„ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივნის, ვასო ურუშაძის შეფასებით, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან გამოსახლებული ოჯახების პრობლემები „თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა“.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ეს არის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის და კორუფციის შედეგი, რაც ქვეყანაში მრავალი წელია ხდება.
„ცალსახად, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ ვერ უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში ისეთ ეკონომიკურ კეთილდღეობას, ისეთ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას, რომ ადამიანებს არ უწევდეთ თვითნებურად შეჭრა საცხოვრებლის საძიებლად სხვა კერძო დაწესებულებებში და არ იყვნენ ასეთ მძიმე ეკონომიკურ, სოციალურ პირობებში. ეს თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის, ასევე, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის და კორუფციის შედეგი, რაც ამ ქვეყანაში მრავალი წელია ხდება. ხელისუფლება ვალდებული და პასუხისმგებელია, დაიცვას მოქალაქეების ინტერესები, იყოს მზრუნველი, დამცველი და არა დამრბევი და არა ის, რასაც გუშინ ვხედავდით, ეს არ არის მოქალაქეებზე ზრუნვა. ხელისუფლება არ უნდა იქცეოდეს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ისე, როგორც დამნაშავეების, კრიმინალების და ტერორისტების წინააღმდეგ. რაც ვნახეთ, ეს არ არის ნორმალური, ჰუმანური სახელმწიფოს მოქმედება, რომელიც თავისი ქვეყნის მოქალაქეებზე და მათ ინტერესებზე ზრუნავს“, – განაცხადა ურუშაძემ.
მისი შეფასებით, ხელისუფლება მის მიერვე დაწერილ კანონებს არ იცავს, რაც ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანების დაცვას შეეხება. ვასო ურუშაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის „ეს არის მოჩვენებითი და მხოლოდ პროპაგანდის საკვები“.
„თუკი რაიმე საფრთხეს უქმნის ოჯახს, კეთილდღეობას, მათ შორის არსებული ოჯახების დანგრევას და ასევე, პოტენციური ოჯახების არშემდგარობას, ეს არის ეკონომიკური სიდუხჭირე, ეკონომიკური პრობლემები და ის დამოკიდებულება, რაც ხელისუფლებას მოქალაქეების წინააღმდეგ აქვს“, – განაცხადა ურუშაძემ.
ამასთან, მან თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, „წარმოუდგენელია, რეგიონში ფლობდე მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ ფართს და დედაქალაქში სახელმწიფო მიწა მიიტაცო“. ვასო ურუშაძის თქმით, კახა კალაძე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს.
„თვითონ დაბრუნდეს სამტრედიაში, თავის საკარმიდამო მიწაზე, მოპარული ფულის და ნაძარცვი ფულის გარეშე და დაიწყოს ცხოვრება ნულიდან“, – განაცხადა ურუშაძემ.
ამასთან, ვასო ურუშაძემ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით „ქართული ოცნების“ გააქტიურებაც შეაფასა და განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლის მთელი პროცესი არის მოჩვენებით და ფარსი.
„ვფიქრობ, ირაკლი კობახიძე და ხელისუფლება ცოტა „აჭრილია“, მათ შორის „მესიჯბოქსების“ ნაწილში. ერთი მხრივ, გამოდიან და ამბობენ, რომ მათი ყოფილი თანაგუნდელები იყვნენ კორუფციაში, მეორე მხრივ, იჭერენ მათ თანაგუნდელს, რომეო მიქაუტაძეს, რომელიც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო და ერთ-ერთ უსერიოზულეს დარგს კურირებდა – ეს არის ენერგეტიკა და მესამე, როდესაც საუბარი არის თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობაზე, ამბობენ, რომ ის იმის გამო კი არ იკლავდა თავს, რომ კორუფციაში იყო და და მას ხელისუფლების სტრუქტურები ედავებოდნენ, არამედ მედია, ოპოზიცია რომ საუბრობდა მასზე, თითქოს კორუფციაში არის გახვეული, ამის გამო სცადა მან თვითმკვლელობა. ერთი მხრივ, ადასტურებენ, რომ რომეო მიქაუტაძე კორუფციაში იყო გახვეული, მერე ამბობენ, რომ თორნიკე რიჟვაძემ უბრალოდ, სტრესს ვერ გაუძლო, რომელიც მის წინააღმდეგ იყო მიმართული ოპოზიციის და ოპოზიციური არხების მიერ“, – განაცხადა ურუშაძემ.
რაც შეეხება აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საკითხს, ვასო ურუშაძის თქმით, კითხვებს იწვევს ის, რომ ეს ფაქტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას დაემთხვა. ვასო ურუშაძის განცხადებით, სანქციებს უდიდესი გავლენა აქვს არა მარტო ბიძინა ივანიშვილზე, არამედ მის გარემოცვაზე, მისი ოჯახის წევრებზე და მათთან დაახლოებულ პირებზე.
„ივანიშვილი ასე თვლის და ასე ხედავს პოლიტიკას, რომ ის არა პოლიტიკის მკეთებელი, არამედ ერთგვარი „მაფიოზური კლანის“ ბოსია. მის „კლანში“ თუ ვინმე როდისმე მისი გავლენით ფულს აკეთებდა, ეს მას ეკუთვნის. ამიტომ, დადგა მომენტი, როდესაც მან იმ ფულის შეკრება გადაწყვიტა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის და გავლენის გამოყენებით კეთდებოდა“, – განაცხადა ურუშაძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი მიმართავს ძალოვანი უწყების, მათ შორის გდდ-ს წარმომადგენლებს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნების გარშემო გაერთიანდნენ, ხოლო ის სამართალდამცველები, რომლებიც „იარაღს არ ისვრიან“, ჯილდოს სახით 200 000 დოლარს მიიღებენ. „ყველამ, ვინც ხალხის დარბევაში მონაწილეობას არ მიიღებს, ჯილდოდ უნდა მიიღოს 200 000 დოლარი. დაიმახსოვრეთ, 200 000 დოლარს ჯილდოს სახით მიიღებს ყველა, ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, ვინც იარაღს არ ისვრის. დააგდეთ ეს გაზის იარაღი, 200 000 დოლარს სახელმწიფო, როგორც კი იქნება სახელმწიფო და არა, ბიძინა ივანიშვილის კანტორა,[გადმოგეცემათ]. 50 იქნებით, 50-ვეს [გადმოგეცემათ]. ამ ფულს საიდან მოვიტანთ? გადახედეთ, რიჟვაძე, ლილუაშვილი, გომელაური, ძმებო, ხომ გესმით, რამდენია ამოსაღები ბიუჯეტისთვის. თქვენ მიიღებთ ამ ჯილდოს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
