ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი: გავლენები არის, ხალხის ხმა არ ისმის – ეს გავლენა ვასილ მაღლაფერიძეა

მოამბის ტელეწამყვანმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემებზე ისაუბრა. მან კიდეც ერთხელ გაიმეორა, რომ ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი სარედაქციო პოლიტიკით საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს.
მისი თქმით, სარედაქციო დამოუკიდებლობაზე გავლენა ს აქვს.
“მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე შავ ფორმებში ჩაცმულები, ყოველგვარი იდენტიფიკაციის შესაძლებლობის გარეშე მყოფი პირები არბევდნენ საქართველოს მოქალაქეებს, ვასილ მაღლაფერიძე იმყოფებოდა მოამბის საეთეროში, მარტივად დასადგენი ფაქტია, ამოვიღოთ ჩანაწერები, ვკითხოთ საეთეროს თანამშრომლებს. სხვა საკითხია, რას აკეთებდა, აქვს თუ არა მას უფლება, თქვას, რა გავიდეს და რა შევიდეს ეთერში – აქვს ამის უფლება? არავითარ შემთხვევაში არ აქვს.
კანონი ჩვენ გვავალდებულებს ყველაფერს, სარედაქციო დამოუკიდებლობას – აქვს თუ არა ვასილ მაღლაფერიძეს გავლენა სარედაქციო დამოუკიდებლობაზე? კი, აქვს. რანაირად აქვს? – მარტივად. მას აქვს შეხმატკბილებული ურთიერთობა არხის მენეჯმენტთან, მას აქვს ასეთივე ურთიერთობა აწ უკვე ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელთან და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელთან, რომ აღარ ვთქვათ არაფერი სხვა თანამშრომლებზე. […]
გავლენები არის, ხალხის ხმა არ ისმის, მე პოზიციას არ ვცვლი, საზოგადოებრივი ამბების ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი ვერ პასუხობს მისი სარედაქციო პოლიტიკით საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ვიმეორებ, გავლენა არსებობს, ეს გავლენა არის ვასილ მაღლაფერიძე და ამ პოზიციას არ შევიცვლი”, – თქვა მან.
მან საბჭოს სხდომაზე ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს საკითხი მხოლოდ საინფორმაციო ველში შუქდება და არხზე სპეციალისტების მხრიდან საქმის ანალიზი არ ხდება.
“სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს, ეს არის ჩემი სათქმელი ყოველი მოამბის დაწყებამდე, უკვე რამდენიმე დღეა, ეს ადამიანი შიმშილობს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო ველში მოახვედრა მისი ამბავი, მაშინ როდესაც ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია კონკრეტულ სპეციალისტებთან განვიხილოთ, შეესაბამება თუ არა მისთვის წარდგენილი ბრალი ქმედებას, შეიძლება თუ არა იურისტებმა განიხილონ ეს ქმედება, როგორც სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება, არის თუ არა ეს ასე. განხილვის საგანია, შეიძლება თუ არა ასეთ ქმედებაზე შეუფარდო ადამიანს პატიმრობა და ძალიან ბევრი თემაა და საშუალება აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ საზოგადოების მრავალფეროვნება ასახოს, თემების მრავალფეროვნება ასახოს მოამბის მიღმა”, – თქვა მან.