ვასილ მაღლაფერიძე არხის მიმართ კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებს პროკურატურით ემუქრება (ვიდეო)

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძის და გია იმნაიშვილის საქმეების მოკვლევა-განხილვა დაასრულა – 21 მარტს სამეურვეო საბჭოს მიერ გამართულ სხდომაზე ადვოკატმა ბორდის წევრებს მოცულობითი დასკვნა წარუდგინა, რომელიც არხის მიმართ თანამშრომლების მიერ წაყენებული ბრალდებებისა და მათგან გამომდინარე ამბების გაშუქებას ქრონოლოგიურად ასახავდა.

პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, მ არხის მიმართ კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებს ცილისწამებაში დასდო ბრალი, ხოლო ბორდის წევრებს აღნიშნული ბრალდებების პროკურატურისთვის გამოსაძიებლად გადაცემა შესთავაზა.

ცნობისთვის, 5 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას 18:00-საათიანი მოამბე აღარ მიჰყავს – ჟურნალისტმა გაავრცელა პირველი არხის ოფიციალური პოზიცია, რომლის მიხედვითაც აღნიშნულის მიზეზად მოამბის პროდიუსერების მიერ ივანოვ-ჩიქოვანთან თანამშრომლობაზე უარის თქმას ასახელებდნენ.

ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერის რეჟისორმა, კახა მელიქიძემ, მაუწყებლის 3 თებერვალს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ საფეხბურთო მატჩის ტრანსილაციისას მას “პრემიერის რაც შეიძლება მეტი კადრის ჩვენებას” სთხოვდნენ.

“მე მაგალითად, ძალიან მიზანშეწონილი მგონია, რომ პროკურატურამ შეისწავლოს ეს საკითხი, რატომ მოუნდათ ამ ადამიანებს ერთად და რატომ არის ეს ამბები ერთმანეთთან გადაბმული.

ეს თუ ჩვენ ასე არ გავაკეთეთ, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი არ დავუსვით, ეს იქნება განუწყვეტელი პროვოკაციები იქნება.

ვიღაცას რაღაც არ მოეწონება და უკვე აქედან გამომდინარე…

ეს არცერთი მათი თვითშემოქმედება არ არის იმიტომ, რომ ერთი, მეორე, მესამე და ყველა ამბავი ერთად თავმოყრილი, ეს შემთხვევით არ ხდება.

[…] ასე არ უნდა დარჩეს და სერიოზულად უნდა იქნას გამოძიებული. ეს არის სახელმწიფო რესურსების პირადი, პოლიტიკური და შეიძლება ფინანსური გამოყენება, ვიღაცამ ფული აიღო თუ პოლიტიკური სურვილები გამოხატა, ეს უნდა იქნას გამოძიებული და როგორც ნაძვისხე, ეს ყველაფერი ერთმანეთზე იკინძება”.- თქვა ვასილ მაღლაფერიძემ.