ვახო სანაია: ძალიან რთულ პერიოდს გავდივართ, მაგრამ ერთად ძლიერები ვართ. დარწმუნებული ვარ საბოლოო გამარჯვებაში და მგონია, წარმოუდგენლად ძლიერები გამოვალთ ამ ბრძოლიდან

“რაღაც ფრაზებს, რომელიც სულ გესმის და ექოდ მოგყვება მთელი ცხოვრება, თითქოს გაცვეთილიცაა, ახლა მთელი სიმძაფრით შევიგრძნობთ. თუ ქვეყანაში უბედურებაა, ვერც შენ იქნები კარგად – ბევრჯერ მოგვისმენია ეს სიტყვები. ჩვენც გვითქვამს, სხვისგანაც გვსმენია. აღმოჩნდა, რომ სრული ჭეშმარიტებაა. არ მახსოვს, ბოლოს როდის ვნახე გულით გახარებული და ბედნიერებისგან გაბადრული ადამიანი. პიროვნული სიხარული სადღაც უკან გადადის, უხერხულიც კი გახდა, მაგრამ ის გვაძლევს ძალას, რომ დანებებას არავინ ვაპირებთ. დამარცხებას არავინ უშვებს. არ ვიცი, თქვენთან როგორაა, მაგრამ ჩემ გარშემო ერთ დღეს ვიღაცას შემოაწვება პესიმიზმი, მაგრამ მეორე დღეს ის ყველაზე ოპტიმისტია. ვინც დღეს იყო გასამხნევებელი, ხვალ სხვას ამხნევებს. ვიღაც, რომ იტყვის, ყველაფერი კარგად იქნებაო – ამ თითქოს ბანალურ სიტყვებსაც უზარმაზარი ძალა აქვს. ძალიან რთულ პერიოდს გავდივართ, მაგრამ ერთად ძლიერები ვართ. დარწმუნებული ვარ საბოლოო გამარჯვებაში და მგონია, წარმოუდგენლად ძლიერები გამოვალთ ამ ბრძოლიდან და ისეთი ტემპით წავალთ წინ, ჩვენც გაგვიკვირდება,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია.