პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ვარშავის სავაჭრო ცენტრში 2024 წელს გაჩენილი ხანძრის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.
ვარშავის სავაჭრო ცენტრში ხანძარი 2024 წლის 12 მაისს მოხდა, რა დროსაც 1400 მაღაზია მთლიანად დაიწვა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა კვირას, საქმის ერთწლიანი გამოძიების შემდეგ, განაცხადა მასშტაბური ხანძრის უკან, რომელმაც 2024 წლის მაისში ვარშავის სავაჭრო ცენტრი თითქმის მთლიანად გაანადგურა.
„მოქმედებები კოორდინირებული იყო რუსეთში მყოფი პირის მიერ. დამნაშავეთა ნაწილი უკვე დაკავებულია, დანარჩენები იდენტიფიცირებულია და მათ ეძებენ“, – განაცხადა ტუსკმა.
როგორც Reuters წერს, ოფიციალური პირების თქმით, პოლონეთი დივერსიული ქმედებების სამიზნედ ქცევა რუსეთის მიერ წარმოებული „ჰიბრიდული ომის“ ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთთან ომში უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების ფუნქციონირების დესტაბილიზაციას, რაც მოიცავს ისეთ ტაქტიკას, როგორიცაა ცეცხლის წაკიდება და კიბერშეტევები.
მედიის ცნობით, პოლონელი გამომძიებლები თანამშრომლობენ ლიეტუვის ხელისუფლებასთან, სადაც ზოგიერთი დამნაშავე ასევე ახორციელებდა დივერსიულ საქმიანობას.
მარტში ლიეტუვამ რუსეთის სამხედრო დაზვერვა ვილნიუსში IKEA-ს მაღაზიაზე ცეცხლის წაკიდების ორგანიზებაში დაადანაშაულა, რომელიც მეზობელ პოლონეთში სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენამდე სამი დღით ადრე მოხდა. რუსეთმა უარყო ცეცხლის წაკიდებაში მონაწილეობა.
