რამდენიმე დღის წინ თბილისის გარეუბანში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე, დროშა აღმართეს. ვარკეთილში დროშა დაახლოებით 55 მეტრის სიმაღლის ძელზე კიდია და მისი დანახვა შესაძლებელია არა მხოლოდ ახლოს მდებარე კორპუსებიდან.
ორმხრივი დროშის ნაჭერი 10X15 მეტრი ზომის არის და უნდა გაუძლოს ძლიერ ქარს, წვიმას და მზეს. დაახლოებით 18-სართულიანი კორპუსის სიმაღლის ძელის ბოლო ნიავის დაბერვის დროს ბრუნავს, რაც გამორიცხავს დროშის მასზე დახვევას. სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მინიმუმამდეა შემცირებული ვანდალიზმის შედეგად სახელმწიფო სიმბოლოს დაზიანება ან ჩამოხსნა.
დროშის დაკიდება სამგორის რაიონის გამგეობას 317 ათასი ლარი უჯდება. დაკვეთის შესასრულებლად გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელშიც შპს “ემსილაითმა” გაიმარჯვა.
შესყიდვების სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამ კომპანიას დროშები და მსგავსი კონსტრუქციები დამონტაჟებული აქვს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში:
· ფოთი – 64 310 ლარი;
· ხარაგაული – 19 942 ლარი;
· ახმეტა – 43 424 ლარი;
· საგარეჯო – 30 326 ლარი;
· ყვარელი – 29 900 ლარი;
· მცხეთა – 61 400 ლარი;
· ლაგოდეხი – 42 950 ლარი;
· თიანეთი – 22 540 ლარი;
· ბორჯომი – 21 789 ლარი;
· ჩხოროწყუ – 21 393 ლარი;
· მარტვილი – 21 122 ლარი;
· ადიგენი – 21 500 ლარი;
· ონი – 21 800 ლარი;
· ხაშური – 18 292 ლარი.
ასე დააკმაყოფილა შპს “ემსილაითმა” სატენდერო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, კომპანიას 500 000 ლარზე მეტის სამუშაოები უნდა ჰქონოდა შესრულებული.