ვარკეთილის მეტროს ზედა ვესტიბიულის რეაბილიტაცია შეჩერდა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ვარკეთილის მეტროს ზედა ვესტიბიულის რეაბილიტაციის პროცესი შეჩერდა. სამუშაოების შეჩერების მიზეზი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით აღმოჩენილი “ბზარების სიდიდის დაუშვებლობა და შეუსაბამობა ნორმატივებით გათვალისწინებულ სიდიდესთან” გახდა.
“23.09.2025 წლის დასკვნით დადგინდა ძალოვანი სახის ბზარების სიდიდის დაუშვებლობა და შეუსაბამობა ნორმატივებით გათვალისწინებულ სიდიდესთან. შესაბამისად, “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” წერილის მიხედვით სამუშაოები შეჩერებულია 5 სექტემბრიდან და სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშნულ არეალზე აღარ მიმდინარეობს”. – წერია დოკუმენტში.
ვარკეთილის მეტრო 16 მარტიდან ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს – მერია
ცნობისთვის, 11 მარტს თბილისის მერიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლომდე დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.
მერია წერდა, რომ ამჟამად მზადდება ზედა ვესტიბიულის დაზიანებული კონსტრუქციების რეაბილიტაციის პროექტი, რის შემდეგაც უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
“დასრულდა ქვედა ბაქნისა და დახრილი საესკალატორო გვირაბის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ამჟამად მზადდება ზედა ვესტიბიულის დაზიანებული კონსტრუქციების (მზიდი რკინაბეტონის რიგელების) რეაბილიტაციის პროექტი, რის შემდეგაც უშუალოდ სარეაბილიტაციო/გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი.” – წერდა მერია.