რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის მხარდასაჭერად მსოფლიოს 23 ქვეყნის ლიდერებმა, ევროკავშირის ხელმძღვანელებმა და უკრაინის პრეზიდენტმა გააფორმეს ახალი შეთანხმება Ukraine Compact. დოკუმენტს ხელი მოეწერა ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე, რომელმაც მუშაობა 11 ივლისს დაასრულა.
Ukraine Compact-ის მიზანია კოლექტიური ძალისხმევის დაჩქარება უსაფრთხოების სფეროში უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ხელმომწერი სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ განაგრძონ უკრაინის დახმარება თანამედროვე სამხედრო ტექნიკით, უკრაინის თავდაცვის ძალების მომზადება და სამხედრო მრეწველობის მხარდაჭერა. დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს ომის დასრულების შემდეგ, უკრაინაზე რუსეთის ხელახალი თავდასხმის შემთხვევაში, მაღალი დონის სწრაფ და კოლექტიურ შეკრებას, უკრაინის მხარდასაჭერად შესაბამისი ნაბიჯების გადასადგმელად.
Ukraine Compact-ს ხელი მოაწერეს ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, კანადის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, იტალიის, იაპონიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, შვედეთის, ჩეხეთის, სლოვენიის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა, ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებმა და უკრაინის პრეზიდენტმა. სურვილის შემთხვევაში, დოკუმენტთან შეერთება შეუძლიათ სხვა სახელმწიფოებსაც.