ვახტანგ გომელაური პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გენარალურ პროკურატურაში, გამოკითხვაზეა დაბარებული.
ის პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ, 17 საათისათვის მივიდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი მინისტრი ე.წ. ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოიკითხება.
2019 წელს, ქართულ სოფელ ჩორჩანაში, ოკუპაციის ხაზთან ახლოს, პოლიციის საგუშაგოს აშენების გამო „ქართული ოცნება“ ყოფილ თანაგუნდელს, ყოფილ შს მინისტრსა და პრემიერს, გიორგი გახარიას, ადანაშაულებს.
იმ პერიოდში, 2019 წლის აგვისტოში, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტს იკავებდა.
ჩორჩანის საგუშაგოს საკითხს განიხილავს სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიაც.
“ქართული ოცნების” პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთა თქმით, გიორგი გახარიამ მათი ხელისუფლების პირობებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, პოლიციის საგუშაგო ყველას უგულებელყოფით, თვითნებურად ააშენა და ახალი ომი საფრთხე შექმნა.
გახარიამ გამოკითხვისას თქვა, რომ შესაძლოა ახლა გადათქვან, მაგრამ მაშინ „ყველამ ყველაფერი იცოდა“ და რომ 2019 წლის აგვისტოში დრო არ ითმენდა, „დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო.
გიორგი გახარია პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ აპრილში გამოკითხა.
პროსახელისუფლებო მედია მაშინ აქტიურად გადასცემდა ცნობებს იმის შესახებ, რომ საგუშაგომ საოკუპაციო ხაზთან ვითარება დაამძიმა და გახარიამ ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირება მოახდინა.
კომისია ჩორჩანის საგუშაგოს საკითხს რამდენიმე დღის წინ კვლავ დაუბრუნდა. 11 ივნისს, სხდომაზე დაბარებული ელგუჯა ხარაზიშვილი კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა რამდენჯერმე წარადგინა ჩორჩანის მკვიდრად. თუმცა, აღმოჩნდა რომ კაცი სოფელ წაღვლიდან იყო.
ელგუჯა ხარაზიშვილის მონათხრობით: ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შემდეგ, ადგილობრივები ვეღარ შედიან წაღვლის ტყეში, რადგან სიღრმეში შემოჭრილმა საოკუპაციო რეჟიმმა თავისი საგუშაგოც გახსნა და ტყის ნახევარი მიიტაცა.
ხარაზიშვილს არაფერი უთქვამს, თუ რა პრობლემების წინაშე იდგა სოფელი ჩორჩანა, საგუშაგოს გახსნამდე და რას ფიქრობენ ჩორჩანელები ახლა.
ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა მიმდინარე წლის 28 მაისს დატოვა. ის 2024 წლის დეკემბრიდან ვიცე-პრემიერიც იყო. როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, მან გადაწყვიტა ოჯახს მეტი დრო დაუთმოს.
გომელაური -ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სახელმწიფოების მიერაა სანქცირებული ადამიანის უფლებების ხელყოფისა და მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე პოლიციის ძალადობის გამო.
ფორუმი