ვაჭრობის სექტორი II კვარტალში გაყიდვების ზრდას ელის – BAG ინდექსი

საქართველოს ბიზნესასოციაციის BAG ინდექსის თანახმად, ვაჭრობის სექტორი II კვარტალში გაყიდვების ზრდას ელის.
მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის I კვარტალში გაყიდვების შემცირებას კომპანიათა მაღალი წილი სწორედ ვაჭრობის, მომსახურებისა და მრეწველობის სექტორებში (35%-დან 43%-მდე შუალედში) აფიქსირებდა, II კვარტალისთვის კომპანიებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ. მათ შორის, ყველაზე პოზიტიური მოლოდინი ვაჭრობის სექტორში ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ BAG-ინდექსის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში, 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება ვაჭრობის სექტორში 15.7 ქულით გაუარესდა და ყველაზე დაბალი შეფასება ბიზნესის მდგომარეობის შესახებ სწორედ ვაჭრობის სფეროს ჰქონდა.
რაც შეეხება ბიზნესკლიმატს და ბიზნესის მოლოდინებს ვაჭრობის სფეროში, როგორც ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების გამოკითხვებიდან ირკვევა, 2025 წლის I კვარტალში 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გაუარესებულია ყველა სექტორში და მათ ვაჭრობის სექტორში 22 ქულით, რაც უკავშირდება ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასების გაუარესებას.
გამონაკლისია ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი, რომელიც 21.1 ქულით გაუმჯობესებულია ვაჭრობის სექტორში და სხვათა შორის ყველაზე პოზიტიური ბიზნესის მოლოდინი ვაჭრობის სფეროში აქვთ.
რაც შეეხება 2025 წლის II კვარტალის მოლოდინს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ, ყველაზე პოზიტიური შეფასებით, ვაჭრობის სექტორი გამოირჩევა BAG ინდექსის თანახმად.
ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ხუთი ძირითადი ფაქტორიდან, BAG-ინდექსის თანახმადვე, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა განსაკუთრებით პრობლემურია ვაჭრობის სექტორში (78%) და მცირე ბიზნესისთვის (42%).
2025 წლის I კვარტალში BAG-ის წევრი გამოკითხული კომპანიების 64%-მა განაცხადა, რომ 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, მათ მიერ ჯამურად განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება. უშუალოდ ვაჭრობის სექტორში კი, კომპანიათა 61% გეგმავს ჯამური ინვესტიციების ზრდას.