ვაშინგტონის სამმხრივი დეკლარაციის მიღებიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა. სომეხი პოლიტიკური მკვლევარი ჰრანტ მიკაელიანი შედეგებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკაში პრინციპული ცვლილებები ამ ეტაპზე არ შეიმჩნევა, თუმცა, ფაშინიანის ხელისუფლების რეიტინგი გაიზარდა.
8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, აშშ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.
„დასავლეთის მიმართ ურთიერთობის სიხშირე ისეთივეა, როგორიც აქამდე იყო, თუმცა ჩამოყალიბდა ახალი სტატუს-კვო, რომლის საფუძველზეც გრძელდება შემდგომი განვითარება. დასავლელ ლიდერებთან მიღწეული რიტორიკული და ფაქტობრივი კონტაქტები უფრო ინტენსიური ხდება იმის გამო, რომ ახალი ათვლის წერტილიდან იწყებს განვითარებას.
მიკაელიანის თქმით, სომხეთის შიდა პოლიტიკაში კი, განსხვავებული სურათი იკვეთება.
„სომხეთის შიდა პოლიტიკა უფრო ავტორიტარული გახდა. ამ შეთანხმების კრიტიკოსები ჭეშმარიტად ბევრნი არიან, მაგრამ დიდი ნაწილი ციხეშია. ეს დაკავებები დაიწყო ერთ-ორი კვირით ადრე ხელმოწერამდე, რაც ჩემი აზრით გამოწვეული იყო იმით, რომ ხელმოწერის დროს კრიტიკოსთა ტალღა მინიმალური ყოფილიყო, რაც ხელისუფლებამ შეძლო,“ — განმარტავს ექსპერტი.
მიუხედავად ამისა, როგორც ის ამბობს, ფაშინიანის ხელისუფლებამ გარკვეული სარგებელიც მიიღო:
„ამ დეკლარაციის და ხელისუფლების პიარ-კამპანიის წყალობით, მთავრობის რეიტინგი საგარეო პოლიტიკაში გაიზარდა – მაგალითად, თუ ადრე მხოლოდ 33% უჭერდა მხარს, ახლა ეს მაჩვენებელი დაახლოებით 40%-ს შეადგენს. შიდა პოლიტიკის მიმართულებით კი ცოტა სხვა სურათია. აქ ხელისუფლების რეიტინგი ოდნავ დაბალია, მაგრამ მაინც ჯდება ამ გაზრდილი რეიტინგის ტენდენციაში – გამოკითხულთა 50%-მდე არ ამართლებს მის ნაბიჯებს, მაშინ როცა ადრე ეს მაჩვენებელი 55%-ის ფარგლებში მერყეობდა”.
რაც შეეხება სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებს, მიკაელიანის აზრით, ის კვლავინდებურად რთული დარჩება გარკვეულ დრომდე.
„ურთიერთობები პრობლემური რჩება, რაც გამოიხატება ურთიერთკრიტიკაში. ცვლილებები ჯერ ნაკლებსავარაუდოა, რადგან სომხეთის ხელისუფლება დისტანციურ პოლიტიკას არჩევს მოსკოვთან. ეს პოლიტიკა სომხეთის საზოგადოებაში განსაკუთრებულ კრიტიკას არც ექვემდებარება უკრაინის ომის გათვალისწინებით. მაგრამ ეს ომი ოდესმე დასრულდება და მაშინ რუსეთის ნაბიჯები უფრო აქტიურიც იქნება და სამხრეთ კავკასიაშიც რუსეთის გავლენა გარდაუვლად ტრანსფორმირდება. უკრაინის ომის შედეგები და რეგიონული უსაფრთხოების ახალი პარამეტრები დიდწილად განსაზღვრავს, თუ რამდენად შეინარჩუნებს მოსკოვი თავის ბერკეტებს ერევანზე და ზოგადად რეგიონზე,“ – ამბობს ექსპერტი.
