საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.
– ბატონო ვაჟა, მიუხედავად იმისა რომ 2025 წელი მთავდება და დღე არ გავა რომ საინტერესო თემა „არ გამორიყოს თუ წამოატივტივოს“, ანაც აქტუალური არ გახადოს პოლიტიკური პროცესის დინამიკამ.
თუ ამას იმასაც დავამატებთ, რომ ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, ასევე ევროპასთან და აშშ-თან საკმაოზე მეტი პრობლემებია დაგროვილი, ცხადადაც კი ჩანს, რომ 2025 წელი ისე იწურება, რომ ქვეყანა მოახლოებულ 2026 წელს პრობლემებით დახუნძლულიც კი ხვდება.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში და ჩვენს სამეზობლოშიც დიდი ტურბულენციაა, რატომღაც მგონია რომ ჩვენი უმთავრესი პრობლემა საშინაო პოლიტიკაშია. მხედველობაში მაქვს არა თუ განსხვავებული აზრის მიუღებლობა, არამედ ის პოლარიზაცია, რომელიც რეალურად არსებობს და არავინ ცდილობს არსებული სურათის შეცვლას.
ხელსუფლებაში ყოფნის 13 წლის შემდეგ მმართველი გუნდისთვის, სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება საშინაო პოლიტიკის მთავარი პრობლემები?
– რახან ჩვენ, ქართველებს წაკითხული ტექსტის შინაარსის გაგების პრობლემა გვაქვს, რასაც უახლესი ევროპული კვლევებიც ცხადჰყოფს, აქვე, ჩვენი საუბრის დასაწყისში მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე ვარ და ვფიქრობ, რომ ქვეყანამ ის პოლიტიკა უნდა გაატაროს, რაც ამ მიზანთან მიგვაახლოებს.
ევრობიუროკრატია რომ არ მოგვწონს, არ ნიშნავს რომ მისი ეს ხელმძღვანელობა და პერსონალიები სულ უცვლელად იქნებიან, ან უეჭველი თავიანთ იდეურ მემკვიდრეებს დატოვებენ მმართველობაში.
არარეალურად მეჩვენება დღევანდელ სახელისუფლო პოლიტიკურ სპექტრში მოჭარბებული სწრაფვა ნეიტრალიტეტისკენ, მახსოვს რა 1921 წლის 21 თებერვლის დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციაში გამოცხადებული ნეიტრალიტეტის კურსი ოთხი დღის შემდეგ როგორ დამთავრდა.
ფინეთის მაგალითიც საყურადღებოა ამ მხრივ და თქვენ წარმოიდგინეთ შვეიცარიისაც. ბევრი ფაქტი მიუთითებს, რომ სერიოზულია დასავლური სპეცსამსახურების ზეგავლენა შვეიცარიის საყოველთაოდ ნაქებ საბანკო სისტემაზეც კი. შესაბამისად, ცივილიზებულ ერთა და სახელმწიფოთა შორის ყოფნა, მათთან კავშირი, განვითარებული ეკონომიკების პოზიტიური უკუგება ჩვენი ქვეყნისთვის, საარსებოდ აუცილებელია.
ჩვენ არ მივდივართ ევროპაში, უფრო სწორი იქნება ითქვას, რომ ჩვენც მივდივართ და ისიც უნდა მოდიოდეს, რამეთუ ქართველები, საქართველო და პროტოქართული არეალი ევროპის არხეა და საწყისი, რაზეც ევროპული ცივილიზაცია აღმოცენდა და განვითარდა, ძველი ბერძნების და რომის გავლით.
თუმცა, მიმაჩნია, რომ ევროკავშირში ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. ამაში არ ვგულისხმობ უეჭველი ულტრამემარჯვენეების მოსვლას ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში და ევრობიუროკრატიის არსებითად გადახალისებას და შეცვლას.
აქ ვგულისხმობ ევროკავშირის გაცხადებული პრინციპების შებღალვის შეწყვეტას, კავშირის თანასწორ სუბიექტებად ყველა წევრი ქვეყნის რეალურად აღიარებას და ისეთი გაერთიანების შექმნას, სადაც გაერთიანება სახელმწიფოებისთვის, ერებისთვის და ხალხებისთვის საოცნებო იქნება.
თუ ასე არ მოხდა, არც კონსტიტუციიდან შესაბამისი ჩანაწერის ამოღებას გამოვრიცხავ და ამ სტრატეგიულ კურსზე უარის თქმასაც. ეს განმარტება, თქვენი ნებართვით გავაკეთე, რადგან არსებული პრაქტიკით ცალკეული შეფასებებიდან, სამწუხაროდ, ხშირად არასწორი დასკვნები კეთდება ჩვენი საზოგადოების წევრების მხრიდან.
ბოლო პერიოდში ევროკავშირთან დაკავშირებით სკეპსისმა იმატა. მართლაც, თანამედროვე ევროპას აკლია ისეთი ლიდერები, როგორებიც იყვნენ ჩერჩილი, დე გოლი, ადენაუერი, კოლი, მიტერანი, ტეტჩერი. არც ისეთი თეორეტიკოსები ჩანან, როგორებიც კისინჯერი, ბჟეზინსკი და ჰანტინგტონი იყვნენ/არიან.
ამიტომ გვაქვს ეს ფაქტობრივი ჩიხი.
დასავლური ტიპის დემოკრატიის კრიზისი უეჭველია. ამის პირველი ნიშანი ბრექსიტი იყო.თუმცა დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლით კრიზისს თავი ვერ დააღწია და ყველაფერ ამას მოჰყვა მემარჯვენე პლატფორმების აღორძინება, რაც ტრამპის რევოლუციაში გადაიზარდა და ის წინააღმდეგობრივად მიმდინარეობს.
ეს აქცენტები იმიტომ დავსვი, რათა ცხადმეყო ჩვენი საშინაო პოლიტიკის განპირობებული ხასიათი და არსებითი დამოკიდებულება მსოფლიოში მიმდინარე ახალი რეალიების დამკვიდრების პროცესზე.
გეოპოლიტიკურ ძვრებს შიგადაშიგ ტექტონური ძვრები მოჰყვება და ეს არცაა გასაკვირი. ახლა მთავარი საშინაო პოლიტიკური პრობლემა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან ერთად, არის სახელმწიფოს ტრანსფორმაცია, დასავლური ტიპის დემოკრატიის ჩანაცვლება „ქართული დემოკრატიით“, სტრატეგიული პარტნიორების შეცვლა, ძველ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გარკვევა და ძლიერი ძალოვანი უწყებების ფორმირება, რის გარეშეც ახალი კურსის დამკვიდრება და ქვეყნის ინტერესების დაცვა შეუძლებელი გახდება.
ახლა მთავარი საშინაო პოლიტიკური პრობლემა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან ერთად, არის სახელმწიფოს ტრანსფორმაცია, დასავლური ტიპის დემოკრატიის ჩანაცვლება „ქართული დემოკრატიით“, სტრატეგიული პარტნიორების შეცვლა, ძველ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გარკვევა და ძლიერი ძალოვანი უწყებების ფორმირება, რის გარეშეც ახალი კურსის დამკვიდრება და ქვეყნის ინტერესების დაცვა შეუძლებელი გახდება
და ეს საპროტესტო აქციები რომც შეწყდეს, ახალ ვითარებას, ახალ აქცენტებს და ახლებურ აზროვნებას, მმართველი პოლიტიკური კლასის მხრიდან მხოლოდ არსებული პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაცია შეესაბამება.
ვიდრე მკითხავდეთ, გეტყვით, რომ ხელისუფლების დღევანდელი საშინაო კურსის რეალიზაცი ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს. დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
ხელისუფლების დღევანდელი საშინაო კურსის რეალიზაცი ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს. დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
რაც შეეხება პოლარიზაციას, ჩვენი პოლარიზაცია ბუტაფორიულია, ჩვენი პოლუსები ძალიან გვანან ერთმანეთს, ვერ ვხედავ ავტორიტარული ტენდენციები სადღეისოდ აღემატებოდეს იმ ავტორიტარიზმს რაც სააკაშვილის მმართველობისას იყო საქართველოში.
ჩვენი პოლარიზაცია ბუტაფორიულია, ჩვენი პოლუსები ძალიან გვანან ერთმანეთს, ვერ ვხედავ ავტორიტარული ტენდენციები სადღეისოდ აღემატებოდეს იმ ავტორიტარიზმს რაც სააკაშვილის მმართველობისას იყო საქართველოში
არსებითად კი პოლარიზაცია ისეთი უნდა, აშშ-ში რომ გვაქვს სადღეისოდ. ტრამპი შპიცბერგენზეა, ნიუ იორკის მერი ზოჰრან მამდანი კი ანტარქტიდაზე, უფრო მეტიც შეიძლება ითქვას, რომ ერთი მარსზეა და მეორე სატურნისკენ მიემართება.
– მმართველმა გუნდმა ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი, რომელიც ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას აპროტესტებს, მათში მუხტი ჩამქრალიყო.
ამისთვის ქუჩაში აქციების გამართვასთან დაკავშირებით გამკაცრდა კანონმდებლობა, ახლა პროტესტის გამართვა ტროტუარზეც კი დასჯადია. აღარაფერს ვამბობ სასამართლოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და თუნდაც ბი-ბი-სის ფილმზე პასუხგაუცემელ კითხვებზე, ასევე მმართველ გუნდში გამოვლენილ კორუფციულ ფაქტებზე და შიდა დაპირისპირებაზე, ასევე „საარჩევნო კოდექსის“ ახალ რედაქციაზე, რომელიც გაუმჯებესებული კი არა გაუარესებულია.
ოპოზიცია და ჩვენი დასავლელი პარტნიორები, კერძოდ, ევროკომისია ხელისუფლებას ქვეყნის მართვაში ავტორიტარული მეთოდების დამკვირებაში სდებს ბრალს.
ვითარებაში, როცა მმართველი გუნდი პრაქტიკულად ყველაფერს აკონტროლებს, საშინაო პოლიტიკაში სიხისტე არ უნდა სჭირდებოდეს, სიხისტის ხარისხი რომ არ იკლებს, ცხადადაც კი ჩანს. საშინაო პოლიტიკაში ამგვარი მეთოდების გამოყენების მიზანი თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს?
– რაც თქვენ ბრძანეთ, მართლაც ასეა. არ არის კარგი არც კანონმდებლობის გამკაცრება და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და არც კონფრონტაცია ევროკავშირის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან, მიუხედავად იმისა რომ დღევანდელი რეალიების აღქმა ჩვენი ხელისუფლებისა და ევროკავშირის ლიდერების მიერ რადიკალურად განსხვავებულია.
თუმცა, აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი – საპარლამენტო არჩევნების შედეგების არცნობისა და პროტესტის შემდეგ, ოპოზიციამ აირჩია ხელისუფლებასთან დაპირისპირების და ხელისუფლებაში მოსვლის რევოლუციური გზა.
ამას კონკრეტული გამოხატულებები ჰქონდა – აგრესიული პროტესტი ძალადობის ელემენტებით, იყო განცხადებები სახელისუფლო ორგანოების პიკეტირებაზე, სასიცოცხლო მნიშვნელობის სტრუქტურების მუშაობის ჩაშლაზე (სკოლები, აფთიაქები, ბანკები და სხვა), რაც დაგვირგვინდა ბურჭულაძე-ზოდელავას ხელმძღვანელობით ამბოხის მცდელობით, რასაც სავარაუდოდ უნდა მოჰყოლოდა საპრეზიდენტო სასახლის შტურმი, მისი ხელში ჩაგდება და მასობრივი მღელვარება და გადატრიალება.
ამ და კიდევ სხვა მრავალი ასპექტის გამო ხელისუფლებისგან, თუ ის ნებაყოფლობით არ დათმობდა ძალაუფლებას, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა ლოგიკური იყო. მით უფრო რეალური ფაქტის კონსტატაციის ფონზე, რომ ოპოზიციის მიერ არჩეული რევოლუციური გზა მარცხით დამთავრდა.
– მმართველი გუნდიდან მუდმივად გვესმის რომ საქართველოში პროდასავლური ძალები დასავლეთის და დიფ სთეითის „აგენტები“ არიან. მათთვის დაფინანსების წყაროების გადაკეტისთვის ბევრი კონკრეტული ნაბიჯები კი გადაიდგა, მაგრამ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები რომ მათ „დემოკრატიულ რესურსად“ განიხილავენ, კარგა ხანია, ცნობილია.
თუ აშკარად მედასავლეთეები „აგენტებად“ არიან შერაცხულები, ვისაც ღიად პრორუსული განწყობები აქვთ, მათ რატომ არ იხსენიებენ „აგენტებად“, როგორც მინიმუმ, გაუგებარია.
მიუხედავად იმისა, რომ საგარეო პოლიტიკაში ბევრი თვალსაზრისით სტრატეგიული ბუნდოვანება გვაქვს, მმართველი გუნდი ამბობს, რომ ქვეყანა ევროკავშირისკენ მიჰყავს. ევროკომისიის დასკვნები საქართველოს მიმართ იმდენად კრიტიკულია, რომ არაა გამორიცხული 2025 წლის 30 დეკებრიდან საქართველოს დიპკორპუსსა და სხვადასხვა დონის სახელმწიფო მოხელეებს შეეზღუდოთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა.
შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის და სახელისუფლებო პროპაგანდაში დაწყებული საუბრები ქუჩის აქციებისას დაკავებულების ამნისტირებაზე. ამ თემაზე თავად დაკავებულების პოზიციები რომ უარყოფოთია, ვნახეთ.
საგარეო პოლიტიკის საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის თვალსაზრისით თუ არსებული დინამიკა შენარჩუნდა, სავარაუდოდ, ამან სანამდე შეიძლება მიგვიყვანოს?
– რასაკვირველია, ვადამდელ არჩევნებამდე. მართალია, 90-იანების დასაწყისიდან მოყოლებული, ხალხი პოლიტიკიდან გაძევებულია, მაგრამ ამა თუ იმ ხელისუფლების არსებობაზე კვერის დამკვრელის ფუნქცია შენარჩუნებული აქვს.
სულ ველოდი, რომ ხალხი, როგორც დემოკრატიული საზოგადოების მთავარი ფაქტორი, ისევ იქნებოდა ხელისუფლების ვინაობის გამრკვევი სუბიექტი, მაგრამ აქამდე, როგორც ჩანს, კიდევ გრძელი გზაა გასავლელი.
ამიტომ, ვადამდელი არჩევნები გარდუვალია, მაგრამ ხალხის დაბრუნება პოლიტიკაში არჩევანის თავისუფლებასაც გულისხმობს და შესაძლებლობასაც. თუმცა, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მისდამი მიმართული სარჩელი დააკმაყოფილა და პარტიები, „ნაცმოძრაობიდან“ დაწყებული, „ლელოს“ ჩთვლით, აკრძალა, ეს რეალურად, არჩევანის გარეშე დატოვებს ელექტორატს.
ვადამდელი არჩევნები გარდუვალია, მაგრამ ხალხის დაბრუნება პოლიტიკაში არჩევანის თავისუფლებასაც გულისხმობს და შესაძლებლობასაც. თუმცა, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მისდამი მიმართული სარჩელი დააკმაყოფილა და პარტიები, „ნაცმოძრაობიდან“ დაწყებული, „ლელოს“ ჩთვლით, აკრძალა, ეს რეალურად, არჩევანის გარეშე დატოვებს ელექტორატს
მართალია, ახალი პარტიები გამოდის არენაზე სახელისუფლო წრიდან, მაგრამ მათ ჯერ არ დაუსაბუთებიათ, არის თუ არა რაიმე განსხვავება „ქართული ოცნების“ მიზნებს, იდეოლოგიას, თეორიასა და პრაქტიკასა, ერთი მხრივ და მეორეს მხრივ, მათ ხედვებს შორის. ვგულისხმობ, „ხალხის ძალასა“ და „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“.
აქვე ვიტყვი, როგორც ერთი ანალიტიკოსი და მოქალაქე, რომ არ ვუჭერ მხარს პარტიების აკრძალვას, რაც მათი მხარდამჭერების აკრძალვასაც გულისხმობს. ჯერ არ დაზუსტებულა ისიც, თუ რას ნიშნავს ასაკრძალი პარტიების წევრებისთვის ამ პარტიების აკრძალვა, რა ეზღუდებათ მათ?
ამ საკითხამდე საქმე ვერ მივა, რადგან მოცემული პარტიების წევრობის ინსტიტუტი საკმაოდ ბუნდოვანი იყო, ზოგჯერ ცენტრალიზებულიც არა და ზღვარი პარტიის ფორმალურად წევრობასა და მომხრეობას შორის, უბრალოდ არ არსებობდა.
„აგენტომანია“ ლამის ტრადიციული ქართული გასართობია. ვგონებ, 30-იანი წლების რეალობა მეტ-ნაკლებად კარგად ვიცი და ტერმინები „მოღალატე“ და „ხალხის მტერი“ მაშფოთებს. ამ ცნებებს სახიფათო დატვირთვა აქვს და გამოყენებას უნდა მოვერიდოთ.
„აგენტომანია“ ლამის ტრადიციული ქართული გასართობია. ვგონებ, 30-იანი წლების რეალობა მეტ-ნაკლებად კარგად ვიცი და ტერმინები „მოღალატე“ და „ხალხის მტერი“ მაშფოთებს. ამ ცნებებს სახიფათო დატვირთვა აქვს და გამოყენებას უნდა მოვერიდოთ
რა თქმა უნდა, საქართველოში ყველა დიდ და გავლენიან უცხოურ სპეცსამსახურს ყავს აგენტურა. ჩვენც უნდა გვყავდეს სხვაგან, სადაც საჭიროა, თუმცა, ვაგლახ, რომ ამისი ფინანსური რესურსი, ვთქვათ, ისრაელისგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანას არ აქვს. მათ მიმართ დამოკიდებულება კი უნდა იყოს ისეთი, როგორც სხვაგან, ცივილიზებულ ქვეყნებში – უნდა ვავლენდეთ და ვაძევებდეთ.
რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, ეს ვრცელი და საფუძვლიანი საუბრის თემა უნდა გახდეს. ჩემი აზრით, ეს იყო არა აგენტურა, არამედ გავლენის ფენა და რა გავლენის აგენტები. რახან ჩვენი დამოუკიდებლობის პირველ წლებში რუსეთი ითვლებოდა მთავარ მოწინააღმდეგედ, თანდათან კი ოკუპანტად, მისი ძლიერი გავლენების საპირწონედ, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების დაფინანსებით, უამრავი ფული დაიხარჯა ასეთი ფენის ჩამოსაყალიბებლად.
ბევრი მილიონი, რომელთაგან ნაწილი მოხმარდა კიდეც კეთილშობილურ მიზნებს, – ინსტიტუტების გაძლიერებას, სოციალურიად დაუცველების საჭიროებებს, შეზღუდული უნარების მქონე პირებს, ძეგლების სარესტავრაციო სამუშაოებს და ა.შ. და ა.შ.
თუმცა, თანდათან ეს ინსტიტუცია მომავალი სახელისუფლო რეზერვის ფუნქციად ჩამოყალიბდა. როცა გარკვეული აზრთა სხვადასხვააობა ჩამოყალიბდა საქართველოს ხელისუფლებებსა და ჩვენს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, უფრო ინტენსიურად დაიწყო დასავლეთისთვის ნაკლებად მისაღები პოლიტიკური ძალების საპირწონედ NGO-ების განხილვა და მათგან ხელისუფლებაში დრო და დრო მოდიოდნენ ცალკეული პირები. ეს ყველაფერი თვალსაჩინო გახდა ევრობიუროკრატიასა და საქართველოს მთავრობას შორის წინააღმდეგობების ჩამოყალიბების შემდეგ.
საქართველოსთვის, შეიძლება მოჰყვეს ჩვენი ქვეყნის შეტრიალება აღმოსავლეთისკენ (ჩინეთი, ინდოეთი), სამხრეთისკენ (ირანი), ურთიერთობის გაღრმავება თურქეთთან და რაც მთავარია, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან, პლუს ეკონომიკური კავშირების ინტენსიფიკაცია და ფორმალიზება. ამდენად, ამჟამინდელი ევროკომისიის ხელმძღვანელობის პოზიცია ახლომხედველურია
ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ამ ორგანიზაციებისადმი დიდი სიმპათიები არ ახასიათებს. ადამიანებს არ მოსწონთ, რომ ეს სექტორი, განსაკუთრებით ფონდების მიერ კარგად დაფინანსებული NGO-ები, გარკვეულ სექტად ჩამოყალიბდა.
შეუძლებელი იყო რაგინდარა კარგ პროექტს დაფინანსება მიეღო, თუ ამ მიმართულების „ბაბლის“ წევრი, ან მინიმუმ მათთვის სანდო ადამიანი არ იყავი. კულუარული მითქმა-მოთქმა დიდი ფულისა და „ატკატების“ შესახებ, მოარულ ხმებად დარჩა, მაგრამ საზოგადოების უმეტესობის განწყობა მათ მიმართ, უაღრესად კრიტიკულია.
ერთ-ერთი ფაქტორი საპროტესტო აქციების წარუმატებლობის და არასათანადო ხალხმრავლობისა, ესეც არის. აქციებს ხშირად არასამთავრობოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, ბაია პატარაია და სხვები უწევდნენ კოორდინაციას.
არ არის მართებული ევროკომისიის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში, რაც შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს, თუნდაც ის მხოლოდ დიპკორპუსს და სახელმწიფო მოხელეებს ეხებოდეთ.
ევროკომისიის დამოკიდებულებას, თუ იგი მასშტაბური და საგრძნობი გახდება საქართველოსთვის, შეიძლება მოჰყვეს ჩვენი ქვეყნის შეტრიალება აღმოსავლეთისკენ (ჩინეთი, ინდოეთი), სამხრეთისკენ (ირანი), ურთიერთობის გაღრმავება თურქეთთან და რაც მთავარია, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან, პლუს ეკონომიკური კავშირების ინტენსიფიკაცია და ფორმალიზება. ამდენად, ამჟამინდელი ევროკომისიის ხელმძღვანელობის პოზიცია ახლომხედველურია.
– „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო პროპაგანდა, იმაზე უფრო კარგადაც კი მუშაობს, წინა ხელისუფლებას რომ ჰქონდა.
სახელისუფლებო პროპაგანდის უმეტესობა ან აშკარად ანტიდასავლურია, ან აშკარად ანტიამერიკული, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამბობს რომ 2030 წლისთვის მზად იქნება საქართველო ევროკავშირში გააწევრიანოს.
არადა, იმავე მმართველი გუნდიდან გვესმის მასკის მხარდამჭერი განცხადებები, რომელიც ევროპული ქვეყნების სპეცსამსახურების მტკიცებით ახლა ღიად უჭერს მხარს რუსული სპეცსამსახურების მიერ ფინანსურად მხარდაჭერილ ევროპელ ულტრამემარცხენეებსა და ულტრამემარჯვენეებს. რიგ შემთხვევაში პროფაშისტურ მოძრაობებსაც კი, რომელთა ევროკავშირის დაშლაც სურთ.
ევროპაში რომ პლურალიზმია, გასაგებია. გაუგებარია ისაა, სახელისუფლებო პროპაგანდა უპირატესად იმათ ტირაჟირებს, ვისაც ევროპაში ულტრამემარცხენეებსა და ულტრამემარჯვენეებს ეძახიან.
შექმნილ რეალობაში, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს ქვეყნისთვის ოპტიმალური გამოსავალი რომ პოლარიზაცია მუდმივად კი არ იზრდებოდეს, არამედ დაპირისპირებული ჯგუფები კონსენსუსამდე მიდიოდნენ?
– კონსენსუსი, ამ ეტაპზე, პოლარიზებულ სუბიექტებს შორის, შეუძლებელია. არა იმდენად იდეოლოგიური და პოლიტიკური განსხვავებების გამო, არამედ საგარეო-პოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე.
კონსენსუსი და შეთანხმება რადიკალურ ჯგუფებს შორისაც კი შეიძლება შედგეს, ოღონდ ისინი არ უნდა იყვნენ რომელიმე უცხო პოლიტიკური ძალის მიერ მართული და მექანიკურად მიმდევარი, ან რომელიმე გავლენიანი ოლიგარქის ინტერესების ცალსახად და უპირობოდ დამცველი. ასეთი რეალობა კი საქართველოში დღეს არ გვაქვს.
რაც შეეხება თქვენი შეკითხვის იმ ასპექტს, რომ ულტრამემარჯვენეები და ულტრამემარცხენეები მისაღებია „ქართული ოცნებისთვის“, ასე ცალსახად ვერ ვიტყოდი. ისიც აღსანიშნავია, რომ „ულტრა“ წინსართი ზოგჯერ ბულინგისთვის გამოიყენება.
კონსენსუსი, ამ ეტაპზე, პოლარიზებულ სუბიექტებს შორის, შეუძლებელია. არა იმდენად იდეოლოგიური და პოლიტიკური განსხვავებების გამო, არამედ საგარეო-პოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე
როგორ გინდა, ალის ვაიდელის „ალტერნატივას გერმანიისთვის“ ულტრამემარჯვენე უწოდო, როცა სულ ახლახანს ერთ-ერთი გერმანული გამოკითხვის მიხედვით, რეიტინგში პირველ ადგილზე აღმოჩნდა 26%-იანი მხარდაჭერით.
ჩვენ ხომ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანიის მოსახლეობის ლამის მესამედი, ფაქტობრივად, რადიკალი ექსტრემისტია. რომელთა პოზიციიდანაც – ულტრამემარჯვენეობა – ერთი ნაბიჯია წყეულ „ნაციონალ-სოციალიზმამდე“. რა თქმა უნდა, ასე არ არის.
ან ულტრამემარჯვენედ აღიარებული მარინ ლე პენის „ეროვნული ფრონტი“ ავიღოთ. ძლივს ჩაუხერგეს გზა ხელისუფლებამდე. თავად ლე პენს საქმე შეუკერეს და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აუკრძალეს. არადა, ღია დისკუსია ულტრამემარჯვენეებსა და ცენტრისტებს შორის, ევროკავშირში თითქმის არ არსებობს.
აი, ვთქვათ, ულტრამემარჯვენეებმა და ულტრამემარცხენეებმა „ევროპის სახალხო პარტიას“ ულტრალიბერალური რომ უწოდონ, სათანადოდ ამომრჩევლამდეც კი ვერ მიიტანენ ამის დასაბუთებას, რამდენადაც გავლენიანი მედია ლიბერალების მიერ კონტროლდება.
– 2025 წელი მალე ისტორიის კუთვნილება გახდება, მაგრამ, ფაქტია, რომ მოახლოებულ 2026 წელს ოპოზიციური სპექტრი იმავე პრობლემებით შეხვდება, რომელიც მას 2012 წლიდან აქვს.
ოპოზიციურ ფლანგზე ბევრს კი საუბრობენ ერთიანობაზე, მაგრამ, ფაქტია, რომ პროდასავლურ ოპოზიციაში ერთიანობის მიღწევა ჭირს.
დამკვირვებელთა ნაწილი ოპოზიციას ვადამდელი არჩევნებისთვის მომზადებას ურჩევს, ასეა მიუხედავად იმისა, რომ იმ ვითარებაში, რომელშიც ვართ, ძნელად წარმოსადგენია „ქართულმა ოცნებამ“ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.
თუ იგი ასეთ ნაბიჯზე წავიდა, ეს ალბათ მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იქნებიან აკრძალული ის პარტიები, რომლებმაც 2024 წლის არჩევნებზე ერთად ხმათა 47% მიიღეს, ანუ „ქართულ ოცნებაზე“ 7%-ით ნაკლები მიიღეს.
არც ისაა მოსალოდნელი, რომ ხელისუფლებამ ციხეებიდან გამოუშვას აქციებისას დაკავებულები, რომლებიც, არაა გამორიცხული პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაერთონ. მაგრამ, ეს ნაწილობრივ მაინც იქნება იმის აღიარება, რომ მათთვის გამოტანილი სარჩელები, როგორც მინიმუმ, არასამართლიანი იყო.
ოპოზიციაში 13 წლიანი ყოფნის შემდეგ, საშინაო პოლიტიკაში ოპოზიციას რა მთავარი პრობლემები აქვს?
– საშინაო პოლიტიკაში, როგორც საგარეოში და საერთოდ, ზოგადად, ოპოზიციის მთავარი, უფრო მეტიც, უმთავრესი პრობლემა არის არაადეკვატურობა, საზოგადოებისგან მოწყვეტა, ოპონენტებთან საჯარო კამათის და დიალოგის არარსებობა. აბა, შეხედეთ ჯერ კიდევ წამყვან მედიასაშუალებებს, ტელემედიას ვგულისხმობ, როგორც ოპოზიციურს, ისე სახელისუფლოს. იქ პროპაგანდის გარდა არაფერია. მათი ფუძე-ნარატივისგან განსხვავებული არაფერი ისმის…
რადგან ოპოზიციაზე ვსაუბრობთ და ეს ხელისუფლებასაც ეხება, ყველა უნდა გავერთიანდეთ, ამ ეტაპზე, ქვეყნის ჩვენი საარსებო, ეროვნული ინტერესების გარშემო.
საშინაო პოლიტიკაში, როგორც საგარეოში და საერთოდ, ზოგადად, ოპოზიციის მთავარი, უფრო მეტიც, უმთავრესი პრობლემა არის არაადეკვატურობა, საზოგადოებისგან მოწყვეტა, ოპონენტებთან საჯარო კამათის და დიალოგის არარსებობა
რა თქმა უნდა, უნდა განისაზღვროს, რა არის ეს საარსებო ინტერესები დღეს. ეს საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მაგრამ როგორც ერთი მოაზროვნე ამბობდა, რომ გავერთიანდეთ, საჭიროა გავიმიჯნოთ. ეს თანაბრად ეხება, როგორც ოპოზიციას, ისე ხელისუფლებას. იქაც სხვა და სხვა მიმართულებამ თითქოსდა იჩინა თავი.
აგრეთვე, ასევე აუცილებელია დღეს არენაზე საკმაოდ მომძლავრებული ახალი პოლიტიკური მიმართულების – „ალტ ინფოს, ლევან ვასაძის, ამ მიმართულების სხვა დაჯგუფებების, რა თქმა უნდა, „ლელოს“, გვარამიას და მელიას „ახალის“ ,იაგო ხვიჩიას „გირჩის“, „გახარია საქართველოსთვის“, აგრეთვე ძველი პარტიების – „პატრიოტთა ალიანსის“, მნიშვნელოვანი მიმართულების – „მწვანეთა პარტის“, ასევე ძველი პარტიის – „ლეიბორისტების“, კახა კუკავას „თავისუფალი საქართველოს“ და სხვათა თვითგამორკვევა, საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რატომ უნდა არსებობდნენ ისინი და რას მოუტანს ქვეყანას მათი არსებობა და საქმიანობა.
– მოდით ახლა ქართული პოლიტიკის ძირიდათი აქტორების – ხელისუფლებისა და ოპოზიციის საგარეო პოლიტიკის პრობლემებსაც შევეხოთ.
იყო დრო, როცა „ქართული ოცნება“ ევროპელი სოციალ-დემოკრატების წევრებიც კი იყვნენ, ახლა აღარ არიან, არადა, გვახსოვს, თავად კი გაწევრიანდნენ. ახლა ევროპაში მათი მთავარი პარტნიორი უნგრეთის პრემიერი ორბანი, სოლვაკეთის პრემიერი ფიცო და სერბეთის პრეზიდენტია, რომელთაც ცოტა ხსნის წინ ჩეხეთის ლიდერიც შეუერთდა.
რჩება შთაბეჭდილება „ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს ბრიუსელის საქართველოსთან გაუცხოება ევროპელებს დააბრალოს და არა იმას, რომ საქართველო არ ასრულებს იმ რეკომენდაციებს, რაც მას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სჭირდება. თუ რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრობა სურს.
აშშ-მ საქართველოსთან შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა. უკვე ორჯერ გადავადდა „მეგობარი აქტის“ მიღებისათვის საჭირო ე.წ. აქტივიზაცია. მიუხედავად იმისა რომ ვაშინგტონი სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში აქტიურობს, თეთრ სახლის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, როგორც მინიმუმ, ან ჩამოყალიბებული არაა, ან ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, რა შედეგით დასრულდება აშშ-სა რუსეთს შორის მოლაპარაკებები.
პრემიერი ირაკლი კობახიძე ხშირად კი აცხადებს რომ საქართველო მზადაა აშშ-თან „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყოს ურთიერთობები, მაგრამ, პასუხი ვაშინგტონიდან აშკარად აგვიანებს. არც ტრამპს დაურეკავს პრეზიდენტ ყაველაშვილისთვის.
თბილისში დარეკვა კი არა, აშშ-ს უსაფრთხოების ახალი სტრატეგია და ასევე თავდაცვის სტრატეგია ისეთი მზადება, ძნელი წარმოსადგენია საქართველოსთვისთვის ვინმემ მოიცალოს.
თბილისში ელჩების კონფერენცია ჩატარდა, რომელზეც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადებები გააკეთეს. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად მშვიდობის განსაზღვრა გასაგებია, მაგრამ, ვითარებაში, როცა მთელ მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში დიდი ტურბულენციაა, ფაქტია, ასეთ ვითარებაში საგარეო პოლიტიკაში სტრატეგიული გაუგებრობის ზონაში ყოფნა რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს, მკაფიოდ არ ჩანს.
თქვენ როგორ შეაფასებდით მმართველი გუნდის მთავარ საგარეო პრობლემებსა გამოწვევებს?
– ქართული მსოფლგაგება ჩემთვის ერთი ჩვენი წინაპრის ნათქვამი სიბრძნეა, – „ასე ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო“… ეს უპრინციპობას, უზნეობას, არათანმიმდევრულობას, არასგზით არ ნიშნავს. ქართველები ნაცარქექია ერი ვართ. ამაზე ზვიად გამსახურდიაც მიუთითებდა და ხსნიდა, თუ რას ნიშნავს ეს.
შესაბამისად, გვაქვს დიდ სახელმწიფოებთან, მრავალრიცხოვან ერებთან და ათასი ჯურის დამპყრობელთან ურთიერთობის უნიკალური და მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება – დავიცვათ თავი და შევაკვდეთ მტერს, თუ ეს საჭიროა, ან დავუშვათ კომპრომისი, გავწიოთ ცხოვრების ჭაპანი და დაველოდოთ უკეთეს დროს. ესაა და ეს.
მშვიდობა, კარგია რომ პრიორიტეტია. ისიც კარგია, რომ როგორც ამას ხელისუფლების მაღალჩინოსნები ამტკიცებენ, არ აღმოვჩნდით ჩათრეული რუსეთთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში, რომელიც ოკუპანტია და ჩვენი ტერიტორიის 20%-ს აკონტროლებს.
დავუშვათ და ასეა, არ აღმოვჩნდით ჩათრეული და არ ჩავებით. მე როგორც ერთ ადამიანს და ანალიტიკოსს მჯერა, რომ ეს ასე იყო, ვიცნობ რა უკრაინის და ევროკავშირის, აშშ-ს წინა ადმინისტრაციის დამოკიდებულებას რუსეთ-უკრაინის ომისადმი.
ამ საკითხზე მიეთ-მოეთი უნდა დავამთავროთ.
არჩაბმა იყო სწორი, მაგრამ არც ჩაბმას გამოვრიცხავდი, იმ შემთხვევისთვის, ამას რომ რაიმე აზრი და პერსპექტივა ჰქონოდა.
ჩვენ ვაჟკაცი ჯარისკაცები გვყავს, არაჩვეულებრივი მეომრები და ეს დასავლეთმაც აღიარა ავღანეთში ჩვენი ბიჭების სამსახურის მერე. მაგრამ ჩვენი ვაჟკაცი სამხედროების, მათი პროფესიონალიზმის მიუხედავად, ჩვენი შეიარაღებული ძალების პოტენციალი არ ეყოფოდა საომარი კამპანიის ღირსეულად წარმოებას და წარმატებით დასრულებას. საამისოდ, ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არ იყო.
ომი ხარჯიანი საქმეა. ეს ხარჯი ნავთობდოლარებით გაძლიერებულმა აზერბაიჯანმა გასწია და ყარაბაღი დაიბრუნა. ჩვენ ამ მიმართებით დიდი ხარჯის გაწევა არც შეგვეძლო და არც შეგვიძლია. სამომავლოდ რაღაც უნდა ვიღონოთ. მხოლოდ სხვისი მოიმედეობა არ ივარგებს. ომში ჩაბმის შემთხვევაში კი დაგვრჩებოდა დანგრეული საქართველო, რომელსაც ღმერთმა უწყის რა ბედი ეწეოდა. ესაა სიმართლე. ვისაც უნდა, დაიჯეროს, ვისაც უნდა, სხვა რამ სწამდეს…
ომი ხარჯიანი საქმეა. ეს ხარჯი ნავთობდოლარებით გაძლიერებულმა აზერბაიჯანმა გასწია და ყარაბაღი დაიბრუნა. ჩვენ ამ მიმართებით დიდი ხარჯის გაწევა არც შეგვეძლო და არც შეგვიძლია. სამომავლოდ რაღაც უნდა ვიღონოთ. მხოლოდ სხვისი მოიმედეობა არ ივარგებს. ომში ჩაბმის შემთხვევაში კი დაგვრჩებოდა დანგრეული საქართველო, რომელსაც ღმერთმა უწყის რა ბედი ეწეოდა. ესაა სიმართლე. ვისაც უნდა, დაიჯეროს, ვისაც უნდა, სხვა რამ სწამდეს…
აშშ-ის პოლიტიკა, საქართველოსთან მიმართებაში, ჩამოყალიბებული არ არის. ნიშანდობლივია „მეგობარი აქტის“ მიღების შეჩერებაც. რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიისადმი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა გაირკვევა ზანგეზურის კორიდორის ბედის გარკვევის შემდეგ.
რამდენად რეალური შეიძლება გახდეს ეგრეთ წოდებული ტრამპის გზა, თუ აშშ-მა ზანგეზურის კორიდორი გააკონტროლა, მას რჩება შანსი ცენტრალურ აზიაში საფუძვლიანი შეღწევის, ირანთან ახლოს მნიშვნელოვანი კვანძის გაკონტროლების, რუსეთისგან სამხრეთისკენ მომავალი მარშრუტების ზედამხედველობის და რაც მთავარია, თურქეთთან ერთად ამ რეგიონში სიტუაციის გაკონტროლების.
აშშ-ის პოლიტიკა, საქართველოსთან მიმართებაში, ჩამოყალიბებული არ არის. ნიშანდობლივია „მეგობარი აქტის“ მიღების შეჩერებაც. რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიისადმი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა გაირკვევა ზანგეზურის კორიდორის ბედის გარკვევის შემდეგ
შეგახსენებთ, რომ არცთუ დიდი ხნის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში ვითარებას თურქეთის და ერდოგანის მეშვეობით გააკონტროლებს. დღესაც ეს ასეა, ხოლო ენერგორესურსებით მდიდარ ადგილებს სირიაში, თავის მოკავშირე ქურთებთან ერთად, თავად ამერიკელები აკონტროლებენ.
ეს ვითარება გარკვეულწილად თურქების გასამხნევებლადაც იყო გაკეთებული, რადგანაც ბევრი სპეცილაისტი მიიჩნევს, რომ „დიდი თურანის“ იდეის განხორციელება არასდროს ყოფილა ისე რეალური, როგორც დღეს.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცენტრალური აზია, ყოფილი „შუა აზია“, სწრაფი ტემპით ვითარდება. იქ რუსები სრულფასოვნად დაბრუნებას ცდილობენ. იქეთ ჩინეთისთვის ეს რეგიონი საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სულ ახლახანს, თურქეთის მთავრობამ სთხოვა სხვა ქვეყნებს და მედიას, რომ ცენტრალური აზია ამიერიდან თავისი ადრინდელი სახელით – თურქესტანი მოიხსენიონ…
– ცხადადაც კი ჩანს, რომ ევროპის პოლიტელიტა და არა როგორც ამას „ქართული ოცნება“ ამბობს ევროპული ბიუროკრატია, საქართველოში პროდასავლურ ოპოზიციასთან აქტიუარად თანამშრომლობს და ლობირებს. ასეა წლებია.
ოპოზიციას აშშ-ს კონგრესსა და სენატში თანამოზარეებიც ბევრი ჰყავს, მაგრამ, მიუხედავად ამისა საქართველოსთან დაკავშირებით ოპოზიციისთვის სასურველი ბევრი არც არაფერი ისმის.
პოლიტიკის ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ – „ვიდრე ქართულ პოლიტიკაში მოსახლეობის მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური ალტერნატივა არ გამოჩნდება, მანამდე არც დასავლეთის დიდ აქტიურობაა მოსალოდნელი და არც ქვეყანაში რეალური ცვლილებების შესაძლებლობის გაჩენა“.
თქვენ როგორ შეაფასებდით ქართული ოპოზიციის მთავარ საგარეო პრობლემებსა და გამოწვევებს?
– მართალი ბრძანდებით. ასეა. დღეს 20%-ზე მეტი მხარდაჭერა არც ერთ პარტიას არ აქვს „ქართული ოცნების“ გარდა.
მეც, რა თქმა უნდა, არ მომწონს ავტორიტარული ელემენტების გაჩენა სახელისუფლო ძალის პოლიტიკაში, მაგრამ ფაქტია, რომ ის ყველაზე მხარდაჭერილი პოლიტიკური პარტიაა დღეს ქვეყანაში.
ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, სადღაც 35-40%-ის ფარგლებში იქნება მისი რეიტინგი, მაგრამ ეს, ჩემი აზრით, იმაზე მეტია, ვიდრე საერთო მხარდაჭერა აქვს „პრონაციონალურ“ ოპოზიციას და სამჯერ მეტია, მათგან ყველაზე მეტად მხარდაჭერილის რეიტინგზე.
უახლოეს მომავალში ამ სიტუაციის შეცვლის პერსპექტივას ვერ ვხედავ. ამდენად, „ოცნების“ მმართველობას აქვს ლეგიტიმური უფლება, გააგრძელოს ქვეყნის მართვა და ეცადოს, თავიდან აირიდოს მოსალოდნელი კატაკლიზმები, რომლებმაც შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს. ამას ცალსახად და ხაზგასმით ვამბობ.
„ოცნების“ მმართველობას აქვს ლეგიტიმური უფლება, გააგრძელოს ქვეყნის მართვა და ეცადოს, თავიდან აირიდოს მოსალოდნელი კატაკლიზმები, რომლებმაც შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს. ამას ცალსახად და ხაზგასმით ვამბობ
ეს მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია, არ ვარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, რამეთუ მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ძალა, დემოკრატიულ ქვეყანაში, ორი ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს, რაგინდ წარმატებულიც უნდა იყოს…
ეს, საქართველოს სინამდვილეში, არარეალურია, რადგან ინტელექტუალური და ფინანსური რესურსი გაცილებით მეტი აქვს მმართველ პარტიას, ვიდრე ნებისმიერ სხვას. ეს აპრიორი, პოლიტიკური სუბიექტების უთანასწორობას განაპირობებს.
მიმაჩნია, რომ ხელისუფლებათა ცვალებადობა აუცილებელია ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით რესურსებით არცთუ მდიდარ ქვეყანაში, რომელსაც არც სავალუტო რეზერვი აქვს განუზომელი და არც მასშტაბური ექსპლოატირებადი ენერგორესურსები.
სხვა მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსი კი ამ ქვეყანაში არც ერთ პარტიას არ აქვს. გამონაკლისად შეიძლება „ლელო“ ჩაითვალოს, თუმცა მან ვერ შეძლო ვერც „ოცნების“ და ვერც „ნაციონალების“ ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილის მიმხრობა. მის რამდენიმე პოლიტიკოსს თუ არ ჩავთვლით, გაერთიანების პოპულარობის ხარისხი დაბალია, ხედვები და პოლიტიკური ნაბიჯები, არათანმიმდევრული და გაუგებარი.
– ბატონო ვაჟა, თქვენ წლებია სტუდენტ-ახალგაზრდობასთან გაქვთ საქმე და უმაღლეს სასწავლებლებში კითხულობთ ლექციებს.
თვეზე მეტია რაც მთავრობამ დაანონსა ქვეყანაში განათლების რეფორმა. ამ რეფორმის საკმაოდ ბევრმა მიმართებებმა სამეცნიერო და აკადემიურ წრეებში აზრთა დიდი სხვადასხვაობა და უკმაყოფილება გამოიწვია.
ამ რეფორმაზე თავისი კრიტიკული განცხადებები გააკეთეს დასავლეთში საქართველოს გულშემატკივარმა დიდმა და სახელოვანმა მეცნიერებმა. ამავე რეფორმაზე კრიტიკული მოსაზრებები საქართველოში მოღვაწე არა ერთმა, ასევე სახელოვანმა ქართველმა მეცნიერმა გამოთქვა.
კრიტიკული მოსაზრებები ძირითადად უკავშირდება იმას, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა დასავლურისგან დისტანცირებული აღმოჩნდება, სტუდენტები ვერ შეძლებენ ევროპული და ამერიკული განათლების იმ შესაძლელბოლების მიღებას, რაც მათ აქამდე ჰქონდათ.
თქვენ როგორ შეაფასებდით ხელისუფლების მიერ დაწყებულ განათლების რეფორმას, რომელიც, პრაქტიკულად რეკორდულად მცირე დროში უნდა განხორციელდეს?
– თქვენ ყველაზე მასშტაბური და აქტუალური თემა წამოწიეთ. რეფორმის მონახაზი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. გაუგებარია მისი მიზანი. განათლების რეფორმის მთავარი ამოცანაა, რომ კადრები, უწინარეს ყოვლისა, თავისი ქვეყნისთვის და მისი ეკონომიკისთვის მოამზადოს.
გამონაკლისი შეიძლება იყოს ფუნდამენტური, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სადაც ჩვენთან დიდი და ნაყოფიერი ტრადიცია არსებობს. ჩვენ არ უნდა ვამზადებდეთ კადრებს სხვათა ეკონომიკებისთვის, საქართველოს მოქალაქეებს ვგულისხმობ, თორემ განვითარებადი ქვეყნებიდან და თუნდაც განვითარებული ქვეყნებიდან, ახალგაზრდებმა, ჩვენთან, ცხადია, უნდა ისწავლონ.
ამავე დროს, გავაფრთხილებდი ხელისუფლებას, რომ ნუ იჩქარებენ არსებული განათლების სისტემის დანგრევას, რადგან რაც ჩამოყალიბდება, შეიძლება არ იყოს სახარბიელო არც ქვეყნისთვის და არც ადამიანებისთვის.
გავაფრთხილებდი ხელისუფლებას, რომ ნუ იჩქარებენ არსებული განათლების სისტემის დანგრევას, რადგან რაც ჩამოყალიბდება, შეიძლება არ იყოს სახარბიელო არც ქვეყნისთვის და არც ადამიანებისთვის
რა თქმა უნდა, ამ რეფორმის შემდეგ, ჩვენი საგანმანათლებო სისტემა დასავლეთისგან დისტანცირებული იქნება. მაგრამ, ვფიქრობ, ეს პროცესი შეჩერდება თუ პოლიტიკურად არ გაღრმავდა დღევანდელი დაპირისპირება ჩვენს ხელისუფლებასა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას შორის.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი




