ხელისუფლება ლუკაშენკოს გზას მიჰყვება, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა და დასძინა, რომ მმართველი პარტია შეეცდება პატიმრების საკითხით „დასავლეთთან ვაჭრობას“.
ამავე დროს, ძაბირაძის თქმით, ახალგაზრდების ბრძოლა, თუნდაც ციხიდან იძლევა იმედს, რომ ქვეყანაში „დასავლური ფრთა გაიმარჯვებს“.
„ქართული ხელისუფლება ლუკაშენკოს გზას მიჰყვება. საბჭოთა კავშირის დროს დისიდენტებზეც იყო ვაჭრობა დასავლეთთან, დღესაც შეიძლება ივაჭრო დასავლეთთან, რომ მეტ-ნაკლებად დაამშვიდო საზოგადოება. „ქართულ ოცნებას“ ძალიან უჭირს, მაგრამ ჯერჯერობით ქვეყნის შიგნიდან ხიფათი არ არის.
ამ ადამიანებისთვის [პატიმრებისთვის] ციხის კარის გახსნა, თუ არ გაანულებს, რუსთაველის გამზირზე პროტესტს ძალიან დაარტყამს, შეამცირებს, რადგან იქ ძირითადად ვინც არის, ვინც მთელი წელია აგრძელებს პროტესტს, პატიმრების მშობლები, მეგობრები და ნათესავები არიან. რაც ზოგადად იმედს იძლევა, რომ ქვეყანაში მაინც დასავლური ფრთა გაიმარჯვებს, ახალგაზრდობაა, ვისაც სინდისის პატიმრებს ვეძახით. სულ რაღაც ხუთი წლის წინ ვლაპარაკობდით იმაზე, რომ საპროტესტო მოძრაობაში იყო ჩემი ხნის ხალხი, ან ჩემზე ცოტა უფრო ახალგაზრდა – ახალგაზრდების დეფიციტი იყო. დღეს ახალგაზრდა ბიჭები იბრძვიან. გასაგებია, რომ ციხეში ჯდომა არავის უნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იბრძვიან და ძალიან ამაყებიც არიან. ეს ხალხი ბრძოლას გააგრძელებს, თუმცა რაღაც მომენტში „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება გადააგოროს სიტუაცია. ესეც დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება უკრაინაში“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.




