ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?

ძალიან კარგად ვუხდით ხელფასს… ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს. ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს? – ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კითხვას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფრო ზვიად ხარაზიშვილისა და მის მოადგილისთვის, მილერი ლაგაზაურისთვის დაწესებულ სანქციებზე.
ვახტანგ გომელაური ტვ „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არ აკონკრეტებს რომელ ბანკში იღებენ ხელფასს ხარაზიშვილი და ლაგაზაური.
„ძალიან კარგად ვუხდით ხელფასს, ძალიან კარგად… ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს. ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს? [რომელი ბანკი ემსახურება] რა მნიშვნელობა აქვს? მე არ ვარ ვალდებული ყველა თანამშრომელზე ვიცოდე რომელ ბანკში იღებენ. ეგ არის ინდივიდუალური“, – განაცხადა გომელაურმა.
ამასთან, კითხვაზე გაქვთ მოლოდინი რომ სანქცირებულთა სიაში იქნებით? -გომელაური პასუხობს: „არ მაქვს პრობლემა ჩემი სამშობლოს გულისთვის ვაკეთებ ყველაფერს, ჩემი ქვეყნის გულისთვის. ვფიქრობ შეცდომაა და მოიხსნება ეს ყველაფერი, რაც განაცხადა [-ის სახელმწიფო] დეპარტამენტმა“, – განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები 16 სექტემბერს დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება” და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს