ვახტანგ კაჭარავა „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტს და კომპანიას ტოვებს

ვახტანგ კაჭარავა „ ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტს და კომპანიას ტოვებს – შესაბამისი პოსტი მან Linkedin-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
Tegeta Holding-ში ხელმძღვანელ პოზიციებზე საკადრო ცვლილების შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში გახდა ცნობილი, როდესაც ეკა ქავთარაძემ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ „თეგეტა ჰოლდინგში“ აღმასრულებელ ოფიცრის პოზიციას დაიკავებდა. მან ამ პოზიციაზე სწორედ ვახტანგ კაჭარავა შეცვალა.
რამდენიმე დღის წინ Linkedin-ზე გამოქვეყნებული პოსტში კი ვახტანგ კაჭარავა კომპანიაში მუშაობისას მიღებულ გამოცდილებასა და იმ მიღწევებზე საუბრობს, რომელიც მისი 12-წლიანი ხელმძღვანელობის დროს „თეგეტას“ ჰქონდა. ის არ აღნიშნავს სად გააგრძელებს მუშაობას, თუმცა სოციალურ გვერდზე აღნიშნულია, რომ კაჭარავა რიტეილ სექტორში გააგრძელებს მოღვაწეობას და ის კომპანია Grossmann-ის დამფუძნებელია, რომელიც სამშენებლო მასალების რეალიზებით სპეციალიზდება.
„დაუჯერებელი მოგზაურობა..

12 დღე რჩება ჩემი 12 წლიანი დაუჯერებელი მოგზაურობის დასრულებამდე, ვტოვებ თეგეტას, გუნდს, სადაც 12 წელი ვიმუშავე.
რატომ არის ეს დაუჯერებელი? იმიტომ რომ:
12 წლის წინ მისული უბრალო გაყიდვების კონსულტანტი ქვეყნის ტოპ-3 კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გავხდი
12 წლის მანძილზე არასდროს მომიწყენია ან მომბეზრებია „თეგეტაში“ მუშაობა, ვიყავი 12 პოზიციაზე და მივიღე ფასდაუდებელი გამოცდილება ბიზნესის მართვაში. (მერწმუნეთ, ამას ვერცერთ ტოპ-უნივერსიტეტში ვერ იპოვით).
ჩვენ შევქმენით ტრენდი და „თეგეტა“ გახდა ბენჩმარკი.
საქართველოს სახელი გავიტანეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
შევქმენით ჩვენს პარტნიორებთან ერთად საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის კონცეფცია და ავამუშავეთ ეს 10-ზე მეტ გლობალურ საავტომობილო მწარმოებელთან.
ჩვენმა გუნდმა უპრეცედენტო შედეგები დადო როგორც ჩვენს პირდაპირ საქმეში ისე ფინანსებში კაპიტალის ბაზარზე, მარკეტინგში, სტრატეგიულ კომუნიკაციაში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობაში თუ ტექნოლოგიურ მიღწევებში.
ცალკე საკითხია ის ინფრასტრუქტურული ხარისხის თამასა, რასაც ჩვენი ობიექტები წარმოადგენს.
მსოფლიოს ტრენდს ფეხი ავუწყეთ და ბევრ ევროპულ ქვეყანას გავასწარით მწვანე ინიციატივებით, იქნება ეს ალტერნატიული ენერგიის გამოყენება, გადამუშავება თუ ქვეყნის ავტო ფლოტის ელექტრიფიცირება. ცალკე ამბავია ქალთა გაძლიერება და ის ინიციატივები რაც ჩვენ გავაკეთეთ.
„თეგეტამ“ ნამდვილად შეძლო საავტომობილო ინდუსტრიული რევოლუციის მოხდენა საქართველოში და არამხოლოდ, მჯეროდა და მჯერა იდეის, რომ ეს არის უნიკალური საავტომობილო ეკოსისტემა, რომელსაც ანალოგი არ აქვს, ჯერ კიდევ წინ ბევრი გამოწვევა, თუმცა ცალსახაა გუნდის მიერ ბოლო ათწლეულში დადებული შედეგი, რომელიც ღირსეული გაგრძელება იყო 30 წლის წინ დაწყებული ამბიციური იდეის. ამ ყველაფრისთვის და არამხოლოდ, მადლიერი ვარ თითოეული თეგეტელის, მეამაყება, რომ მქონდა შესაძლებლობა მათ მხარდამხარ ყოველდღიურად გვეზრუნა ქვეყნის კეთილდღეობაზე. იშვიათად თუ შეხვდები ამდენ მცოდნე, გულანთებულ და გონებაგახსნილ ადამიანს ერთად, რამდენიც თეგეტაშია.
გაუმარჯოს იდეას „თეგეტა“ !!!

ეს თავი აქ მთავრდება, წინ ახალი მოგზაურობაა…“ – წერს ვახტანგ კაჭარავა.