ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართველ ხალხთან ერთად გამარჯვების შემდეგ, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება და ქვეყანაში ამერიკული ინვესტიციები შემოვა.
შესაბამისი განცხადება მან ჩიკაგოში, კამალა ჰარისის ოფიციალურად საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების ღონისძიების დასწრების შემდეგ გააკეთა.
“ჩვენთვის რა არის მთავარი? რომ ჩვენ ძალიან ახლოს უნდა ვიყოთ ამ ზე-მძლავრ სახელმწიფოსთან, ამერიკასთან. ჩვენ გვჭირდება მეტი ამერიკული სიკეთე საქართველოში, მეტი ამერიკული დოლარი ქართულ ოჯახებში, უვიზო მიმოსვლა, მეტი თავისუფალი ვაჭრობა, მეტი ინვესტიციები და პირობას გაძლევთ, 26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვების შემდეგ ამას გავაკეთებთ და ძალიან ბევრი საზეიმო დღე გვექნება საქართველოში ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად. საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველოს ექნება თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან და საქართველო წავა წინ, მე ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. თინასთან ერთად მსოფლიოს პოლიტიკურ, ძალიან სერიოზულ წარმომადგენლებს, ასე ვთქვათ ელიტას შევხვდით. საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს”, – თქვა ვაშაძემ.