ვაშინგტონში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცი კრიტიკულ მდგომარეობაშია, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კეშ პატელმა განაცხადა.
ჯარისკაცებზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი „მაღალი ხილვადობის პატრულირებას“ ახორციელებდნენ. თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ის დაჭრილია და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცავი ორგანოების წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი არ თანამშრომლობს გამომძიებლებთან და დაკავების დროს თან არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პოლიციის ცნობით, ამჟამად დაკავებულის გარდა სხვა ეჭვმიტანილები არ არიან. გამოძიების ფედერალური ბიურო მიიჩნევს, რომ მსროლელის თავდაპირველი იდენტიფიკაცია ემთხვევა მამაკაცს, რომელიც აშშ-ში ავღანეთიდან 2021 წელს ჩავიდა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ სროლის მოტივი უცნობია.
მომხდარის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის კიდევ 500 ჯარისკაცის განლაგება მოითხოვა.




