ვარშავაში, სადაც დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომა გაიმართა, საქართველოს გარდა გაერთიანების წევრობის ყველა კანდიდატი სახელმწიფო მიიწვიეს.
ფორმულას კითხვაზე, თუ რატომ არ იყო საქართველო აღნიშნულ სხდომაზე მიწვეული, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია ქართული ოცნების ხელისუფლების ნაბიჯით, შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი.
პოლონეთის საგარეო უწყებაში ასევე გამოითქვამენ შეშფოთებას მთავრობის მიერ “მიერ საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით.”
“რა თქმა უნდა ვწუხვართ, რომ ვარშავაში ჩვენს არაფორმალურ შეხვედრაში საქართველოს წარმომადგენლები არ მონაწილეობენ. თუმცა, ეს გამოწვეულია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული პირადი გადაწყვეტილებით, რომელმაც გასული წლის ნოემბერში შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. მაგრამ, ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ერის გვერდით მტკიცედ დგომას. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მის ბრძოლას დემოკრატიისა და ღირებულებებისთვის, რომლებიც შეესაბამება ევროპულ საზოგადოება”, – განუცხადეს ფორმულას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
