“ვარჯიში” – რას უწოდებს თავდაცვა ჯარში სამსახურს?

“თან ვარჯიში და თან სწავლა” – ასე პასუხობს თავდაცვის მინისტრის მოადგილე შეკითხვას, როგორ უნდა მოახერხოს სტუდენტმა სავალდებულო სამსახურისა და სწავლის შეთავსება იმ შემთხვევაში, თუ ის დისტანციურად იღებს განათლებას უცხოეთის სასწავლებელში?
“ის ახალგაზრდა, რომელიც სწავლობს დისტანციურად, ბაზაზე იქნება? არ უნდა შეეშალოს ხელი ამ კუთხით. ეს მისი არჩევანია, თუმცა შეუძლია ყველაზე მსუბუქი ვარიანტი – სპეციალურად სტუდენტებისათვის შექმნილი პროგრამა, ზაფხულობით, ერთი თვე 4 წლის განმავლობაში… თან ვარჯიში და თან სწავლა, რაც გითხარით, ეს არის,” – თქვა გიორგაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებს თავდაცვის კოდექსს აცნობს.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს ვარჯიშში, და მართლა თვლის, თუ არა, რომ ჯარში ყოფნა, მაგალითად, სავარჯიშო დარბაზში სიარულის ტოლფასია.
შეგახსენებთ, ერთი თვის წინ მიღებულ თავდაცვის კოდექსში “ქართულ ოცნებას” დამატებითი ცვლილებები შეაქვს. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების წესი იცვლება. ცვლილებები ეხებათ სტუდენტებს და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ჯარში გაწვევაზე უარი თქმის უფლება არ ექნებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც უცხოურ უნივერსიტეტებში დისტანციურად სწავლობენ. გადავადების საფუძვლად ვერც სასამართლოში შეტანილი სარჩელი ჩაითვლება.
თავდაცვის კოდექსს პირველი და მეორე მოსმენით დღეს უყრიან კენჭს და სავარაუდოდ ამ კვირაშივე დაამტკიცებენ.