ეს ციხე არ არის, ეს არის წამება , – ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა, ვასილ კაძელაშვილმა დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა.
მან ისაუბრა, თუ რა მძიმე პირობებია ციხეში და როგორ უჭირთ იქ ყოფნა.
„36 კვადრატში 6 კაცი რომ არის და იქ ჰაერი არ არის, ეს წამებაა“, – განაცხადა მან დასკვნითი სიტყვის დროს.
ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის საქმეზე განაჩენს, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი სავარაუდოდ, 2 სექტემბერს, 12:00 საათზე გამოაცხადებს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულების ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლეს. ასევე, საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს თავად ბრალდებულებმა და განმარტეს, რომ თავს უდანაშაულოდ ცნობენ.
ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.




