თბილისის მეტროპოლიტენის ვარკეთილის სადგურს, რეაბილიტაციის პერიოდში, მრავალი განსაცდელი გადახდა:
· 2016 წლის რეაბილიტაციის შემდეგ სადგურზე ჭერი ჩამოიქცა, მგზავრები კი დაშავდნენ;
· შემდეგ, მეორე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომელსაც რეაბილიტაცია და კაპიტალური რემონტი უნდა განეხორციელებინა, უხარისხო პროექტებისა და დაგვიანებული სამუშაოს გამო ხელშეკრულება შეუწყვიტეს და შავ სიაში შეიყვანეს;
· 2022 წლიდან კი გაფორმებულია ხელშეკრულება სხვა კომპანიასთან, შპს „ბადა ქონსთრაქშენთან“, რომელსაც სამუშაოები 2024 წლის ივნისში უნდა დაესრულებინა, თუმცა კომპანიას ვადა 2025 წლის 30 სექტემბრამდე გადაუწიეს.
სადგურის რეაბილიტაციის მცდელობები: 2016-2022 წლების მოკლე შეჯამება
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, სამუშოების შემსრულებელი კი კომპანია „შპს ყვარელრემმშენი“ იყო. სადგურის რეაბილიტაცია 2017 წელს დასრულდა, თუმცა მალევე ჭერი ჩამოიქცა, რასაც 14 ადამიანის დაშავება მოჰყვა.
2019 წელს თბილისის მერმა, კახა კალაძემ, კომენტარი გააკეთა მეტროსადგურის მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ ჩამონგრეული ჭერის ჯერ კიდევ შეუკეთებლობა სირცხვილი იყო. მიუხედავად ამისა, მეტროსადგურის რეაბილიტაციისა და კაპიტალური შეკეთების ტენდერი მხოლოდ 2022 წელს გამოცხადდა, რომელიც შპს „მამისონმა“ მოიგო.
შპს „მამისონმა“ თვეების განმავლობაში ვარგისი პროექტი ვერ წარადგინა, შემდეგ კი გამოიკვეთა მდგომარეობა, რომ სამუშაოები განსაზღვრულ ვადაში ვერ დასრულდებოდა, რის შედეგადაც კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტეს, შემდეგ კი შავ სიაში შეიყვანეს.
ახალი იმედი: შპს „ბადა ქონსთრაქშენი“
2022 წლის 21 დეკემბერს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და შპს „ბადა ქონსთრაქშენს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით „ბადა ქონსთრაქშენს“ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეკონსტრუქცია და კაპიტალური რემონტი უნდა განეხორციელებინა.
შპს „ბადა ქონსთრაქშენისა“ და აღნიშნული შესყიდვის შესახებ ფლანგვის დეტექტორი ჯერ კიდევ 2023 წლის იანვარში წერდა. აღნიშნული კომპანიის 100% წილის მფლობელი ბაჩანა ადამია „ქართული ოცნების“ შემომწირველია – მას 2014 წელს 60,000 ლარი აქვს შეწირული.
ხელშეკრულების ღირებულება 13,398,611.88 ლარი იყო, კომპანიას კი სამუშაოები 18 თვეში უნდა დაესრულებინა, ანუ 2024 წლის 21 ივნისს. ხელშეკრულების დასრულების ვადამ 4-ჯერ გადაიწია. ხელშეკრულების დასრულების თავდაპირველი თარიღი 2024 წლის 22 სექტემბერი იყო, უკანასკნელი ცვლილებების საფუძველზე კი თარიღად 2024 წლის 2 დეკემბერი დადგინდა. კომპანიისთვის უკვე ჯამში ₾2,996,227.88-ია გადახდილი, უკანასკნელი მიღება-ჩაბარების აქტი კი 2023 წლის 28 დეკემბერს გაფორმდა.
2024 წლის ნოემბერში „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი შარკოვმა, განაცხადა, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ შეჩერებული იყო სამუშაოები, რადგან განახლებული პროექტი სამხარაულის ბიუროში იყო შეტანილი და ელოდებოდნენ დასკვნას. ამ კომენტარიდან მალევე, 2024 წლის 11 დეკემბერს, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „ბადა ქონსთრაქშენს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულებაში მეტროსადგურ ვარკეთილში ჩასატარებელი სამუშაოების დასრულების ვადად 2025 წლის 30 სექტემბერი ჩაიწერა.
აღსანიშნავია, რომ პარალელურად „ბადა ქონსთრაქშენი“ მეტროპოლიტენთან დაკავშირებით სხვა სამუშაოებსაც ასრულებდა. მაგალითად, წინასწარ განსაზღვრულ ვადებში დაასრულა ელ. დეპო „გლდანის“ საწარმოო შენობების სახურავების სარემონტო სამუშაოები, თუმცა მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის დასრულების ვადამ ორჯერ გადაიწია და საბოლოოდ სამუშაოების დასრულება 20 თვით დაგვიანდა.
წყაროები:
· ფლანგვის დეტექტორის სტატია მეტროსადგურ „ვარკეთილის“ შესახებ – ბმული;
· CMR220162822 – მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციისა და კაპიტალური რემონტის შესახებ გამარტივებული შესყიდვა;
· CMR220093967 – მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის გამარტივებული შესყიდვა;
· NAT230003407 – ელ. დეპო „გლდანის“ საწარმოო შენობების სახურავების სარემონტო სამუშაოები.
Flangva.ge