს პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელმაც კონსტიტუციის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.