განმარტება, რაც სუს-მა მოაყოლა, ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით, დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმებაზე წასვლა, ან პატიმრობა – როგორც ჩანს, აქეთ მიდის საქმე, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ყოფილი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, ლევან დავითაშვილის სუს-ში გამოკითხვას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, დაკითხვის შემდეგ ლევან დავითაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ღიმილისმომგვრელი იყო, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ არის ის ორგანო, რომელიც გაზით მომარაგების არხს იხილავს.
„ჩემთვის მოულოდნელი არ არის, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვები მიმდინარეობს, იმიტომ, რომ ქვეყანაში არის სისტემური კორუფცია და ამ კორუფციაში ჩართული იყო მთელი სახელმწიფო ვერტიკალი, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს. ამიტომ ვინც დასჭირდებათ და ვისაც ჩათვლიან, რომ მათთვის პოლიტიკურად მომგებიანია ამა თუ იმ პირის დაპატიმრება, გამოკითხვა თუ ა.შ., თავისუფლად შეუძლიათ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგან. რაც დავითაშვილმა ამ გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, იმთავითვე, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელი იყო, იმიტომ რომ სუს-ი არ არის ის ორგანო, რომელიც იხილავს, დავუშვათ, გაზით მომარაგების არხს. ანტიკორუფციული განყოფილება არაა ის ორგანო, რომელიც გაზის მომარაგების საკითხს იხილავს, რისკებს აფასებს და ა.შ. ბუნებრივია, როდესაც იქ იბარებენ, საქმე ეხებოდა კორუფციას და თავისთავად, ეს განმარტება, რაც შემდეგ ამას სუს-მა მოაყოლა, ნიშნავს იმას, რომ როგორც ჩანს, დიდი ალბათობით, დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმებაზე წასვლა, ან პატიმრობა. როგორც ჩანს, აქეთ მიდის საქმე,“ – განაცხადა ძაბირაძემ.
გარდა ამისა, მან გადაცემაში, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, 10 პირის, მათ შორის, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და ჟურნალისტის, ელისო კილაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, სუს-ის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებით ახალი მტკიცებულებები გაჩნდეს და მას ბრალი დაუმძიმდეს.
პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ჯერჯერობით, ლილუაშვილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და ამიტომ სხვადასხვა მიმართულებით მასზე ზეწოლა გრძელდება.
„ე.წ. ქოლცენტრების არსებობის შესახებ დიდი ხანია ქართული საზოგადოება ინფორმირებულია. ვიცით, რომ იყო ასეთი ჯგუფები. ეს საკმაოდ გახმაურებული საქმე იყო და ხელისუფლებას აუცილებლად უნდა მიეღო გადაწყვეტილება, თუმცა როგორც თავად აღნიშნეს, ეს არის „ქოლცენტრების“ გარკვეული ნაწილი, რაღაც ნაწილი ჯერ კიდევ არის კითხვის ნიშნის ქვეშ. აქ საინტერესო ისაა, რომ იგივე ფარცხალაძეს, ლილუაშვილს დამცავი ფუნქცია ჰქონდათ. მთლიანად იყვნენ ამ პროცესში ჩართული. ღარიბაშვილის განაჩენი გამოტანილია და არ ველოდები, რომ აქ რაღაც ცვლილებები იქნება, მაგრამ შეიძლება ლილუაშვილთან დაკავშირებით ახალი მტკიცებულებები გაჩნდეს. სავარაუდოდ, ბრალი დაუმძიმდება სხვადასხვა მიმართულებით. როგორც ჩანს, ლილუაშვილი ჯერჯერობით არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და არ აღიარებს რაღაცებს, ამიტომ სხვადასხვა მიმართულებით მასზე ზეწოლა გრძელდება. ერთ-ერთი მიმართულება შეიძლება იყოს დავითაშვილიც, მისი განცხადებები, მიცემული ჩვენებები ლილუაშვილის წინააღმდეგ. ხელისუფლება ცდილობს, რომ რაღაცნაირად გაათეთროს თავისი არც თუ ისე სასიამოვნო წარსული. გუნდი ხომ ერთია?! „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა და იქნება ეს ღარიბაშვილის გუნდი თუ კობახიძის, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთლიანად ხელისუფლება არის „ქართული ოცნება“ და ის ცდილობს, რაღაცნაირად საზოგადოებაში გარკვეული მხარდაჭერა მოიპოვოს,“ – აღნიშნა ძაბირაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილის შეფასებებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები პოლიტიკური პატიმრები არიან,ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ეს შეფასება სწორი არაა.
მისი თქმით, ფაქტია, რომ ხელისუფლებაში სისტემური კორუფციაა და უახლოეს წლებში, შესაძლოა, იგივე მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შემთხვევაშიც მოხდეს.
„არა მგონია, რომ ეს სწორი შეფასება იყოს. იმიტომ რომ ჯერ ერთი, თავად აღიარეს, რომ ჩაიდინეს დანაშაული. ყოველ შემთხვევაში, ღარიბაშვილმა აღიარა, იგივე იკვეთება ლილუაშვილზეც. რადგან პრემიერი იყო და დაიჭირეს, ამიტომ იმის თქმა, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი, არ მიმაჩნია, რომ ეს სწორი და გამართლებული იყოს. ეს უფრო ჰგავს მათი მხარდამჭერების გადმობირებას, თუ მათში თავისი სიმპათიების გაღვიძებას, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის თუ პიროვნების მიმართ. ფაქტი ისაა, რომ კორუფცია იყო და არის. ცოტა ხანში, გაივლის 1-2 წელი და თუ ეს ხელისუფლება დარჩა, იგივე იქნება კობახიძესთან მიმართებაში,“ – განაცხადა ძაბირაძემ.
ამასთან, პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ თუ მოუნდებათ უამრავი დანაშაული აღმოჩნდება, არა მარტო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, არამედ მთელი „კლანის“ მიმართ.
„ღარიბაშვილთან დაკავშირებით მართლაც ბევრი ფაქტორი გაიხსნებოდა და მას მანიპულირების საშუალება მისცეს, რომ ლაპარაკი არ ყოფილიყო იმაზე, რომ ვიღაცისგან ქრთამი აიღო და ა.შ. ღარიბაშვილი უკანონო ბიზნესსაქმიანობის მუხლით წავიდა და ეს აკმარეს, მაგრამ რეალობა მართლაც ასეა – თუ მოუნდებათ, იქ კიდევ უამრავი რამ აღმოჩნდება, არა მარტო ღარიბაშვილის, არამედ მთელი ამ „კლანის“ მიმართ. სისტემური კორუფცია ისეთი რამაა, საკმარისია ნებისმიერ ერთ ადამიანს ჩაავლო ხელი, რომ შემდეგ ყველგან მიხვალ, თუ ამას გადაწყვეტ. ობობას ქსელივით არის. ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე, პოლიტიკურად რამდენად მომგებიანი იქნება, რომ უფრო ღრმად წავიდეს და უფრო ღრმად მოქექოს,“ – განაცხადა ძაბირაძემ.




