ვახტანგ ძაბირაძე – ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
– ბატონო ვახტანგ, ადგილობრივი ორგანოების არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა-არ მონაწილეობის თემა ახლა ყველაზე განხილვადი საკითხია და მასზე მინდა გესაუბროთ.
ოპოზიციიდან საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ორი პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ერთობა- ნაცმოძრაობა“, კატეგორიულად ამბობს უარს არჩევნებში მონაწილეობაზე.
მიზეზად ქვეყანაში არსებული ავტორიტარული პირობები, გაუარესებული საარჩევნო გარემო და საარჩევნო კანონმდებლობა და ციხეში მყოფი სინდისის პატიმრების არსებობა სახელდება.
„ლელოსა“ და გახარიას პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ბოიკოტი არ მუშაობს და არჩევნებში არმონაწილეობა „ქართული ოცნების“ წინაშე კაპიტულაციას ნიშნავს.
თქვენი აზრით, იმ პირობებსა და ვითარებაში, რომელშიც ვართ, უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში?
– როცა ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის თემა აქტიური განხილვის საკითხი გახდა, ვვარაუდობდი, რომ ეს მეორე პლანზე გადაიყვანდა იმ საკითხებს, რასაც ოპოზიცია ითხოვდა. სამწუხაროდ, ასეც მოხდა.
ახლა, როცა თავად ოპოზიცია და მედია ამ თემას ლამის ყოველ დღე განიხილავს, აზრი არ აქვს ამ საკითხში ნეიტრალური პოზიციის დაკავებას. მაგრამ, როცა ამ თემაზე საუბრობენ, უნდა ვიცოდეთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილოების მიზანი რაა?
ამაზე სრულად არც ერთი მხარე არ საუბრობს. არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ბევრი საკითხია, რომელიც მსჯელობას მოითხოვს.
როცა საუბრობენ, რომ საარჩევნო გარემო არაა თავისუფალი, კანონმდებლობა გაუარესებულია, ვართ იმ ვითარებაში, რომელშიც ვართ, ეს გასაგებია. „ქართული ოცნება“ არა თუ შეეცდება ს შედეგების გაყალბებას, არამედ, მოახლოებულ არჩევნებში გამოიყენებს მთელ თავის შესაძლებლობებს, ფინანსურ რესურსებს, ადამიანურ და ადმინისტრაციულ რესურსებს. ვისაც საჭიროდ ჩათვლიან დააშინებენ, ვისაც შეძლებენ მოისყიდიან და ყველასთან მივლენ. ბევრ ფულს დახარჯავენ, მათთვის ახლა აქტუალურია თბილისის და სხვა დიდი ქალაქების მოგება.
თუ ვინმე არჩევნებში მონაწილეობას იმისთვის ფიქრობს, რომ მანდატები მოიპოვოს, ეს ჩემი აზრით, არასწორი მიდგომა იქნებოდა ამ არჩევნებისადმი. ადგილობრივი არჩევნები უნდა იქნას განხილული არა მანდატების მოპოვების საშუალებად, არამედ ახალი პოლიტიკური პროცესის დაწყების შესაძლებლობად.
ადგილობრივი არჩევნები უნდა იქნას განხილული არა მანდატების მოპოვების საშუალებად, არამედ ახალი პოლიტიკური პროცესის დაწყების შესაძლებლობად
დღეს რეალურად ასეთი სურათი გვაქვს – არსებობს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი და არსებობს ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური სპექტრი. მაგრამ, პრობლემა იმაშია, რომ მათ შორის არანაირი კომუნიკაცია არ არის. ამის კარგი მაგალითია ის, რასაც საღამოობით რუსთაველზე ვხედავთ. საპროტესტო აქციები კი იმართება, მაგრამ, ფაქტია, რომ ამ აქციებზე ხალხმრავლობა აღარაა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზაფხულის თვეები პოლიტიკური აქტიურობის თვალსაზრისით კარგი დრო არაა. არჩევნებში მონაწილეობა საშუალებას იძლევა ოპოზიციამ გააქტიუროს ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი. არჩევნებამდე კომუნიკაცია დაამყარონ მათთან. თუ ამას დღეს შენ ვერ მოახერხებ, შეგიძლია ჩათვალო, რომ არც არაფერი იქნება. თუ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში ფინანსური რესურსების დახარჯვა არც დასჭირდება. პოლიტიკურ ველზე მარტო დარჩება.
არჩევნებში მონაწილეობა საშუალებას იძლევა ოპოზიციამ გააქტიუროს ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი. არჩევნებამდე კომუნიკაცია დაამყარონ მათთან. თუ ამას დღეს შენ ვერ მოახერხებ, შეგიძლია ჩათვალო, რომ არც არაფერი იქნება
ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის არჩევნებში მონაწილეობა პროტესტის გამოხატვის ცივილიზებული საშუალებაა, ამიტომაცაა, ეს ვინმეს უნდა თუ არა, უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.
როდესაც ხელისუფლებას იძულებულს ხდი ფინანსურ ხარჯებზე წავიდეს, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გამოიწვევს ადმინისტრაციული რესურსის გაღიზიანებასაც. ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობა ერთ-ერთი საშუალება თავად ხელისუფლების შიგნით დაიწყოს გარკვეული არაჯანსაღი პროცესები.
ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის არჩევნებში მონაწილეობა პროტესტის გამოხატვის ცივილიზებული საშუალებაა, ამიტომაცაა, ეს ვინმეს უნდა თუ არა, უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში
და კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც უნდა მიიღოს მონაწილეობა ოპოზიციამ არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დაახლოებით 2 ათასი ადამიანი უნდა იქნას არჩეული. როცა ელექტორატს ეუბნები არჩევნები გაგვიყალბეს და ბევრს არ სჯერა, ადგილებზე რეგიონებსა და სოფლებში რომ მოხდება არჩევნების გაყალბება, ადამიანების უმრავლესობა სხვაგვარად შეხედავს ხელისუფლების მიერ ადგილობრივ დონეზეც გაყალბებული არჩევნების შედეგად მინავლებული პოლიტიკური პროცესი ისევ გამოცოცხლდება.
თუ იმასაც შეძლებს ოპოზიცია, რაშიც ეჭვი მეპარება, დიდ ქალაქებში სადაც ოპოზიციამ წინა ადგილობრივი არჩევნები მოიგო, იქ, ოპოზიცია ერთიან და საერთო კანდიდატებზე შეჯერდებიან, მაშინ ეს იქნება ხელისუფლებასთან ბრძოლის ერთ-ერთი კარგი საშუალება.
ხელისუფლების მიერ ადგილობრივ დონეზეც გაყალბებული არჩევნების შედეგად მინავლებული პოლიტიკური პროცესი ისევ გამოცოცხლდება
ოპოზიცია მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით გულწრფელი უნდა იყოს და უთხრას თავის ამომრჩეველს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მანდატებისთვის კი არ იბრძვის, არამედ, ოპოზიციური ამომრჩევლის კონსოლიდაციისთვის.
– ოპოზიციურ სპექტრში ამ თემაზე დიალოგი გაჭედილია. ახლა კეთდება განცხადებები რომ ოპოზიციური პარტიები დიალოგისთვის მზად არიან, მაგრამ, ალბათ აჯობებდა ამ თემაზე ჯერ შეთანხმებულიყვნენ და შემდეგ ემსჯელათ საჯარო სივრცეში.
ფაქტია, რომ ვერც თბილისში და ვერც სხვაგან ერთ კანდიდატზე ვერანაირად ვერ შეთანხმდებიან.
იმ ვითარებაში, რომელშიც ვართ, მთელ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პოლიტიკური გარემოს, მათ შორის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა მოეთხოვათ ალბათ, ეს უფრო უპრიანი იქნებოდა…
– საქმე ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და ყველა შემაკავებელი ფაქტორი მოხსნა. ხელისუფლებას არ აინტერესებს რას ლაპარაკობენ ევროპარლამენტში, ევროკავშირში, ამერიკაში, ასეთ ვითარებაში ცხადია, „ქართული ოცნება“ არანაირ დათმობაზე არ წავა.
ეს რომ ასეა კარგა ხანია ჩანს, ამიტომ ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს.
ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
– ანუ, როცა ოპოზიციის ნაწილი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს, ეს ნიშნავს რომ ისინი უარს ამბობენ პოლიტიკურ ბრძოლაზე?
– არჩევნებში თუ არ მონაწილეობ, გამოდის რომ ბრძოლის ველიდან გადიხარ და ბრძოლაზე უარს ამბობ.
მოახლოებული არჩევნები ოპოზიციას და ოპოზიციურ სპექტრს მისცემს იმას, რომ როგორც მინიმუმ, „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება მაქსიმალური მობილიზება გააკეთოს თავისი რესურსების.
– დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების გარეშე პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება და პარლამენტის ლეგიტიმაცია ვერ მოხდება, მაგრამ, ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა თუ მოახდენს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას, როგორც ამას ბევრი თვლის?
– ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციას ვერ მოახდენს. ვხედავთ, რომ ყველა ჩვენმა პარტნიორმა „ქართული ოცნება“ იზოლაციაში მოაქცია. არც ერთ დემოკრატიულ ქვეყნებს არ უღიარებია „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაცია. ამ თვალსაზრისით, რომ მათ პრობლემები აქვთ, ვხედავთ.
30 წელია გაუაზრებელ ნაბიჯებს ვდგამთ. როგორ შეიძლება ცენტრალური ხელისუფლების ლეგიტიმურობა ადგილობრივი ორგანოების არჩევნებზე გადაწყდეს, გაუგებარია?
– ამ თემაზე მსჯელობისას უცნაურ რამეს ვაწყდებით – „ქართული ოცნება“ ხან მოუწოდებს ოპოზიციას მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, ხან აცხადებს, რომ ყველა მუნიციპალიტეტს მოიგებს, ხანაც და უკვე ხშირადაც იმათზე ვინც განაცხადა, რომ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას ამბობს – დასავლეთიდან, კურატორებისგან ასეთი დავალება მიიღესო.
რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ ყველა შემთხვევაში ერთი შეხედვით წაუგებელ პროპაგანდას ეწევა თავის სასარგებლოდ. ასეა?
– ხელისუფლებას ასეთი ქცევა თავისთვის სჭირდება. „ქართულ ოცნებას“ ასეთი პროპაგანდისტული კურსი აქვს აღებული. ხელისუფლება ლამის ყოველ დღე ამტკიცებს, რომ ოპოზიციას და არასამთავრობოებს დასავლეთი აფინანსებს, რომ დასავლეთს აქ უნდა არეულობა და რევოლუცია, ეროვნების წართმევა და ასე შემდეგ. ცდილობს ყველა ამქვეყნიურ ცოდვაში დასავლეთი დაადანაშაულოს.
„ქართულ ოცნებას“ აწყობს რომ ადგილობრივ არჩევნებში პროდასავლურმა ოპოზიციამ არ მიიღოს მონაწილეობა. ამიტომაც მათთვის ხელსაყრელია ამტკიცონ, – ოპოზიციის ნაწილი იმიტომ იღებს მონაწილეობას არჩევნებში, რომ მათ ამის შესახებ დავალება დასავლეთისგან მიიღეს.
„ქართულ ოცნებას“ აწყობს რომ ადგილობრივ არჩევნებში პროდასავლურმა ოპოზიციამ არ მიიღოს მონაწილეობა
– პარალელურად გახშირდა იმგვარ მტკიცებებზე საუბარი, რომ ოპოზიცია ვინც აცხადებს, რომ უმჯობესია მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, მათ პოლიტიკურ ველზე დარჩენა სურთ და ამიტომაც ამბობენ რომ სურთ არჩევნებში მონაწილეობა.
თქვენთვის რამდენად სარწმუნო და დამაჯერებელია ამგვარი მტკიცება?
– ამგვარი მტკიცება საფუძველს მოკლებულია. თუ ამა თუ იმ პარტიის აქტივი დარწმუნებულია, რომ მათ უმჯობესია არ მიიღონ მონაწილეობა, ისინი თავის აზრზე დარჩებიან.
არაა გამორიცხული იმ პარტიების აქტივმა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ, გადაინაცვლონ იმ პარტიების აქტივში, რომლებმაც უკვე განაცხადეს რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.
მე არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის სასარგებლოდ აზრი იმიტომ გამოვთქვი, რომ არჩევნებში მონაწილეობით ოპოზიციას აქვს შანსი საღათაც ძილიდან ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება რეგიონებში გამოიყვანოს. თუ ოპოზიციამ მონაწილეობა არჩევნებში არ მიიღო, „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგს ისეთს დაწერს, როგორც მას უნდა და ამით ოპოზიცია რომ ვერაფერს მოიგებს, ცხადია.
არჩევნებში მონაწილეობით ოპოზიციას აქვს შანსი საღათაც ძილიდან ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება რეგიონებში გამოიყვანოს. თუ ოპოზიციამ მონაწილეობა არჩევნებში არ მიიღო, „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგს ისეთს დაწერს, როგორც მას უნდა და ამით ოპოზიცია რომ ვერაფერს მოიგებს, ცხადია
„ქართული ოცნება“ რომ ასე მოიქცევა, ეს ჩვენც ვიცით და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა. ისინი ისევე არ აღიარებენ ადგილობრივი არჩევნების შედეგებს, როგორც არ აღიარეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები.
ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის არმონაწილეობა კიდევ ერთხელ გამოიწვევს ოპოზიციური ამომრჩევლის იმედგაცრუებას. რაც ისედაც მინავლებულ პოლიტიკურ პროცესს კიდევ უფრო ჩაკლავს.
– ხელისუფლება რეპრესიებს ამკაცრებს. ამას წინათ მედიასაშუალებებს აზრის გამოხატვის ნორმები დაუწესეს. თუ მედიასაშუალება პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდეს, ხელისუფლებას რეჟიმად მოიხსენიებს, ან მოსამართლეს ოლიგარქის მოსამართლედ, მათ ჯერ გააფრთხილებენ, ხოლო შემდეგ ჯარიმებს დაუწესებენ, თან იმდენს, რაც მათი გაკოტრებაც კი შეიძლება გამოიწვიოს.
უკვე აქტიურად საუბრობენ სოციალურ ქსელში კონტროლის გამკაცრებაზე. ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს სასამართლოებში პროცესები, ვგულისხმობ იმას, რომ სასამართლოებში შეჯიბრებითობის პრინციპს საერთოდ ვერ ვხედავთ, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მოწმედ მოყვანილი პოლიციელები სასამართლოში განსახილველ საკითხზე ვერაფერ ღირებულს ვერც ადასტურებენ.
სამწუხაროა, მაგრამ, ფაქტია, რომ დემოკრატიის შეზღუდვისკენ იდგმება ნაბიჯები.
ასეთი მიდგომებით პოლიტიკური პროცესების მართვა რომ კარგს არაფერს მოიტანს, ეს ჩვენმა უახლოესმა წარსულმაც ნათლად დაგვანახა და იგივე შეცდომებს ხელისუფლება რატომ უშვებს?
საპროტესტო განწყობების სამზარეულოში გადატანამ რომ საბჭოთა ხელისუფლებასაც ვერ უშველა, გვახსოვს…
– „ქართულმა ოცნებამ“ მცოცავი დიქტატურის პოლიტიკის გატარება დაიწყო. ნელ-ნელა ხდება ყველაფრის აკრძალვა, თუ ასე გააგრძელეს შეეცდებიან დიქტატორული რეჟიმის დამყარებას. რა თქმა უნდა, თუ შეძლეს.
რადგან ხელისუფლებას აღარ აინტერესებს „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე დასავლელი პარტნიორების და ვაშინგტონის აზრი, ეს არის გზა იმისკენ, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმი დამყარდეს.
დიახ, როგორც ჩანს, საპროტესტო განწყობებმა სამზარეულოში გადაინაცვლა, მაგრამ როდესაც ადგილობრივ არჩევნებზე და მასში მონაწილეობაზე ვსაუბრობთ, ეს უნდა გავითვალისწინოთ. კარგია, რომ ოპოზიციური ელექტორატი აგრესიული არაა, ასე იყო 2012-ში და სხვა წლებშიც.
საპროტესტო ელექტორატის გააქტიურების ერთ-ერთი საშუალებაა ოპოზიციის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. ამ არჩევნებში ოპოზიციის მიერ მონაწილეობის მიღება თუნდაც ამის გამოცაა აუცილებელი.
პოლიტიკურმა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში არმონაწილეობით „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში ავტორიტარიზმისა და დიქტატურის დამყარების საშუალება არ უნდა მისცეს
თუ როგორ შეძლებს ოპოზიცია ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის გააქტიურებას ადგილობრივი არჩევნებისთვის, ეს არჩევნებში მონაწილე პარტიების წინასაარჩევნო ტაქტიკასა და სტრატეგიაზეა დამოკიდებული.
პოლიტიკურმა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში არმონაწილეობით „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში ავტორიტარიზმისა და დიქტატურის დამყარების საშუალება არ უნდა მისცეს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი