ვახტანგ ძაბირაძე – თამასა მაღლა აიწია და თუ დღეს ღარიბაშვილი და ლილუაშვილი გამართლდებიან, მაშინ უნდა წავიდეს

დიდი ხანია „ქართული ოცნება“ ხალხის მხარდაჭერაზე არ დგას – ის ძალაუფლებას არა ხალხის მხარდაჭერის, არამედ სისტემის ხარჯზე ინარჩუნებს! ხელისუფლება ცდილობს როგორც ოპოზიციას, ასევე ხალხს სტრუქტურის ეფექტურობა დაუმტკიცოს, – აღნიშნული შეფასება პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გააკეთა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების ჩხრეკასთან დაკავშირებით ძაბირაძემ განაცხადა, რომ თამასა მაღლა აიწია და „თუ დღეს ლილუაშვილი და ღარიბაშვილი გამართლდებიან, მაშინ უნდა წავიდეს“.
მისივე თქმით, ღარიბაშვილმა და ლილუაშვილმა მშვენივრად იციან, როგორ მუშაობს სისტემა და მთლიანად იმაზე არიან დამოკიდებული, თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს .
„კორუფციის დამარცხებას მხოლოდ ვიღაცის დაპატიმრებები არ ჰყოფნის. მთლიანად სისტემაშია ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები შესატანი, რის გაკეთებასაც „ქართული ოცნება“ არ აპირებს და არც ეცდება. კლანის ჩანაცვლება ხდება, ხოლო კორუფციის დამარცხება არის საშუალება, რომ გახდე პოპულარული მოსახლეობაში და ძველი გუნდი პოლიტიკიდან უმტკივნეულოდ ჩამოიშორო.
თუ და მისი გუნდი გაზაფხულამდე ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებს, მაშინ ეს მათ სასარგებლოდ ძალიან კარგად იმუშავებს.
კორუფციასაც აქვს თავისი არადეკლარირებული წესები და თუ ამ წესს გადადიხარ, მიუღებელი ხდები სისტემისთვისაც და იმ უფროსისთვისაც, ვისზეც მუშაობ. დოზირებული კორუფცია დასაშვები და მისაღებია, მაგრამ ზღვარგადასული კორუფცია უკვე მტკივნეულია თავად იმ ხელისუფლისათვის, ვისი ერთგულიც ხარ.
დარწმუნებული ვარ, რომ ღარიბაშვილი და ლილუაშვილი ივანიშვილის ერთგული არიან, მაგრამ როგორც ჩანს, ზღვარს გადავიდნენ. იმდენად თვალში საცემი იყო მათი არაპოპულარობა მოსახლეობაში, როგორც ჩანს, თანამდებობებზე მათი შენარჩუნება შეუძლებელი იყო. ამიტომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ამასთან, კობახიძე და მისი გუნდი აქამდე მეთვალყურე იყო, ბუტაფორიის როლს ასრულებდნენ და მათ რეალური ძალაუფლება მოუნდათ. ეს ორი ფაქტორია, რის გამოც ეს ყველაფერი მოხდა.
როგორც ჩანს, ხელისუფლება ლილუაშვილთან და ღარიბაშვილთან დაკავშირებით ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და არც ისინი არიან ჩამოყალიბებული – მათ ან უნდა აღიარონ, რომ კორუფციაში მონაწილეობდნენ ან უნდა თქვან, რომ ეს ყველაფერი ბლეფი და ტყუილია. ამიტომაც საჯაროდ გამოსვლას ერიდებიან, რადგან თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ მათ ციხე შეუფარდოს, ფიქრობენ, რომ ზედმეტი აქტიურობა მათ სასჯელს დაამძიმებს. ამიტომაც ბუნებრივად სწორი პოზიციაა, რომ არიან ჩუმად. მათ მშვენივრად იციან, როგორ მუშაობს სისტემა და მთლიანად იმაზე არიან დამოკიდებული, თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი. როგორც ჩანს, მაინც აქვთ იმედი, რომ ივანიშვილს ბოლო მომენტში გული მოულბება.
თამასა მაღლა აიწია, მიდის მათი გარემოცვის მოძიება. თუ დღეს ლილუაშვილი და ღარიბაშვილი გამართლდებიან, მაშინ კობახიძე უნდა წავიდეს – სხვანაირად არ გამოდის.
დღევანდელ ვითარებაში ხელისუფლებას ასევე თავისუფლად შეუძლია, რომ ღარიბაშვილის და ლილუაშვილის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირების მიმართულება აამუშაოს და მიაკეროს, რომ ისინი ამაში მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა, ნორმალური გამოძიება არ ჩატარდება, არც პროკურატურა მოიკლავს თავს და არც – სასამართლო. თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ესენი 4 ოქტომბრის მოვლენებთან უნდა იყვნენ დაკავშირებული, მაშინ ამის დამამტკიცებელი „ფაქტები“ მოიძებნება“, – განაცხადა ძაბირაძემ.
ძაბირაძის შეფასებით, საჭიროა ოპოზიციამ მეტი იფიქროს და მეტი იმუშაოს.
„ხელისუფლება მშვიდად არის იმიტომ, რომ სტრუქტურა მუშაობს და ცდილობს, სტრუქტურის ეფექტურობა დაუმტკიცოს როგორც ოპოზიციას, ასევე მოსახლეობას.
როდესაც ხელისუფლება დაყრდნობილია სტრუქტურაზე და ძალაუფლების სტრუქტურის ძალით ინარჩუნეს, ასეთ შემთხვევაში ოპოზიციის საყრდენი ხალხი უნდა იყოს.
ოპოზიცია მარტო იმიტომ კი არ არის ამ დღეში, რომ რაღაც არასწორ ნაბიჯებს დგამს, ის პროპაგანდისტულადაც აგებს.
ნებისმიერი პროტესტი გარკვეული დროის შემდეგ ეფექტურობას და ძალას კარგავს და ჩვეულებრივ რუტინულ მოვლენად იქცევა. ამდენად როდესაც ვლაპარაკობთ, რომ უნდა შევინარჩუნოთ რუსთაველი, მარტო რუსთაველი არ ყოფნის. ამიტომ საჭიროა ოპოზიციამ იმაზე იფიქროს, რომ პროტესტი რუსთაველიდან გავიდეს. შეიძლება რუსთაველზე ყოველ დღე 200-300 კაცი მივიდეს და ქუჩა კი არ გადაკეტოს, არამედ გააპროტესტოს, მაგრამ თუ პროტესტი მხოლოდ რუსთაველზე გაგრძელდება და ის რეგიონებში არ გადაინაცვლებს, ოპოზიცია ამით ვერაფერს მოიგებს“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
რაც შეეხება რიგი ოპოზიციური პარტიების და პოლიტიკოსების საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აკრძალვის ინიციატივას და „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ საკონსტიტუციო სარჩელს, ძაბირაძის თქმით, აკრძალვის რეალური საფრთხე მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ემუქრება და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობა 2“-ს შექმნის.
„ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ველზე იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე მათი აკრძალვა. „ქართული ოცნება“ 12-13 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორს მშვენივრად იყენებს და ახლა რატომ გადადგამს ასეთ არასერიოზულ ნაბიჯს? რაც შეეხება კონკრეტულ პირებს, შეიძლება ერთი ორი კაცი საჩვენებლად იყოს სარჩელში“, – განაცხადა ძაბირაძემ.