ვახტანგ ძაბირაძე – წინააღმდეგობის პლატფორმა სალომე ზურაბიშვილის მესამე აქტია ახალი სათაურით, ძველი თემებით, თუმცა მას რა მოწოდებაც არ უნდა გაეკეთებინა, მხარდაჭერა სჭირდებოდა და ვინ იყო მისი მხარდამჭერი?

ზურაბიშვილს რა მოწოდებაც არ უნდა გაეკეთებინა, მას მხარდაჭერა სჭირდებოდა, ვინ იყო მისი მხარდამჭერი? – გუშინ იმის ორგანიზებაც ვერ მოხერხდა, რომ ს უკანა ფონზე სააკაშვილი არ ყოფილიყო, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი შეფასებით, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონსულტაციები უნდა გამართონ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და გასული თვეების პოლიტიკური ვითარების ანალიზი უნდა გაკეთდეს, რის შემდეგაც ახალ „ფაზაზე“ უნდა გადავიდნენ.
„პოლიტიკურ მოლოდინებს პარტიები და საზოგადოებრივი ჯგუფები ქმნიან და ამაში მედიაც მონაწილეობს, მაგრამ რეალური საფუძველი არ აქვთ. რა უნდა ეთქვა ზურაბიშვილს გამორჩეული? [წინააღმდეგობის პლატფორმას რაც შეეხება] ქარტიიდან მოყოლებული დღემდე მესამე აქტია – ახალი სათაურით, ძველი თემებით. ზურაბიშვილს რა მოწოდებაც არ უნდა გაეკეთებინა, მას მხარდაჭერა სჭირდებოდა, ვინ იყო მისი მხარდამჭერი? პოლიტიკური პროცესია ის, რაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს, ასევე ზურაბიშვილის ინტენსიური მოლაპარაკებები პარტნიორებთან. ამ ორი ფაქტორის ზედდება უნდა მოხდეს, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ისინი მოალყეები არიან, რომლებსაც ხელისუფლება ალყაში ჰყავთ, მმართველ პარტიას კი ძალიან უნდა რუსთაველზე ეს პროტესტი რაღაცნაირად ჩაახშოს, მაგრამ ვერ ახერხებს. ნერვების ომი მიდის ხელისუფლებასა და პროტესტანტებს შორის და აქ ის გაიმარჯვებს, რომელსაც მეტი ნერვები და გამძლეობა ექნება, ვინც შეძლებს რომ არ იჩქაროს და პროვოცირებას კი არ აჰყვეს, არამედ დროს ფეხი აუგოს. ზურაბიშვილმა შეთავაზება გააკეთა, ახლა კონსულტაციები უნდა დაიწყოს და ეს პროცესი ღია უნდა იყოს, რომ დავინახოთ, რომელი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია უშლის ამას ხელს. ზურაბიშვილმა უნდა უზრუნველყოს ახალი ფორმატი, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ანალიზი გაკეთდება, ამის გარეშე კი ახალი ფაზის დაწყება გამორიცხულია და არც შეიძლება, ეს პროვოცირება იქნება, ხელისუფლება კი ამას ელოდება, რომ რამენაირად პროვოცირება იყოს, რათა ძალა გამოიყენოს.
ახალი ფაზის დაწყებაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს, ერთი თავისი სახელით რესპუბლიკის მოედანზე ერთი შეკრება გამართონ და ვნახავთ, რა საყრდენი აქვთ ამ ხალხს, რადგან ფრაზების სროლა ადვილია, მოქმედება კი ძნელი. გუშინ კი იმის ორგანიზებაც ვერ მოხერხდა, რომ სალომე ზურაბიშვილის უკანა ფონზე სააკაშვილი არ ყოფილიყო.
ასევე პაატა ბურჭულაძემაც გააკეთა განცხადება, სადაც ის ახალგაზრდა ლიდერის არჩევაზე საუბრობს, მაგრამ გავიხსენოთ, რომ მას ჰქონდა პარტია, რომელიც შუა არჩევნებში მიატოვა და განერიდა ამ ვითარებას. რაც შეეხება ახალგაზრდა ლიდერის არჩევას, ესეც ლოზუნგია, ლიდერის არჩევა ასე არ ხდება, ან სად უნდა მოვძებნოთ, იდეა კარგია, მაგრამ როგორ ავირჩიოთ ეს ლიდერი? ამაზეა საუბარი. რესურსი ქვეყანაში, რომ უფრო რადიკალური ნაბიჯები გადაიდგას არ არსებობს, ან თუნდაც ეს ახალგაზრდა ლიდერი როგორ ჩაანაცვლებს სალომე ზურაბიშვილს?- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ასევე, პოლიტოლოგი „ქართული ოცნების“ ინიციატივასაც გამოეხმაურა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, პარტიების აკრძალვის შემდეგ მათი ამომრჩეველი, რომელიც 800 000-ზე მეტია, არა „ქართულ ოცნებაში“, არამედ სხვა პარტიაში გადაინაცვლებს.
„არ ვთვლი, რომ ქართული ოპოზიცია სუსტია, არის პარიტეტი, ვერც ხელისუფლება ახერხებს იმას, რომ პროტესტი დაასრულოს და ვერც ოპოზიცია ახერხებს, რომ ხელისუფლება აიძულოს ახალი დანიშნოს. პროცესი მიდის და ხელისუფლება იძულებულია, რომ ეს ნაბიჯები გადადგას. ამიტომ სჭირდება პროცესს ანალიზი იმისა, თუ რაც ხდებოდა ბოლო 4 თვის განმავლობაში, როგორც იქცეოდა მმართველი პარტია.
პოლიტიკური ელიტა გადახალისებას ნამდვილად მოითხოვს და თუ ამ კანონს ისე მიიღებენ, როგორც მდინარაძემ თქვა და გარკვეულ პირებს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ, ეს შესაძლოა უკეთესიც იყოს. მაგრამ ეს აბსურდულია, ეს როგორ უნდა მოხდეს და როგორ უნდა გააკეთონ? „ქართული ოცნების“ მონაცემებით, ოპოზიციამ 800 000-ზე მეტი ხმა აიღო და ეს ადამიანები სად უნდა წავიყვანოთ? თუ შეიქმნება სხვა პარტია, ეს ხალხი მანდ გადაინაცვლებს.
მეც მაწუხებს ყოფილი „ნაციონალების“ განცხადებები ადამიანის უფლებებზე, მათ ამის მორალური უფლება არ აქვთ“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.