ვატიკანში დღეს შეიკრიბება კონკლავი, რომლის შემადგენლობაშიც 133 კარდინალი შედის, სწორედ ისინი გადაწყვეტენ, ვინ გახდება რომის კათოლიკური ეკლესიის შემდეგი მეთაური
ახალი რომის პაპის ასარჩევად დღეს კონკლავი სიქსტეს კაპელაში შეიკრიბება, რომლის შემადგენლობაშიც 133 კარდინალი შედის. ისინი დებატებს გამართავენ. ამის შემდეგ ხმას მისცემენ სასურველ კანდიდატს, ვიდრე ერთი მათგანი მათი ორი მესამედის მხარდაჭერას არ მოიპოვებს. ეს თარიღი განისაზღვრა კარდინალების დახურულ შეხვედრაზე, რომელიც რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის შემდეგ გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ კარდინალების 80% თავად პაპ ფრანცისკეს მიერ არის დანიშნული, მათი უმეტესობა პირველად ირჩევს პაპს. ხმის მიცემა როგორც წესი, რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება. უცნობია, შეძლებს თუ არა კონკლავი გადაწყვეტილების პირველივე დღესვე მიღებას.
გადაწყვეტილების მიღების შესახებ ინფორმაციის ერთადერთი წყარო არის კვამლი. თუ კვამლი შავია, ეს ნიშნავს, რომ კონკლავმა ახალი რომის პაპის არჩევა ვერ შეძლო და კენჭისყრა გაგრძელდება. თუ საკვამურიდან თეთრი კვამლი გამოვა, ეს ახალი პაპის არჩევის ნიშანია.
ამჟამად პაპად არჩევის ყველაზე დიდი შანსები ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის აქვს. მის უპირატესობად მიიჩნევენ ვატიკანის იერარქიაში დაკავებულ მაღალ თანამდებობას, დიპლომატიურ გამოცდილებასა და პაპ ფრანცისკესთან სიახლოვეს. ამასთან, პაროლინი წარმოშობთ იტალიელია, რაც ასევე შეიძლება იყოს გათვალისწინებული პონტიფიკოსის არჩევისას, რადგან უკანასკნელი სამი პაპი არ ყოფილა იტალიელი.
პაპად არჩევის ფავორიტებს შორის სახელდება კიდევ ერთი იტალიელი, ბოლონიის არქიეპისკოპოსი მატეო ძუპი. ის კანდიდატებს შორის ყველაზე პროგრესულად მიიჩნევა, ბოლონიაში ველოსიპედით დადის, ლიბერალურად არის განწყობილი ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და ლგბტ თემის მიმართ. პაპობის ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი კი პიერბატისტა პიცაბალაა, რომელიც 2023 წელს გახდა კარდინალი.
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში ინსულტის შედეგად 21 აპრილს გარდაიცვალა. ის 26 აპრილს რომში დაკრძალეს. ანდერძის თანახმად, პონტიფიკოსი სანტა მარია მაჯორეს ტაძარშია დაკრძალული.
