გასულ კვირას საქართველოს დელეგაცია პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით აშშ-ს ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტისას ლევან დავითაშვილმა შეხვედრები გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, კომერციისა და სახაზინო დეპარტამენტებსა და სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტოპმენეჯმენტის წარმომადგენლებთან, შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკსაც. 26 აპრილს გავრცელებული ცნობით კი, დავითაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტთან, ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში უფროს დირექტორ ენდრიუ პიკთან. ვიცე-პრემიერის თქმით, ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში “არსებობს ძალიან მყარი პოზიცია”, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა “არათუ გაგრძელდეს, არამედ უფრო გაღრმავდეს”. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრებზე ოფიციალური ინფორმაცია ამერიკულ მხარეს არ გაუვრცელებია. ცნობები ვიზიტის თაობაზე ქართული მხარისგან გახდა ცნობილი.
სწორედ ამ საკითხზე საუბრობს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან”. გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:
– არ მინდა კონტექსტიდან იყოს ამოგლეჯილი დავითაშვილის ამერიკული ვოიაჟი, ამიტომ გავიხსენოთ, რომ ამ შეხვედრების პარალელურად გავრცელდა კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენელთა ორპარტიული განცხადება, რომელიც მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. თუ ამ ყველაფერს ერთიანობაში განვიხილავთ, ამ ვიზიტში უცნაური და მოულოდნელი არაფერია. რა თქმა უნდა, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საშუალოზე დაბალი რანგის მოხელეები შეხვდებოდნენ ქართულ დელეგაციას იმის სათქმელად, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავება შესაძლებელია, ოღონდ გარკვეული პირობების შესრულების მერე, ეს პირობები კი ზუსტად არის ჩამოყალიბებული კონგრესმენთა ზემოთ ნახსენებ განცხადებაში…
– როგორ ფიქრობთ, ვიზიტს აშშ-ში და იმ სავარაუდო პირობებს, რაზეც საუბრობთ, საქართველოს ხელისუფლებისგან რა ნაბიჯები შეიძლება მოჰყვეს?
– რთული სათქმელია, ვნახოთ, დავითაშვილის ჩამოტანილ გზავნილებს განიხილავენ ხელისუფლებაში და, ალბათ, დასკვნებსაც გამოიტანენ. ფაქტია, ხელისუფლება სამზადისშია, ვნახეთ, არაერთი საკადრო ცვლილება, რა თქმა უნდა, ივანიშვილის ხელდასხმით. აბა, ასე ხელაღებით კობახიძე გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა, მაგრამ ისიც ცხადად ჩანს, რომ მას აქვს სრული კარტ-ბლანში ახალი კადრების შერჩევაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, გომელაური აუცილებლად დარჩება თავის ადგილზე. ივანიშვილი, ჩემი აზრით, კობახიძის თითქმის ყველა შეთავაზებას დაეთანხმება, გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსი. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თავის უერთგულეს კადრს ვერ შეელევა. მოკლედ, ხელისუფლებაში ახალი გუნდის ჩამოყალიბება მიმდინარეობს, მაგრამ ეს პირდაპირ იმის მინიშნებად ვერ ჩაითვლება, რომ ხელისუფლება ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება. კი, “ქართული ოცნება” ემზადება არჩევნებისთვის, თუმცა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის თუ ორი არჩევნების ერთდროულად ჩატარებას გეგმავს, ჯერ ძალიან რთული სათქმელია. ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული როგორც შიდა პოლიტიკაში განვითარებულ პროცესებზე, ისე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის უმთავრესია რუსეთ-უკრაინის ომი და მისი დასრულების გზების გამონახვა.
– ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან კიდევ ერთხელ წავიდა – 25 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მან “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტი დატოვა. როგორც თქვა, აპირებს ოჯახს დაუთმოს დიდი დრო, თუმცა იქვე არ გამორიცხა მობრუნებაც…
– როგორც უკვე ვთქვი, ყალიბდება ახალი გუნდი და ამ საქმეში კობახიძეს ივანიშვილმა, სავარაუდოდ, სრული კარტ-ბლანში მისცა. ფაქტია, მხოლოდ ღარიბაშვილი არ წასულა, დიდი ცვლილებებია სახელისუფლებო გუნდში. გასულ კვირას ინფრასტრუქტურის მინისტრიც შეცვალეს. ღარიბაშვილის წასვლა-მოსვლას რაც შეეხება, ის წავიდა ივანიშვილის სურვილით და თუ საჭირო გახდა, კვლავაც ივანიშვილის სურვილით დაბრუნდება, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციურ ძალას შექმნის ის. რაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა ოპოზიციის შექმნაზე, შეიძლება მართლა გააკეთოს, ოღონდ არა ღარიბაშვილის, ლილუაშვილის ან ვინმე ხელისუფლებიდან ბოლო ხანს წასულების მონაწილეობით, რადგან ღარიბაშვილისა და დანარჩენების ოპოზიციონერობა პრობლემას ოპოზიციას კი არ შეუქმნის, თავად “ქართულ ოცნებას” – მას გაუყოფს ხმებს. სხვა ხმები ღარიბაშვილს არა აქვს.
ოპოზიციური პარტიის შექმნა კი არ არის პრობლემა, არამედ ის, თუ ელექტორატის რა ნაწილს მიიმხრობს… “ხალხის ძალაც” მაგისთვის შექმნეს, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ფსევდოოპოზიციური პარტია იყო და როდესაც არჩევნების საკითხი დადგა, ის “ქართულ ოცნებასთან” ერთად გავიდა, რადგან ცალკე რომ გასულიყო, “ქართულ ოცნებას” ხმებს გაუყოფდა. არადა, “ქართულ ოცნებას” სჭირდება ის ხმები, რომლებიც რეალურად ოპოზიციურია, მაგრამ სინამდვილეში “ქართული ოცნების” ყულაბაში წავა. ამიტომ, სავარაუდოდ, სულ სხვა ხალხს შეიძლება დააფუძნებინოს ფსევდოდასავლური და ფსევდოოპოზიციური პარტია. წაიკითხეთ სრულად