ისრაელის ჯარებმა, სამშაბათს, ლიბანში სახმელეთო და საჰაერო ოპერაცია დაიწყო. „ჰეზბოლამ“ კი, თელ-ავივის წინააღმდეგ რაკეტები გამოიყენა. ვაშინგტონი აცხადებს, რომ თეირანი, ისრაელზე ბალისტიკური რაკეტების გასროლით, შესაძლოა, კონფლიქტში ჩაერიოს.
ამ განვითარებებს, კვირების განმავლობაში, წინ უძღოდა ისრაელის ინტენსიური საჰაერო დარტყმები, რომლის შედეგადაც, ირანის მიერ მხარდაჭერილის „ჰეზბოლას“ ლიდერების უმეტესობა ლიკვიდირებულია, დაღუპულია ათასობით ლიბანელი, მილიონობით ადამიანი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებია.
ირანმა, რომელიც ხელს უწყობს „ჰეზბოლას“, პირობა დადო, რომ ისრაელს პასუხს გასცემს. მიუხედავად შეერთებული შტატების მცდელობისა, რეგიონული დაძაბულობის პრევენცია მოეხდინა, ბოლ დროს განვითარებული მოვლენები, რეგიონული ომის შესახებ შიშს აძლიერებს.
ვაშინგტონში, თეთრი სახლის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აქტიურად უჭერს მხარს, ირანის პირდაპირი სამხედრო თავდასხმისგან, ისრაელის დასაცავად მზადებას. ოფიციალურმა პირმა ასევე თქვა, რომ მსგავს თავდასხმას, ირანისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება.
ისრაელი დიდი ხანია აცხადებს, რომ საკუთარი ჩრდილოეთ საზღვრის დასაცავად და ათობით ათასი ისრაელელის საკუთარ საცხოვრებლებში დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს. ადგილობრივ ისრაელელთა ნაწილმა, ჩრდილოეთ ისრაელში განლაგებული ქალაქები მას შემდეგ დატოვა, რაც ღაზაში ომი დაიწყო, „ჰეზბოლამ“ კი „ჰამასის“ მხარდაჭერის მიზნით სროლა დაიწყო.
ისრაელმა ღაზაში ომი გასული წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, დასავლეთის მთელი რიგი ქვეყნების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის პასუხად. „ჰამასმა“ თავდასხმის დროს 1 200 ისრაელელი მოკლა, მეტწილად, მშვიდობიანი მოსახლეობა. ამასთან, დაჯგუფებამ 250 ადამიანი დაატყვევა და ღაზაში მძევლად წაიყვანა.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ ისრაელის მიერ დაწყებული საპასუხო ომის შედეგად, პალესტინელთა შორის მსხვერპლმა 40 000-ს გადააჭარბა. ისინი არ აკონკრეტებენ, დაღუპულთა შორის, რამდენი მეომარია და რამდენი – მშვიდობიანი მოქალაქე. თავის მხრივ, მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე, ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში მიმდინარე ომში, „ჰამასის“ 17 000-ზე მეტი მებრძოლი მოკლა.