ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი – ფაქტია, რომ რაღაც პროცესი მიდის, რის გამოც მაია ჭუჭულაშვილი იძულებული გახდა თუ მას დაავალეს, წაეყვანა „მოამბე“ – არასწორი პროცესების ბრალია, რომლებიც მაუწყებელში განვითარდა

ფაქტია, რომ რაღაც პროცესი მიდის, რის გამოც მაია ჭუჭულაშვილი იძულებული გახდა თუ მას დაავალეს, წაეყვანა „მოამბე“. ყველა ის პროცესი, რაც ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარეობს არის იმის თანმდევი, რაზეც მე თავდაპირველად ვისაუბრე , – ამის შესახებ წამყვანმა, ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
ჟურნალისტმა მიზეზად საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე „არასწორი პროცესები“ დაასახელა.
„იმ ქვეყანაში, სადაც ანწუხელიძე და „შინდისის გმირები“ გვყავს, ჩემი საქციელი არ მინდა შეფასდეს, როგორც გმირობა. ჩემი პირველი განცხადებიდან გამომიდინარე ამ ყველაფერს შეიძლება შეეფერებოდეს სიტყვა – „გამბედაობა“.
დღეს არ ვყოფილვარ სამსახურში, ამიტომ არ ვიცი, რა პროცესები ვითარდება და რა გახდა იმის მიზეზი, რომ დღეს ჩემს პროდიუსერს მოუწია 18:00 საათიანი „მოამბის“ წაყვანა. ფაქტია, რომ რაღაც პროცესი მიდის, რის გამოც მაია ჭუჭულაშვილი იძულებული გახდა თუ მას დაავალეს, წაეყვანა „მოამბე“. ყველა ის პროცესი, რაც ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარეობს არის იმის თანმდევი, რაზეც თავდაპირველად ვისაუბრე. ის გავლენა, არასწორი პროცესები, რომელმაც შედეგად აქამდე მოგვიყვანა. ეს შედეგები არის ის გავლენა, რასაც ატარებს. ჩემი შეფასებით, ის რომ ჩვენ აქამდე მივედით, არის ამ გავლენის ბრალი და იმ არასწორი პროცესების, რომლებიც მაუწყებელში განვითარდა. რომ არა ეს გავლენა და პროცესები, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მაუწყებელი სულ სხვა ვითარებაში იქნებოდა და უკეთ უპასუხებდა საზოგადოების საჭიროებებს. უფრო მეტად იქნებოდა ორიენტირებული ეთერში ჰყოლოდა უფრო მეტი მოქალაქე და ადამიანების პრობლემები, ვიდრე ბევრი პოლიტიკოსი“, – განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.
როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, მისი „მოამბის“ წამყვანობიდან „ჩახსნის“ შესახებ წერილი HR-ის გან მიიღო, სადაც ეწერა, რომ მას პოზიცია უნდა დაეტოვებინა „არსებული ვითარებიდან და სამაუწყებლო საბჭოს სამეურვეო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციიდან გამომდინარე“.
„ეს არის არაჯანსაღი პროცესის შედეგი. მათ დაავალეს თუ ეს მიიღეს, ყოველ შემთხვევაში მე HR-ის გან მივიღე ასეთი წერილი: არსებული ვითარებიდან და სამაუწყებლო საბჭოს სამეურვეო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციიდან გამომდინარე. მე ვიხილე ეს განცხადება, რამდენიმე ადამიანმა გააკეთა, თუმცა მათი პოზიცია მანამდეც ვიცოდი და მენეჯმენტმაც იცოდა მათი პოზიციის შესახებ, თუმცა ეთერიდან ჩემი ჩახსნის დასაბუთებას საფუძვლად დაედო სამეურვეო საბჭოზე გაკეთებული განცხადება“,- განაცხადა ჟურნალისტმა.