“მოსახლეობის 90% პროდასავლურია თავისი არსით და გაგებით, “ქართული ოცნება” კი ჯიუტად ცდილობს დაარწმუნოს, რომ კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” სულ არ ჰგავს რუსულს. მხოლოდ სტუდენტებსა და პოლიტიკურ ოპონენტებს შორის კი არა, საერთაშორისო საზოგადოებაში არ არსებობს ვინმე, ვინც ჩვენი ხელისუფლების პოზიციას იზიარებდეს, მაგრამ “ოცნება” მაინც თავისას გაიძახის!” – ამბობს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი:
– სასწაული ხდება, ოპოზიციისთვის ამაზე დიდი საჩუქრის გაკეთება წარმოუდგენელია! ადგა მთავრობა და არჩევნებამდე 6 თვით ადრე გამოაგდო რუსული კანონი და მთელ დასავლეთს დაუპირისპირდა.
– რა შეიძლება იყოს მიზანი?
– სანდრო რაქვიაშვილის ვერსიას ვიზიარებ – ჩანს, ამერიკელებმა ბიძინა ივანიშვილს მოსამართლეებთან დაკავშირებული ძალიან სერიოზული პირობა წაუყენეს, ვეტინგს ვგულისხმობ. ივანიშვილისა და “ქართული ოცნებისთვის” კი სასამართლოზე გავლენის დათმობა ხელისუფლების დათმობის ტოლფასია. არ მჯერა იმ მოსაზრების, რომ ამ კანონის მიღება “ოცნებას” რუსებმა დაავალეს. თუ ვამბობთ, რომ “ქართული ოცნება” პრორუსული მთავრობაა, მაშინ რა ლოგიკაა იმაში, რომ კრემლი მისდამი ლოიალურად განწყობილ ხელისუფლებას პრობლემას უქმნის? არჩევნებამდე 6 თვით ადრე ასეთი რამის გაკეთება იმდენად აუხსნელია, რომ სახტად ვარ დარჩენილი. ალბათ, ჩვენ რაღაც არ ვიცით. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ ეს ამბავი ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.
– ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?
– დაჩქარებული წესით მიღებული კანონი, რომელიც უცხოური ოფშორებიდან საქართველოში ქონების დაუბეგრავად გადმოტანას შეეხება. როგორც ჩანს, ივანიშვილი რაღაცისთვის ემზადება. ეს კანონი ბევრად მძიმეა, ვიდრე ეს ე.წ. რუსული კანონი და, დიდი ალბათობით, საქართველოში ოფშორებიდან ქონების გადმოტანას უკავშირდება. საოცარ რაღაცებს აკეთებენ და თანაც ყველაფერს წინასაარჩევნოდ. წესითა და ყველა ლოგიკით ხელისუფლებამ არჩევნები უნდა წააგოს, მაგრამ ამის იმედი არა მაქვს, ვინაიდან ოპოზიციის მხარეს სრული ქაოსია. შეიძლება ითქვას, ოპოზიცია არაორგანიზებულობით, გაურკვევლობით, ცენზურით, ხელისუფლების მხარესაა. გავიგეთ, რომ ხელისუფლებაში ან მოღალატეები არიან, ან გიჟები, ან უბრალოდ, ივანიშვილი ინდივიდუალურად უყვართ. მოკლედ, რთული სათქმელია, რა ხდება მთავრობაში, შეიძლება რაღაც დიდი საიდუმლოც არის, რასაც ვერავინ ვიგებთ, მაგრამ ფაქტია, მთავრობაში რაღაც ვერ არის რიგზე.
ახლა ოპოზიცია მართლა ხელისუფლების გადაბარებასა და ქვეყანაში დასავლური კურსის გატარებაზე რომ ფიქრობდეს, ხალხს უნდა უხსნიდეს, როგორ გაგრძელდება საქართველოში ცხოვრება არჩევნების შემდეგ. ოპოზიცია კი რას შვრება? დაკავებულია რაღაც სისულელეებით, არადა, ოპოზიციამ ხალხი უნდა დაარწმუნოს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში ქვეყანაში უბედურება კი არ მოხდება, პირიქით, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ამის ნაცვლად ოპოზიციონერი ლიდერები ყველაფერს აკეთებენ, რომ ექსტრემისტებად წარმოჩნდნენ.
– ქუჩაში ახლა ძირითადად სტუდენტები გამოდიან. ეს გარკვეული კომპლექსითაც ხომ არ არის განპირობებული, იქნებ ოპოზიციონერ ლიდერებს შიში აქვთ, რომ მათი გამოჩენით პროცესი დაზიანდება?
– იმდენი ტყუილი აქვთ ნათქვამი, რომ ამხელა მასას ვერ ეჩვენებიან. ხალხი ოპოზიციის მხარდამჭერად კი არ არის გამოსული, ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებს. შეიძლება პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერიც იყოს მისული. იმისთვის, რომ ოპოზიციამ ეს ხალხი საკუთარ მხარდამჭერებად გადააქციოს, ის მაინც უნდა ახსნან, რას ნიშნავს მათთვის დასავლეთი და ამით საკუთარი იდენტიფიკაცია მოახდინონ. გასულ წელს პარლამენტმა 640 კანონი მიიღო და თითოეულის დასაბუთება ის კი არ იყო, რომ ეს საქართველოს სჭირდებოდა, არა, ევროკავშირი გვთხოვსო. ჩვენ ჯერ კიდევ გასარკვევი გვაქვს, რას მივიჩნევთ პროდასავლურ ნაბიჯებად.
– და რა არის პროდასავლური ნაბიჯი.
– ჩემთვის მთავარი პროდასავლური ნაბიჯია, სასამართლოს რეფორმირება. ახალმა ხელისუფლებამ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები უაპელაციოდ ციხეში არ უნდა ჩასვას, ან საკუთრება არ უნდა ჩამოართვას. აქედანვე უნდა შევთანხმდეთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაბალანსებული მმართველობა გვექნება, ივანიშვილის და მისი ხალხის ბედს ხელისუფლება კი არა, დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტს. “ოცნების” პროპაგანდა არ შეცვლილა, ისევ ძველებურად ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ ოპოზიციაში ყველა “ნაცია” და თუ ესენი არჩევნებს მოიგებენ, რევოლუციას მოაწყობენ და ხელისუფლებაში ისევ მიშა მოვა. ამიტომ პასუხია გასაცემი, მოდის თუ არა მიშა ხელისუფლებაში და თუ მართლა მოდის, რას ვაკეთებთ ისეთს, რომ ერთმა ერთპიროვნულმა მმართველმა მეორე ერთპიროვნული მმართველი არ ჩაანაცვლოს. სხვათა შორის, მან ერთი კარგი განცხადება გააკეთა, ოპოზიციას მიმართა, საერთო ნომრით გავიდეთ არჩევნებზეო. კარგია თუ ოპოზიცია საერთო ნომრით გავა, სამაგიეროდ ჩვენ დავრჩებით ერთადერთ პოლიტიკური ძალად, რომელიც არც “ქოცია” და არც “ნაცი”.
– რაზე შეიძლება გაურიგდეს “გირჩი” “ოცნებას” ან “ნაცებს”?
– ჩვენ იმის მხარეს გადავიხრებით, რომელიც ჩვენს პოზიციას გაიზიარებს სასამართლოს რეფორმის თაობაზე. ამასთან, გვჭირდება დაზღვევა როგორც სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობისგან, ასევე ივანიშვილის ერთპიროვნული კონტროლისგან. შესაბამისად, რომელიც უფრო სრულფასოვნად წამოვა ამ დათქმებზე, მასთან ვითანამშრომლებთ.
– თუ ორივემ მოგცათ ასეთი დათქმა?
– მაშინ მეორე საკითხს, ანუ სახელმწიფოს პრივატიზაციის საკითხს დავაყენებთ – საბჭოთა კავშირის დროს ხალხისთვის ჩამორთმეული საკუთრება ისევ ხალხს უნდა დაუბრუნდეს. ეს არის ჩვენი ორი იდეა, რომლებსაც აუცილებლად გამოვიტანთ სავაჭროდ, თუ ჩვენ ამომრჩეველი საამისო მანდატს მოგვცემს.
– უახლოეს მომავალში პროცესების როგორ განვითარებას ელით?
– ძალიან ბევრი რამ არის აუხსნელი. რეალურ ინფორმაციას და ფაქტებს მხოლოდ საზოგადოება კი არა, პოლიტიკოსებიც მოკლებული ვართ. ძირითადად, ვცდილობთ გამოვიცნოთ, რა შეიძლება ჰქონდეს ჩაფიქრებული ბიძინა ივანიშვილს. ამას ზოგჯერ ვახერხებთ, ზოგჯერ ვერა. უმთავრესად, იმ კანონპროექტების შინაარსიდან ვაკეთებთ დასკვნებს, რომლებსაც “ოცნება” აინიცირებს. ამიტომ ვამბობ, დავანებოთ “ოცნებას” თავი და ოპოზიციამ საკუთარ საქმეს მივხედოთ.