სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების ნაწილის ჩატარებული კვლევის “ამოგლეჯილი მონაცემები” გამოქვეყნდა.
“რაღაცა სხვადასხვა ტიპის კითხვები იყო დასმული… არასწორია რა, პირდაპირ ვთქვათ” – ასე უპასუხა ვაშაძემ რუსთავი ორის კითხვას, “ოპოზიციური პარტიების დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, თქვენს ერთობას თბილისში აქვს 6.8% და საქართველოს მასშტაბით 11.5%, თუ არის ეს რეიგინტის ვარდნა და რა მიზეზით”.
გიორგი ვაშაძის თქმითვე, პარტიების შეთანხმება იყო, რომ კვლევა არ გასაჯაროებულიყო.
“მე დღემდე ვიცავ ყველა შეთანხმებას. ამ კვლევასთან დაკავშირებით, ჩემი შეთანხმება იყო ის, რომ არ ვაქვეყნებ ამ კვლევას, თორემ მე ვფიქრობ და საჯაროდაც ვამბობ, რომ ეს კვლევა მთლიანად უნდა გამოქვეყნებულიყო, რომ სრული სურათი დაგვენახა რეალურად, რა ხდება საარჩევნო თვალსაზრისით.
პარტიების შეთანხმება იყო, რომ ეს კვლევა არ გასაჯაროებულიყო. ეხლა ესე, მეც დავწერ და მეც ჩამოვუწერ გვერდზე პროცენტებს, ტყუილია ეს, არასწორია” – ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი.
კითხვაზე, “ევროპულმა საქართველომ დაწერა ეს პროცენტები?”, გიორგი ვაშაძე პასუხობს – “ხო, რავიცი, მე არც ვიცი, რომელი სლაიდი ამოიღო, რაღაცა ამოიღო, თბილისი ცალკე დათვალა, თბილისში არ იყო ის სემფლი აღებული, რომელიც… ეს არასწორია”.
ევროპულმა საქართველომ არასამთავრობო ორგანიზაციების და რამდენიმე პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის ჩატარებული კვლევა 8 ივლისს გამოაქვეყნა. ევროპულ საქართველოში აღნიშნავენ, რომ მათ კვლევაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ვლევის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგი, შინაარსობრივი ალოკაციით, შემდეგია:
· ქართული ოცნება – 34.4%
· ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი – 16.9%
· ახალი – 12.4%
· ლელო – 8.0%
· გახარია საქართველოსთვის – 6.9%
· გირჩი-მეტი თავისუფლება/დროა – 5.1%
· ევროპული საქართველო – 4.4%
· ხალხისთვის – 2.3%
· საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 2.1%
· გირჩი – 1.9%
· საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 1.8%
· მოქალაქეები – 1.6%
· საქართველოს კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო – 0.9%
· ხალხის ძალა – 0.8%
· სხვა პარტია – 0.3%
გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საუკეთესო სინერგია ევროპული საქართველოს, ახალის და ლელოს გაერთიანებას აქვს, რომელიც 2.4%-ით მეტ შედეგს აჩვენებს, ვიდრე ამ პარტიების ცალკე აღებული ჯამი. ამ კითხვაზე, ენმ/სტრატეგია აღმაშენებელს 11.6% აქვს.
რაც შეეხება თბილისს, კვლევის თანახმად, 21.5% ქართულ ოცნებას, 10.2% – ახალს, ხოლო 6.8%% ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებელის გაერთიანებას მიენიჭა.