ვახტანგ გომელაური – 2023 წელი კრიმინალური პოლიციის რეფორმის მიმართულებითაც მნიშვნელოვანი იყო – ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებები შსს-ს ყველა ტერიტორიულ ორგანოში გაიმიჯნა

2023 წელი მნიშვნელოვანი იყო კრიმინალური პოლიციის რეფორმის მიმართულებითაც – ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებები სრულად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ტერიტორიულ ორგანოში გაიმიჯნა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, რეფორმის ფარგლებში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო.
„რეფორმის ფარგლებში, გამომძიებლის ფუნქცია-მოვალეობებად განისაზღვრა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და მას სრულად ჩამოშორდა სხვა საპოლიციო ვალდებულებები, რაც გამომძიებელთა საქმიანობის ეფექტურობაზე აისახება. ამავე რეფორმის ფარგლებში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო. მოგეხსენებათ, რაჭაში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, ინფრასტრუქტურა განვითარდა, რამაც საჭიროება პოლიციის ცალკე დანაყოფის შექმნის გააჩინა. რაჭის პოლიციის დეპარტამენტი 2007 წელს გაუქმდა და მას შემდეგ ცალკე დანაყოფად აღარ ფუნქციონირებდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.