„ვაშლიჯვარს მოჭრილი აქვს ფუძე – ნებისმიერმა ხელის ხლებამ შეიძლება გამოიწვიოს მეწყრის ამოძრავება“
„ნებისმიერმა ხელის ხლებამ შეიძლება გამოიწვიოს მეწყრის ამოძრავება – ვაშლიჯვარს მოჭრილი აქვს ფუძე“, – ამის შესახებ გეოლოგმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია მთლიანად მეწყრული ფერდია, რომელიც შეიძლება, მიწისძვრის, დიდი ნალექის, მშენებლობების, კომუნიკაციებისა და თუ სანიაღვრე სისტემების გაყვანის შედეგადაც კი დაიძრას.
აქვე შეგახსენებთ, რომ ვაშლიჯვარში, ნაპრალები ჯერ კიდევ გასულ წელს, იქ მიმდინარე მშენებლობების პარალელურად გაჩნდა.
“მე არ მგონია, რომ ვაშლიჯვართან მიმართებით რამე შეცვლილიყო. ის გზა, რაც იქ არის გაყვანილი, მეწყრის თავზე გადის და მეწყერს ჩაუჭრეს ფუძე.
მე ვიცი ერთი რამ, ეს არის მთლიანად მეწყრული ფერდი, რომელიც უკვე ათობით ათასი წელი არის წონასწორობაში გარემოსთან. ნებისმიერმა ხელის ხლებამ შეიძლება გამოიწვიოს მეწყრის ამოძრავება. რამდენად არის ვაშლიჯვრის მეწყერი დაზიანებული, სამწუხაროდ ინფორმაცია არ მაქვს.
რა დღეშიც ახლა არის, როდესაც მოჭრილი აქვს ფუძე, არ ვიცი იქ რისი გაკეთება შეიძლება… საერთოდ, მეწყერი ისეთი რამეა, როდესაც მიდის, მერე რაღაც დაბრკოლებას აწყდება და ჩერდება, მოდის წონასწორობაში. მეწყერს ამ დაბრკოლებას თუ მოაშორებ, მან შეიძლება დაიწყოს ისევ მოძრაობა. აი სწორედ ეს ფუძე არის მოჭრილი და გზა გაყვანილი. თავის დროზე, საქართველოს სამხედრო გზა ისე იყო გაყვანილი, რომ მეწყერს არ შეხებიან მშენებლები, რადგან ჩვენი სპეციალისტები ერთ-ერთი საუკეთესო იყვნენ მსოფლიოში. მეწყერს მთლიანად აარიდეს. ვგულისხმობ, ახლანდელ აღმაშენებლის ხეივანს და ა.შ.
რაც შეეხება მეწყრის დაძვრას, ამის პროვოცირება ბევრმა რამემ შეიძლება მოახდინოს, მიწისძვრამ, დიდმა ნალექმა, ჭარბმა მშენებლობებმა, კომუნიკაციების თუ სანიაღვრე სისტემების გაყვანამ და ა.შ.“- ამბობს ალექსანდრე თვალჭრელიძე.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
