პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიჩნევს, რომ თუ ირანსა და ისრაელს შორის ოპერაცია დროში გაიწელება, საქართველოს ლტოლვილთა „საკმაოდ დიდი” ნაკადი ეყოლება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ძაბირაძემ განუცხადა, საქართველოს ხელისუფლება უნდა ეცადოს მსგავსი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მის გადასაჭრელად გზები მოძებნოს.
„უმძიმესი ვითარებაა ირანში. იმედი მაქვს, სახმელეთო ოპერაციები არ დასჭირდებათ და ამ პრობლემას ისე მოაგვარებენ. არა მარტო აშშ და ისრაელი, არამედ მთელი არაბული სამყარო არის ახლა ამ პროცესში ჩართული, უნდათ თუ არა. მიზნობრივი დარტყმები იყო და ამან შედეგი მოიტანა, მაგრამ ჯერჯერობით, გრძელდება. საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ ვდგავართ არა ჩვენ როგორც სახელმწიფო, არამედ მთელი დემოკრატიული სამყარო. თუ პროცესი ისე განვითარდება, რომ რელიგიური ფუნდამენტალიზმი ირანში ხელისუფლებაში დარჩება, მაშინ ეს იქნება პირდაპირ შეტევა მთლიანად დემოკრატიულ სამყაროზე და ავტორიტარული რეჟიმებისადმი წახალისება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება პროცესები. ღმერთმა დაიფაროს და თუ ასე გაგრძელდება პროცესი, ამან შეიძლება გამოიწვიოს პირდაპირ ტრამპის პოლიტიკის კრახი სრული მასშტაბით, რასაც არ გამოვრიცხავ, რომ იმპიჩმენტი მოჰყვეს. იმედი მაქვს, ყველა რისკი გათვლილია და ისრაელი და აშშ შეძლებენ ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ეს ოპერაცია დროში შეიძლება გაიწელოს. თუ ასეთი საჰაერო დარტყმები დროში გაიწელა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პრობლემაც იქნება ლტოლვილთა საკმაოდ დიდ ნაკადი. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება უნდა ეცადოს, მოძებნოს მის გადასაჭრელად გზები, რადგან სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვექნება. ლტოლვილების საკმაოდ დიდი ნაკადი გვექნება, ამ პრობლემის წინაშე დგას დღეს ქვეყანა უსაფრთხოების თვალსაზრისით. სხვა პრობლემა არის ის, თუ რა იქნება ამ ომის დასრულების შემდეგ. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, მაშინ ეს გავლენას მოახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე, უკრაინის პროცესებზეც და საქართველოშიც სიტუაცია შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს“, – განაცხადა ძაბირაძემ.
ის გამორიცხავს, რომ შეერთებულმა შტატებმა მსგავსი ოპერაცია რუსეთის მიმართ დაიწყოს. თუმცა, ვახტანგ ძაბირაძის განმარტებით, ირანის დამარცხება რუსეთსაც დაასუსტებს.
„ამ მგონია, რუსეთთან დაკავშირებით შტატებმა ასეთი ნაბიჯი გადადგას. თუ ყველაფერი წარმატებით განხორციელდა ირანში, ბუნებრივია, ეს რუსეთსაც დაასუსტებს და საკმაოდ ნოყიერი ნიადაგი შეიქმნება იმისთვის, რომ უკრაინის პრობლემა გადაწყდეს ისე, როგორც ამას სამართალი და რეალობა მოითხოვს. ამ შემთხვევაში, ჩვენც შესაძლოა გარკვეულწილად მოგებული დავრჩეთ, თუნდაც ტერიტორიების და რუსული ჯარის გაყვანის თვალსაზრისით. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. პირველ რიგში, ეს იქნება დარტყმა ყველა ავტორიტარულ რეჟიმზე, თუმცა, ეს იქნება მეორადი დარტყმა პროპაგანდისტული თვალსაზრისით. ეს არამარტო აზიის ამ რეგიონში არსებულ ვითარებას შეცვლის, არამედ მთელ მსოფლიოში არსებულ ვითარებასაც“,- განაცხადა ძაბირაძემ.
მისი განმარტებით, ირანს შეძლო ბირთვულ პროგრამაზე უარი ეთქვა და ეს ოპერაცია თავიდან აეცილებინა, მაგრამ რეჟიმს ძალაუფლების დაკარგვის ეშინოდა.
„ავტორიტარულ რეჟიმებს უკან დახევისა და მანევრირების საშუალება არ აქვთ. ავტორიტარული რეჟიმები მუდმივად იმის შიშში არიან, რომ საზოგადოება ქვეყნის შიგნით ასეთ ლავირებას ხელისუფლების სისუსტედ ჩათვლის. შეეძლოთ ამ ოპერაციის თავიდან აცილება, მაგრამ სწორედ ეს პრობლემა ჰქონდათ. ეშინოდათ, რომ მისივე საზოგადოება ამას სისუსტედ ჩათვლიდა, რასაც მიტინგები მოჰყვებოდა. ეს პროცესი აქ არ გაჩერდებოდა, ირანის რეჟიმი იძულებული გახდებოდა, დათმობებზე წასულიყო და გაეხსნა ადამიანის უფლებათა სივრცე, რაც საბოლოოდ, ძალაუფლების დაკარგვით დასრულდებოდა“,-განაცხადა ძაბირაძემ.
მისი ვარაუდით, უახლოესი 2 კვირის მანძილზე ოპერაცია ვერ დასრულდება.
„მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი სახელისუფლებო ელიტა გაანადგურეს, სისტემა მაინც მუშაობს და იმუშავებს ალბათ მანამ, სანამ ირანი შეიარაღებას არ ამოწურავს. იმედი მაქვს, ირანი გახდება ერთ-ერთი ნორმალური ქვეყანა თავისი ახალი პოლიტიკური შემადგენლობით, თუმცა ეს ძალიან რთული პროცესი იქნება“, – განაცხადა ძაბირაძემ.




