უკრაინის თავდაცვის ძალებმა მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოყოლებული წარმატებით ჩაატარეს ოპერაცია რუსეთში ნავთობის წარმოებისა და გადამუშავების თითქმის 160 ობიექტის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვასილ მალიუკმა განაცხადა.
„თუ ავიღებთ მიმდინარე წლის სექტემბერსა და ოქტომბერს, ეს 20 ობიექტია. მათ შორისაა ექვსი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ორი ნავთობტერმინალი, სამი ნავთობბაზა და ცხრა ნავთობსაქაჩი სადგური. ამან გამოიწვია ნავთობპროდუქტების შიდა ბაზარზე 20%-ზე მეტი დეფიციტი, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრის 37%-ის შეფერხება და რუსეთის ფედერაციის 57 რეგიონში ნავთობპროდუქტების დეფიციტი და ბენზინის ექსპორტის აკრძალვა მიმდინარე წლის ბოლომდე“, – განაცხადა მალიუკმა.
მისი თქმით, აღნიშნული ობიექტები ლეგიტიმური სამიზნეები არიან. ვინაიდან ნავთობის წარმოება და გადამუშავება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 90%-ს შეადგენს.
„მიღწეულზე არ გავჩერდებით. ასევე აღსანიშნავია, რომ მტერს ძალიან ძლიერი საჰაერო თავდაცვა აქვს. მათი „პანცირი” ყველაზე კარგად მუშაობს ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი დრონების წინააღმდეგ. წლის დასაწყისიდან დღემდე მტრის “პანცირის” სისტემების 48% გავანადგურეთ. ეს დღეს პრიორიტეტია, როგორც ეს უკრაინის პრეზიდენტმა განსაზღვრა. ისინი წელიწადში 30-ს აწარმოებენ. თუმცა, განადგურების რაოდენობა გაცილებით აღემატება მათ წარმოებას“, – აღნიშნა მალიუკმა.




