პოლიტოლოგ, ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დაპირებები შეცვალა დაშინებით.
ამით პოლიტოლოგმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს შეაფასა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, წერილიდან გამომდინარე ივანიშვილს შიშის ნიშნები არ ეტყობა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია ერთიანობას ვერ პოულობს.
„ივანიშვილს ძალიან უყვარს ეპისტოლური ჟანრი და ხშირად გვანებივრებს თავისი მიმართვებით და წერილებით. ამ წერილში განსაკუთრებული არაფერი იყო, უბრალოდ ადრე თუ იყო დაპირებები, ახლა წერილი დაშინების კატეგორიას განეკუთვნება, რადგან ამბობს – ახლა თუ რამე შეგვეშალა, იქნება ქაოსი და ა.შ.
რაც შეეხება იმას, ეშინია თუ არა ივანიშვილს, ვერ ვიგრძენი რომ შეშფოთებული იყოს, განსაკუთრებით, იმ ფონითაც, რა ფონიც არის ოპოზიციაში. გარდა იმისა, რომ ოპოზიციაში ერთმანეთს პატივი სცენ ერთმანეთის არჩევანს და ეძებონ გზები ოპოზიციური საზოგადოების გასაერთიანებლად, პირდაპირ მიდიან ოპოზიციურ საზოგადოების გახლეჩაზეც, რაც ხელისუფლებას წისქვილზე ასხამს წყალს“,- განაცხადა ძაბირაძემ.
გარდა ამისა, პოლიტოლოგი „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს და ყოფილი თანაგუნდელების კორუფციის ბრალდებით დაკავებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყოფილი თანაგუნდელების დაკავებას ორი მიზანი აქვს – გუნდის ჩანაცვლება და დაშინება.
„ამ ყველაფერს ორი მიზანი აქვს. ერთი ის, რომ ხდება გუნდის ჩანაცვლება. ეს დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმისთვის. როდესაც ახალი ხელისუფლება მოდის, ძველის გუნდი მთლიანად მიდის. მეორე მიზანია დაშინება – ყოფილების დაშინება. ერთი კი დააპატიმრეს, მაგრამ რადგან ვსაუბრობთ იმაზე, რომ სისტემური კორუფციაა, ეს კორუფცია მოდებულია მთელ სისტემას ამიტომ, ყველა, ვინც ამ კორუფციაში მონაწილეობდა, საფრთხის ქვეშ არის.
ისინი ივანიშვილის კი არ განუდგებიან, პირიქით, შეეცდებიან თავისი ერთგულება დაუმტკიცონ. იმაზე წერილში ივანიშვილი ტყუილად კი არ ლაპარაკობს ღალატზე”,- განაცხადა ძაბირაძემ.
კითხვაზე, ღალატის კონტექსტში ივანიშვილი გიორგი გახარიას ხომ არ გულისხმობს, ძაბირაძე პასუხობს, რომ ივანიშვილის წერილში „ღალატი“ გახარიას არ ეხება, საუბარია კორუფციულ ღალატზე.
მისივე თქმით, ივანიშვილი დაკავებულებსაც გულისხმობს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს ბრალდება უფრო მაღალ დონეზეც ვრცელდებოდეს.
„მე ვფიქრობ, რომ გახარიაზე საერთოდ არ ლაპარაკობს. საუბარია იმაზე, რომ ღალატთან ერთად კომფორტული ცხოვრება მოიწყვესო და ა.შ უფრო კორუფციულ ღალატს გულისხმობს. რა თქმა უნდა, გულისხმობს დაკავებულებს, მაგრამ შესაძლოა გულისხმობდეს უფრო „ზევითაც“. სისტემური კორუფცია ისეთი რამ არის, რომ ყველაზე დაბალი კორუფციონერი დაიჭრიო შეგიძლია მთელ ვერტიკალს აჰყვე ზევით. სადამდეც დასჭირდებათ, მანამდე გაგრძელდება.
როგორც კი ახალი გუნდი ჩამოყალიბდება, კორუფციაზე საუბარი შეწყდება“,- განაცხადა ძაბირაძემ.
