ვატო სურგულაძე BBC-ს მასალაზე – გამოძიებაში უნდა ჩაერთოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია – ჩვენ მივმართავთ ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაგვეხმარონ ამ საკითხის გარკვევაში

„ლელო – ძლიერი საქართველო“ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას მიმართავს, 2024 წლის აქციების დასაშლელად გამოყენებულ ნივთიერებასთან დაკავშირებით გამოძიებაში ჩაერთოს. ამის შესახებ პარტიის წევრმა ვატო სურგულაძემ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც სურგულაძემ აღნიშნა, „ლელომ“ დაიწყო თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან, რომ მათმა მთავრობებმა მიმართონ ამ ორგანიზაციას იმისთვის, რომ ეს საკითხი დროულად დაიძრას და რეალურად ნამდვილი გამოძიება ჩატარდეს.
„ზუსტად ერთი წლის წინ, 4 დეკემბერს, მე შევიტანე განცხადება, მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს საკითხით, ხდება თუ არა კვლევა, რომელი მომწამლავი ნივთიერებები არის გამოყენებული -ის მიერ იმისთვის, რომ ვითომ წესრიგი დაეცვა და ზუსტად 10 დღეში მივიღე, ჩემი აზრით, აბსოლუტურად მიუღებელი პასუხი, სადაც ამიხსნეს, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში ხდება ამ ნივთიერების გამოყენება და ამაში პრობლემა არ არის და ხდება სიმპტომური მკურნალობა. ჩემი შეკითხვა იყოს ის, იციან თუ არა ექიმებმა, რომელი ნივთიერება იყო გამოყენებული? იმიტომ, რომ არსებობს ძალიან ბევრი ნივთიერება, გინდა ცრემლმდენი და ამის ცოდნა ექიმებისთვის არის სავალდებულო, რომ ზუსტად ის მკურნალობა ჩაუტარონ, რა მკურნალობაც სჭირდებათ დაზარალებულებს. იგივე ევროპასა და ცივილურ სამყაროში, ასეთი აირების გამოყენების დროს ყველა სამედიცინო დაწესებულება ინფორმირებულია, რომელი საშუალება არის გამოყენებული. ასეთი გაუგებარი პასუხი მივიღე. და რა ხდება ახლა – BBC-მ ნამდვილად გადაიღო რეალური ფილმი იმაზე, რა ხდებოდა საქართველოში ამ დღეებში.
„ლელო- ძლიერ საქართველოს“ მიგვაჩნია, რომ ამ საქმის გამოძიებაში უნდა ჩაერთოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, რომელიც ზუსტად ამ საკითხებით არის დაკავებული და ეს მათ პრეროგატივაა. ჩვენ მივმართავთ ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაგვეხმარონ ამ საკითხის გარკვევაში, იმიტომ, რომ 10 ათასზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობა იყო საშიშროების ქვეშ, სიკვდილის საფრთხის ქვეშაც კი. ასევე, ჩვენ დავიწყეთ უკვე თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, რომ მათმა მთავრობებმა მიმართონ ამ ორგანიზაციას იმისთვის, რომ ეს საკითხი დროულად დაიძრას და რეალურად ნამდვილი გამოძიება ჩატარდეს“, – განაცხადა სურგულაძემ.