საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.
– ბატონო ვაჟა, საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, ჩხრეკები ჩატარდა – „საქართველოს პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“.
პროკურატურა იმ ფონდებს, რომლებიც ქუჩის აქციების ორგანიზებაში და აქციებზე დაზარალებულებს ეხმარებოდნენ „,მტრულ საქმიანობაში დახმარებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ ფინანსების მობილიზებას ედავება.
არადა, აქციების ორგანიზატორები თვლიან, რომ ისინი აქციებით ხელისუფლებისგან მოითხოვენ კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესრულებას, რომელიც ხელისუფლებას ქვეყნის ევროინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელებას ავალდებულებს. ოპოზიციის მტკიცებით, „ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ ემსგავსება და იმასვე აკეთებს, რასაც ახლა ხელისუფლება „ნაციონალებს“ საყვედურობს. „ოცნება“ კი თვლის რომ ებრძვის „აგენტებს“.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც აქციის მხარდამჭერ ფონდებთან დაკავშირებით ხდებოდა და ახლაც ხდება?
– თქვენი შეკითხვა, ცხადია, ბევრის მომცველია. თუ ხელისუფლების მოტივებს და არგუმენტაციას სარწმუნოდ ჩავთვლით, შესაბამისი სტრუქტურების შეშფოთება მსუბუქად შეიძლება მოგეჩვენოს. თუ ეს ყველაფერი არასწორია და ხელისუფლება ამ ფორმით სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს, სადაა აღშფოთებული ხალხის მასა?!
ასეთი ჩვენ არ გვიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეების საპროტესტო ტალღაში რამდენიმე ხალხმრავალი შეკრებაც იყო, მაგრამ ორი მხარის პოლარულად განსხვავებული მიდგომები და რეაქციები არ ტოვებს იმის საფუძველს, დავასკვნათ, რომ ხელისუფლება ან ოპოზიცია ადეკვატურია დამდგარი რეალობის შეფასებისა და რეაგირების თვალსაზრისით.
ორი მხარის პოლარულად განსხვავებული მიდგომები და რეაქციები არ ტოვებს იმის საფუძველს, დავასკვნათ, რომ ხელისუფლება ან ოპოზიცია ადეკვატურია დამდგარი რეალობის შეფასებისა და რეაგირების თვალსაზრისით
ასეთი წინააღმდეგობრივია დღევანდელი სიტუაცია საქართველოში. ამ სიტუაციის შეფასება ხელისუფლების მხრიდანაც და ოპოზიციის თვალთახედვითაც, აქ მე მოვიაზრებ საპროტესტო მოძრაობის ლიდერებსაც, აშკარად არასრული და არაადეკვატურია. შეფასება ფაქტობრივად ჩვენ არ გვაქვს. მივიწყებულია, საიდან დავიწყეთ და დღეს სად ვიმყოფებით, შესაბამისად პერსპექტივა არასახარბიელოა მთლიანად ქვეყნისთვის.
წლების წინ, 90-იანების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ, ქართველმა ხალხმა უარი თქვა მესიანურ პერსპექტივაზე და დაიწყო დემოკრატიისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა.
დღეს, შეიძლება სარწმუნოდ ითქვას, რომ ქართული დემოკრატია ჩიხშია, თუ უფრო მწვავე სურათს შევხედავთ, ის კრიზისშია. რაც წლების განმავლობაში შენდებოდა დემოკრატიული სახელმწიფოს სახით, სერიოზულად მოირყა და ბევრი რამ ნამსხვრევებადაა მიმოფანტული.
ამ პროცესს ყველა ხელისუფლებამ წააშველა ხელი. შევარდნაძის საქმიანობა თითქოსდა დასაწყისში იმედის მომცემი იყო, მაგრამ აფხაზეთის დაკარგვით და პირადად მისი ფაქტორის როლით გათანგულმა შევარდნაძემ დაუშვა კორუფციის მაღალი დონე და კაპიტალის პირველდაწყებითი დაგროვება ფაქტობრივად ძარცვა-გლეჯად და სახელმწიფო ქონების დატაცებად იქცა.
ქართული დემოკრატია ჩიხშია, თუ უფრო მწვავე სურათს შევხედავთ, ის კრიზისშია. რაც წლების განმავლობაში შენდებოდა დემოკრატიული სახელმწიფოს სახით, სერიოზულად მოირყა და ბევრი რამ ნამსხვრევებადაა მიმოფანტული
მერე მიხეილ სააკაშვილმა მოინდომა ქვეყნის მოდერნიზაცია, მაგრამ ამის გაკეთება ავტორიტარული რეჟიმის მეშვეობით განიზრახა, რაც საქართველოს მოსახლეობამ არ მიიღო, არ დაეთანხმა და ხუთწლიანი პერმანენტული საპროტესტო მოძრაობის შემდეგ ის შეცვალა, როცა ოპოზიციას სათავეში მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა, დიდი პატრიოტი და მასშტაბური ქველმოქმედი, თუმცა პოლიტიკური საქმიანობის არანაირი გამოცდილებით.
ივანიშვილის ალიანსი ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან კრახით დამთავრდა და დღეს სახეზე გვაქვს ქართული დემოკრატიის ჩიხი, გაჩერებული პოლიტიკური პროცესი, რომლის რეანიმირების არანაირი შანსი არ ჩანს.
ახლა, მხოლოდ ამ ყველაფრის გაცნობიერებით, მიღებით ან უარყოფით უნდა დავიწყოთ შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძიება.
მთავარია, არ მივიდეთ ყველასთვის სავალალო დასკვნამდე – რომ დემოკრატია დასავლური გაგებით, რაც ამ ქვეყანაში 35 წლის განმავლობაში შენდებოდა, არ არის ქართველების, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის მისაღები და ამ ეტაპზე ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების რეალიზების ერთადერთი ფორმა ავტორიტარული და უახლოეს ამოცანებზე ორიენტირებული, ძლიერი ხელისუფლების ფორმირებაა.
ან რაღაც იმდაგვარის, რასაც დღეს წარმოადგენს აზერბაიჯანული დემოკრატია, სომხური დემოკრატია, თურქული დემოკრატია ან თუნდაც ჩვენი მარადიული საფრთხობელის – რუსეთის დემოკრატია.
ივანიშვილის ალიანსი ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან კრახით დამთავრდა და დღეს სახეზე გვაქვს ქართული დემოკრატიის ჩიხი, გაჩერებული პოლიტიკური პროცესი, რომლის რეანიმირების არანაირი შანსი არ ჩანს
ჩვენი კონკრეტიკა და მიმდინარე მომენტი მიუკერძოებელი პოზიციიდან თუ არ შევაფასეთ, თუ დასკვნების გამოტანისას პროცესიდან დისტანცირება ვერ მოვახერხეთ, სიტუაცია სასიკეთოდ არ შეიცვლება და შესაძლოა, სავალალო შედეგებით დასრულდეს.
ახლა მთავარია პოლიტიკური პროცესის რეანიმირება. პარტიების აკრძალვა შედეგს არ მოიტანს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ უფრო მეტი მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, ვიდრე ხელისუფლებამ.
მეკითხებით აქციის მხარდამჭერ ფონდებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე. რა თქმა უნდა, რეალობა, რაც მოხდა და როგორც მოხდა, არასასიამოვნო და მიუღებელია.
მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ბოლო დრომდე, შეერთებული შტატებია და მისი ახლად არჩეული პრეზიდენტი პირველი 100 დღის შემაჯამებელ დოკუმენტში ამერიკული „დიფ სთეითისთვის“ მიყენებულ დარტყმას უსვამს ხაზს და აღნიშნავს , რომ ჩვენ (ანუ, ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ) გავაუქმეთო ფულის გათეთრების მანქანა. მეგობრებო, საუბარია „იუსაიდზე“ და „ნედ“-ზე და ა.შ… განა ჩვენი ამ და სხვა ფონდებისა და ორგანიზაციების მიღმა ეს ამერიკული ინსტიტუტები არ იდგა?!. და კიდევ სხვა ევროპული ფონდები…
ჩვენი ხელისუფლება ამერიკის ადმინისტრაციასთან უნისონში არ მოქმედებს, შეიძლება ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებაში, უფრო სწორად, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან მიმართებაში, ჯერ საბოლოოდ არ ჩამოყალიბებულა. მას თავისი დღის წესრიგი აქვს და იმ დღის წესრიგით მოქმედებს.
ჩვენი ხელისუფლება ამერიკის ადმინისტრაციასთან უნისონში არ მოქმედებს, შეიძლება ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებაში, უფრო სწორად, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან მიმართებაში, ჯერ საბოლოოდ არ ჩამოყალიბებულა. მას თავისი დღის წესრიგი აქვს და იმ დღის წესრიგით მოქმედებს
ჩვენზე, ანალიტიკოსებსა და მოქალაქეებზეა დამოკიდებული, როგორ შევაფასებთ ხელისუფლების ნაბიჯებს და ოპოზიციის პასუხებს. ჯერ-ჯერობით „პასუხი მხოლოდ ქარმა იცის“…
ოფიციალური შინაარსი, რის გამოც ხელისუფლება, ერთი შეხედვით, დრაკონული მეთოდებით მოქმედებს, სერიოზული და დამაფიქრებელია. მეორე მხრივ, საზოგადოების განწყობა ამ ქმედებებზე, არ არის მკვეთრად უარყოფითი და მწვავე, რაც საპროტესტო ტალღის შესუსტებაში გამოიხატება.
ოფიციალური შინაარსი, რის გამოც ხელისუფლება, ერთი შეხედვით, დრაკონული მეთოდებით მოქმედებს, სერიოზული და დამაფიქრებელია. მეორე მხრივ, საზოგადოების განწყობა ამ ქმედებებზე, არ არის მკვეთრად უარყოფითი და მწვავე, რაც საპროტესტო ტალღის შესუსტებაში გამოიხატება
ჩვენ საინფორმაციო ველის შეზღუდულობიდან გამომდინარე, არ გვაქვს სრულყოფილი წარმოდგენა არც ხელისუფლების ნაბიჯებზე და არც თუნდაც ამ ფონდების საქმიანობაზე. ზოგიერთი მათგანი, საერთოდ, ბოლო დროს დაფიქსირდა საინფორმაციო ველში, ზოგის არსებობა კი, მხოლოდ მას შემდეგ შევიტყვეთ, რაც რეგისტრაცია უცხოეთში გაიარეს და ამ გზით აპირებენ თავიანთი საქმიანობის დაფინანსებას.
რა თქმა უნდა, აქ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და სხვა მეტ-ნაკლებად ცნობილ ორგანიზაციებს არ ვგულისხმობ. არადა, თვით იქ, პოტომაკის ნაპირებზე, არიან შეშფოთებული ამ და სხვა ფონდების საქმიანობის შინაარსით, ფულის გათეთრებით, „ატკატებით“ და ა.შ…
თუ მართლა ექმნებოდა საფრთხე „საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას და ეროვნული უშიშროების საფუძვლებს“, დაველოდოთ სრულყოფილ და რეალურ ინფორმაციას, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისა და ამ ფონდების მხრიდან.
იმედია, პროპაგანდისტულ დაჯგუფებებად ქცეული მას-მედია, მათ შორის, სოციალური მედია, შეძლებს ჩვენამდე მართალი, უტყუარი ინფორმაციის მოტანას. ჩვენც დასკვნებს ამის შემდეგ გავაკეთებთ.
– ორი დღის წინ, „ქართული ოცნება“ საკმაოდ დაუნდობელი აღმოჩნდა ჭიათურაში მაღაროელების მიმართ, რომლებიც სოციალური მოთხოვნებით საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ.
მაღაროელთა საპროტესტო აქციის შედეგად გასული წლის 7 ნოემბერს ჭიათურ მანგანუმის პრეზიდენტი გადადგა, მაგრამ, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოშიმშილე მაღაროელები სცემეს და დააპატიმრეს. ორი დღის წინ კი ღამის სამ საათზე, ჭიათურის ცენტრში პოლიცია მოშიმშილე მაღაროელთა კარვებში შევარდა, ცემა ხალხი და ოთხი ადამიანი დააპატიმრა.
გასაგებია, რომ მაღაროელებისა და მანგანუმის მფლობელ კომპანიას შორის არსებული დავა კერძო დავაა, გასაგებია ისიც, რომ ხელისუფლებამ კერძო მფლობელის ინტერესიც უნდა დაიცვას ხელისუფლებამ, მაგრამ მოქალაქე მაღაროელების წინააღმდეგ ძალის გამოყენება რომ უცნაურად გამოიყურება, ფაქტია.
რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ მანგანუმის მფლობელებსა და მაღაროელებს შორის დავა, ამდენი ხანია არ თუ ვერ გვარდება, დაზარალებულები უმეტეს შემთხვევაში მაღაროელები აღმოჩნდებიან ხოლმე?
– არც აქ არის ახალი რამ გამოსაგონებელი. ჩვენ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას ვაშენებთ. მართალია, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე, ჩვენს ქვეყანაში, რესურსების მიტაცება და განუკითხაობა პრევალირებდა, მაგრამ ეკონომიკის თავისუფლების რაღაც ხარისხი მაინც მიღწეულია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებები განსაზღვრავდნენ, ესა თუ ის სიმდიდრე, წიაღისეული და სიკეთე, რომელი ინვესტორის, „შინაურის“ თუ „გარეულის“ გამგებლობაში უნდა გადასულიყო – ფერო, ოქრო თუ სხვა სიკეთე.
ზედმეტი დრამატიზება არც ამ შემთხვევაში გვარგებს. საქართველოში მთლიანად და იმერეთში კერძოდ, დასაქმების პრობლემა ისევ მწვავე და მასშტაბურია, შესაბამისად, მკვიდრი და ბინადარი დასახლებულების სამუშაო ადგილებს უნდა გავუფრთხილდეთ. რა თქმა უნდა, მთავრობაა ამაზე პასუხისმგებელი. არადა, თავისი როლი უნდა შეასრულოს მესაკუთრემაც, სახელმწიფომაც და პროფკავშირებმაც. ფეროსთან და ჭიათურ მანგანუმთან მიმართებაში, ამ ტრიადის არც ერთი კომპონენტი სათანადოდ არ მუშაობს და საქმე ცემა-ტყეპამდე მიდის.
თავისი როლი უნდა შეასრულოს მესაკუთრემაც, სახელმწიფომაც და პროფკავშირებმაც. ფეროსთან და ჭიათურმანგანუმთან მიმართებაში, ამ ტრიადის არც ერთი კომპონენტი სათანადოდ არ მუშაობს და საქმე ცემა-ტყეპამდე მიდის
პასუხისმგებელი კი არავინ ჩანს – არც მესაკუთრე, არც ცენტრალური მთავრობა, არც ადგილობრივი ხელისუფლება და არც ამ აურზაურზე ხელის მოთბობის მოსურნე აქტივისტები.
– საქართველოში ეს ხდება იმ ფონზე, როცა როგორც ევროკომისარი მარტა კოსმა ამბობს – „საქართველოსთან ურთიერთობა გაყინულია“, მეტიც, „არაა გამორიცხული უკან წაიღონ სავიზო ლიბერალიზაცია“, ასევე „თავისუფალი ვაჭრობის“ შეთანხმება, და შესაძლოა, გაყინონ, ან „გადახედონ „კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“, რომელიც ქვეყანას 2023 წელს მიენიჭა.
როგორც საქართველოს ევროპელი პარტნიორები აცხადებენ, არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილებები და კანონები არა მხოლოდ „ქართული დემოკრატიის უკუსვლაა“, არამედ „ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს“. მიუხედავად ამისა, ევროკომისარი მარტა კოსმა ამბობს – „დაველაპარაკებითო ქართულ ხელისუფლებას“.
თუ უკრაინაში რუსების მიერ დაწყებული აგრესიის შემდეგ და აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე „ქართული ოცნება“, ევროპას და აშშ-ს კრიტიკაზე ჰქონდა აგებული თავისი სახელისუფლებო პროპაგანდა, ვხედავთ, რომ თავისი არსით ანტიდასავლური პროპაგანდა არჩევნებიდან 6 თვის შემდეგაც ისე გრძელდება, როგორც არჩევნებამდე იყო.
თუ ევროსტრუქტურების ლიდერების განცხადებებს, და როგორც ხელისუფლება ხშირად ამბობს, არა ბიუროკრატიის განცხადებებს საქართველოსთან დაკავშირებით გადავავლებთ თვალს, ვხედავთ, რომ „ქართული დემოკრატიით“ ჩვენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ვაკვირვებთ, თან საკმაოდ დიდი დოზითაც. იგულისხმება ის, რომ ჩვენ ვმეგობრობთ არა ევროპის მეინსტრიმულ ძალებთან, არამედ კრემლთან ლოიალურად განწყობილ ლიდერებთან.
თქვენ როგორ შეაფასებდით „ქართული ოცნების“ ევროპულ პოლიტიკას?
– ევროპის მეინსტრიმულ ძალებთან ამერიკის ახალი ადმინისტრაციაც კი არ მეგობრობს და ჩვენი მთავრობა თუ მათგან განდგომას ამჯობინებს, რა გასაკვირია…
ახლა ყველა თავის პარტიას ასრულებს, როგორც ვერდის რომელიმე ოპერის ნიჭიერად დადგმულ წარმოდგენაში.
ევროლიდერებისგან არ მიკვირს, მაგრამ მაკვირვებს ოპოზიციის თავკაცების პოზიცია – მათ ხომ იციან, რომ ზეწოლით, პოლიტიკური სპეკულაციებით და შიგა და შიგ შანტაჟით, ქართველებისგან თანადგომის მიღება შეუძლებელია. ეს, შეიძლება, ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა არ იცოდეს, ის დიდ ევროკავშირს და ძლევამოსილ გერმანიას წარმოადგენს იმ გაერთიანებაში, საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით, მაგრამ მათმა აქაურმა მოკავშირეებმა ხომ უნდა მიაწოდონ მათ მოსაზრებები და სამოქმედო გეგმის ვარიანტები. მხოლოდ დასასანქცირებელი სიების მიწოდება, შედეგს არ მოიტანს.
მაკვირვებს ოპოზიციის თავკაცების პოზიცია – მათ ხომ იციან, რომ ზეწოლით, პოლიტიკური სპეკულაციებით და შიგა და შიგ შანტაჟით, ქართველებისგან თანადგომის მიღება შეუძლებელია. მხოლოდ დასასანქცირებელი სიების მიწოდება, შედეგს არ მოიტანს
ისევ ევროკავშირის ქვეყნების ჯანსაღი ჰუმანიზმის და კეთილგანწყობის იმედად უნდა ვიყოთ. კარგი იქნება, თუ ქართველი ხალხის დასჯის მაცდურ იდეაზე უარს იტყვიან და შურს არ იძიებენ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც მათთვის სასურველი რაოდენობით და ძალისხმევით არ აპროტესტებენ ხელისუფლების პოლიტიკას და საბოლოო ჯამში, არ ცვლიან მას, თუნდაც რევოლუციური სცენარის მეშვეობით.
რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, თავისუფალი ვაჭრობის უარყოფა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გაყინვა, მოსახლეობის განწყობაზე სერიოზულად აისახება, მაგრამ ჩვენი ოპოზიციისა და ევრო ბიუროკრატების გასაგონად ვიტყვი, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საარსებო მინიმუმისთვის იბრძვის და მისთვის უვიზო მოგზაურობა პარიზში ან ამსტერდამში იგავმიუწვდომელი ფუფუნებაა და შესაძლოა, საზოგადოდ, ეს ნაბიჯებიც კი მათთვის სასურველი დოზით არ აისახოს ქართული საზოგადოების განწყობებში.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ევროპულ პოლიტიკას, ის ზოგიერთ შემთხვევაში, თანმიმდევრული და მთლიანობაში, კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული არ არის.
– „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები რამდენიმე დღეა თავს იწონებენ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტით.
როგორც ირკვევა, აშშ-ს ფინანსური და ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლებთან ჩვენი ხელისუფლების შეხვედრები ტექნიკურ ხასიათს ატარებს და მომავალ თანამშრომლობას ეხება.
ვიცი-პრემიერ ლევან დავითაშვილის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია – „აშშ-მ ნათლად აჩვენა თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რათა დაამტკიცოს რომ იგი სერიოზულადაა განწყობილი აშშ-თან ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით“.
იგულისხმება აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება, საპარლამენტო არჩევნებთან და საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით მიღებული კანონებისა და ასევე სამოქალაქო სექტორის შემზღუდავი კანონმდებლობის მიღება და ასე შემდეგ.
ვხედავთ ასევე, საქართველოსთან დაკავშირებით აქტიურობენ ორპარტიულად აშშ-ს კონგრესმენები და სენატორები. მათი დამოკიდებულება კი „ქართული ოცნების“ მიმართ რომ საკმაოდ კრიტიკულია, ფაქტია.
თქვენ როგორ შეაფასებდით, აშშ-თან მიმართებაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, რომლის მთავრობის წევრი, შს მინისტრი ამერიკამ ე.წ. მაგნიტსკის სიაშიც კი შეიყვანა და ჩვენში საკვანძო ფიგურები დაასანქცირა?
– ლევან დავითაშვილი, დღევანდელი მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი, ახალი ადმინისტრაციისთვის, ამერიკის მთავრობისთვის, სავარაუდოდ, მისაღები პერსონაა საკომუნიკაციოდ. მისი ხედვები, ძირითადად, პროფესიულია და ნაკლებად პოლიტიზებული. ბუნებრივია, შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, რაღაც ხედვები უკვე აქვს და ვიცე-პრემიერის მეშვეობით ეცნობება „ოცნების“ პოლიტიკურ ლიდერშიფს და ბიძინა ივანიშვილს.
თუ კონკრეტულ პასუხს მომთხოვთ, გეტყვით, რომ ამ ურთიერთობების გადატვირთვისთვის პრინციპული წინააღმდეგობები, ფაქტობრივად არ არსებობს და ამას ამერიკის ახალი პრეზიდენტის პიროვნებისა და ხედვების გათვალისწინების საფუძველზე ვასკვნი.
ხილულ პერსპექტივაში ტრამპის ადმინისტრაციისა და ქართული მხარის შეხედულებები არასგზით დაემთხვევა, ესაა ჩინეთთან ურთიერთობისა და ანაკლიის პორტის მომავლის საკითხი. აქ კომპრომისი შტატების მხრიდან წარმოუდგენლად მეჩვენება, ხოლო ივანიშვილის მხრიდან, შეუძლებლად…
ჯანსაღი პრაგმატიზმი, შეიძლება ითქვას, მოჭარბებული დოზითაც კი, რაც დამახასიათებელია დონალდ ტრამპისთვის, ბიზნესმენ ივანიშვილისთვისაც არ უნდა იყოს მიუღებელი.
ერთად ერთი საკითხი, რაზეც, ვფიქრობ, ხილულ პერსპექტივაში ტრამპის ადმინისტრაციისა და ქართული მხარის შეხედულებები არასგზით დაემთხვევა, ესაა ჩინეთთან ურთიერთობისა და ანაკლიის პორტის მომავლის საკითხი. აქ კომპრომისი შტატების მხრიდან წარმოუდგენლად მეჩვენება, ხოლო ივანიშვილის მხრიდან, შეუძლებლად…
– უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების თემა, ის საკითხია, რომელსაც ახლა ინტერესით ადევნებს თვალს ლამის მთელი სამყარო.
ამ თემაზე პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები არა მხოლოდ ევროპის ლიდერების უმრავლესობისთვისაა მიუღებელი და გაუგებარი. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ თუ ყირიმის რუსეთისთვის გადაცემით საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი პრინციპის ტერიტორიული მთლიანობის პრეცედენტი შედგა, არაა, გამორიცხული „პანდორას ყუთი“ ისე გაიხსნას, რომ დღეისათვის არსებულ 80 კონფლიქტს კიდევ ბევრი დაემატოს.
თან ტრამპი უკრაინის თემაზე ისეთ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, სულ მეტად ჭირს იმის განჭვრეტა, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება დასრულდეს უკრაინა-რუსეთის ომი. ასეა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის განცხადებებს აკეთებს რუსეთის პირველი დიპლომატი სერგეი ლავროვი.
თქვენთან დაკავშირებამდე ტრაპმა განაცხადა – ვფიქრობ, პუტინს ომის შეჩერება სურს. არადა, ეს რომ ასეა, არანაირად არ ჩანს. რაც ჩანს ისაა, რომ პუტინს ომის დასრულება რუსეთის პირობებით სურს.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების ტრამპის გეგმებს უკავშირდება?
უფრო სწორად იმას, რომ ტრამპის გეგმები ძალიან ჰგავს პუტინის ხედვებს ამ საკითხზე?
– ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება იმ შემთხვევაშიც კი ძნელი იქნება, თუ მთავარ პრინციპებზე ტრამპი და პუტინი შეთანხმდებიან… რევოლუციონერი ტრამპისთვისაც კი შეიძლება გადაულახავი წინაღობა აღმოჩნდეს „წითელი ხაზები“, რაც არსებობს, როგორც უკრაინისთვის, ისე რუსეთისთვის…
რუსეთში პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორებისა და ამ ქვეყნის კრახის გარეშე ყირიმზე უარის თქმა, წარმოუდგენელია, ისე როგორც, სხვა, გარკვეულ ტერიტორიებზე, ყირიმამდე მისასვლელი ზოლის და საპორტო ინფრასტრუქტურის ჩათვლით. შესაძლოა, ცალკეული რეგიონები – ზაპოროჟიე, ხერსონი, თვით დონეცკი და ლუგანსკიც კი აღმოჩნდეს კიდეც შეთანხმების საგანი, დაახლოებით „მინსკის შეთანხმების“ ფარგლებში – ავტონომიები უკრაინის ფედერალური მოწყობის პირობებში. თუმცა, ამ ეტაპზე, ესეც შეუძლებელი ჩანს. ამდენად, არ გამოირიცხება ამ ომის განუსაზღვრელი დროით გაგრძელება და უკრაინისათვის ამერიკის სამხედრო მხარდაჭერის განახლებაც.
არ გამოირიცხება ამ ომის განუსაზღვრელი დროით გაგრძელება და უკრაინისათვის ამერიკის სამხედრო მხარდაჭერის განახლებაც
დასავლეთის სტრატეგიულ გეგმებში ისევ რჩება ნებისმიერი ფორმით რუსეთის დასუსტების ამოცანა. ერთადერთი, ტრამპის ექსტრაორდინარულობიდან გამომდინარე, შესაძლოა, შტატებმა მიმზიდველად ჩათვალოს ჩინეთთან გეოსტრატეგიული დაპირისპირების კონტექსტში რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და მისი მიმხრობის შესაძლებლობა.
ამ გადასახედიდან, ჩინეთთან ძლივს დალაგებული რუსეთისთვის, რომელსაც ამ ეტაპზე გარანტირებული აქვს ენერგომატარებლების უზარმაზარი ბაზარი, ინდოეთთან და მთელ რეგიონთან ერთად, არ მგონია, იმდენად მიმზიდველად გამოიყურებოდეს ეს პერსპექტივა და ამავდროულად იმდენად ენდობოდეს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი შტატებს, რომ მასთან სერიოზულ ალიანსზე წავიდეს ჩინეთის წინააღმდეგ.
რა თქმა უნდა, პუტინს ომის დასრულება თავისი პირობებით სურს. ტრამპს თავისი პრინციპები და ხედვები აქვს, – იგი ბუნებით ბიზნესმენია და გარიგებაზე წასვლა შეუძლია, მაგრამ შტატების ინტერესების საზიანოდ ამას არ იზამს.
პუტინს ომის დასრულება თავისი პირობებით სურს. ტრამპს თავისი პრინციპები და ხედვები აქვს, – იგი ბუნებით ბიზნესმენია და გარიგებაზე წასვლა შეუძლია, მაგრამ შტატების ინტერესების საზიანოდ ამას არ იზამს
არც უკრაინის დაყოფა-განაწილების პერსპექტივა მესახება საუკეთესო გამოსავლად. ამ მხრივ, ტრამპის და პუტინის ხედვები ერთმანეთს საერთოდ არ ჰგავს, უბრალოდ, ორივე ცდილობს თავისთვის ხელსაყრელი პოზიციიდან შეხედოს სიტუაციას, თანაც ტრამპი გულს სრული ადამიანია, – ყოველთვის შეძლებული იყო, მდიდარი და მუდამ უზრუნველყოფილი. მისთვის, მე მჯერა, ადამიანურად, კატეგორიულად მიუღებელია ყოველ 24 საათში 5000 ან გნებავთ 3000 ადამიანის დაღუპვა ბრძოლის ველზე.
ტრამპი არათანმიმდევრული არ არის. ერთი შეხედვით, ის იცვლის პოზიციას ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ამას სიტუაციის „ზონდაჟის“ მიზნით აკეთებს.
ყირიმის რუსეთისთვის გადაცემა ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო სამართლით აღიარებული პრინციპის დარღვევაა, მაგრამ განა ეს ერთადერთი შემთხვევაა ახალ და უახლეს ისტორიაში?!. ისედაც, „გაეროს“ ორი ფუძემდებლური პრინციპი სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობა და ერთა თვითგამორკვევის უფლება, აპრიორი ურთიერთგამომრიცხავია. მსოფლიო ისტორია კი პრეცედენტების საფუძველზე მიმდინარეობს საუკუნეების განმავლობაში.
არის კიდევ ერთი საყურადღებო ასპექტი – უკრაინული ნაციონალიზმი, რომელიც ბოლო დრომდე, ორგანულად ჯდებოდა უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის სტრატეგიაში. ამ ომში უკრაინის ფაქტობრივი დამარცხების შემთხვევაში, უკრაინული ნაციონალიზმი, შესაძლოა, გლობალურ აგრესიულ სახიფათო ფენომენად იქცეს.
არის კიდევ ერთი საყურადღებო ასპექტი – უკრაინული ნაციონალიზმი, რომელიც ბოლო დრომდე, ორგანულად ჯდებოდა უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის სტრატეგიაში. ამ ომში უკრაინის ფაქტობრივი დამარცხების შემთხვევაში, უკრაინული ნაციონალიზმი, შესაძლოა, გლობალურ აგრესიულ სახიფათო ფენომენად იქცეს
გაცილებით სახიფათოდ, ვიდრე ეს იყო „ბასკური სეპარატიზმი“, ან „ირას“ ბრძოლა ჩრდილოეთ ირლანდიის მისთვის მისაღები მომავლისთვის. ვფიქრობ, ამ ფაქტორს სათანადო ყურადღება არ ექცევა, გლობალური მოთამაშეების მიერ.
ერთხანს იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ზელენსკი რეალურად ვერ აკონტროლებდა სიტუაციას უკრაინაში. იქ, სამხედრო შენაერთები, გენერალიტეტი, ოლიგარქები და სხვა გავლენიანი წრეები უფრო ფლობდნენ სიტუაციას, თუმცა, ბოლო დროს, უკრაინის მხარე და მისი წარმომადგენელი – პრეზიდენტი ზელენსკი, უფრო თავდაჯერებულად გამოიყურება, განსაკუთრებით, ტრამპის ინიციატივით წამოწყებულ მოლაპარაკებებში შმიგალის, ერმაკის და სხვათა ჩართვის ფონზე.
ეს ყველაფერი სამშვიდობო მომავლის მხარდამჭერი მომენტებია, მაგრამ არც ვითარების რადიკალურ გამწვავებას გამოვრიცხავ. ამ კუთხით, საყურადღებოა პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება, რომელიც 30 აპრილს გააკეთა, – მან თქვა, რომ შესაძლოა, მოსკოვის ცენტრზე, კრემლსა და „წითელ მოედანზე“ მიიტანოს იერიში 9 მაისს, მათ შორის, დრონების გამოყენებით, როცა პუტინი და რუსეთი აღნიშნავს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავს.
არ დაგავიწყდეთ, რომ აღლუმზე დასწრებას გეგმავენ სი ძინ პინი, ფიცო, ორბანი და კიდევ სულ 20 ქვეყნის სახელმწიფო მეთაური. ეს განცხადება და მისი რეალიზების პერსპექტივაზე რუსეთისა და შესაბამისი პერსონების რეაგირება, მართლაც შემაშფოთებელი და საინტერესოა.
– არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენებზე მსჯელობისას ხელისუფლების ოპონენტები ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ბრალად სდებენ ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის დაბრუნებას.
შესაბამისად, კეთდება შეფასებები, რომ საქართველოში მალე ისეთივე მმართველობა იქნება, როგორც ბელორუსში, ან რუსეთშია.
თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში როგორ განვითარდება პროცესები საქართველოს საშინაო პოლიტიკაში?
– ავტორიტარიზმის ნიშნები, ქვეყნის მართვა-გამგებლობის პროცესში, ნამდვილად ჩანს. ფაქტობრივად ერთპარტიული პარლამენტი, დემოკრატიული პროცესის შეჩერება, რევოლუციური სცენარით ხელისუფლების შეცვლაზე ოპოზიციის კონცენტრირება და ა.შ… აქ ორივე მხარეს თავისი წონადი წვლილი აქვს შეტანილი ამ ნიშნების დაფიქსირების საქმეში.
იქნება თუ არა ეს მმართველობა ისეთი, როგორიც ბელორუსშია ან რუსეთში? – არა. აბსოლუტურად სხვა რეალობაა, აბსოლუტურად სხვა გეოპოლიტიკური ინტერესები განაპირობებს ზემოაღნიშნულ ორ ქვეყანაში ვითარებას და სხვაა რუსების, ბელორუსების და ქართველების მენტალიტეტი.
ავტორიტარიზმის ნიშნები, ქვეყნის მართვა-გამგებლობის პროცესში, ნამდვილად ჩანს. ფაქტობრივად ერთპარტიული პარლამენტი, დემოკრატიული პროცესის შეჩერება, რევოლუციური სცენარით ხელისუფლების შეცვლაზე ოპოზიციის კონცენტრირება და ა.შ… აქ ორივე მხარეს თავისი წონადი წვლილი აქვს შეტანილი ამ ნიშნების დაფიქსირების საქმეში
ვითარება, უახლოეს მომავალში, არაპროგნოზირებადია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ჩაერთვება თუ არა პოლიტიკურ პროცესში ქართველი ხალხი, ქართული საზოგადოება, თუ ეს პროცესი დარჩება ქუჩაში, ან ორივე მხარის აქტივისტების და მათ მიერვე კონტროლირებადი მედიების ამარა.
– მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ოპონენტები საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებენ ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკას, სხვადასხვა ფორმატში აქტივობებს აანონსებენ, ფაქტია, რომ ისინი ხელისუფლებას საშინაო პოლიტიკაში პრობლემებს ვერ უქმნიან. „ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად აღწევს იმ მიზნებს, რომელიც მას აქვს დასახული.
ფაქტია, ისიც, რომ მათი აქტიურობით ხელისუფლებას გარკვეული პრობლემები ექმნება „გარე პერიმეტრზე“, ანუ საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. თუმცა, ვხედავთ, ეს ხელისუფლებას, ან არ აღელვებს, ან ცდილობს არ შეიმჩნიოს ეს პრობლემები.
საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში დამკვიდრებულია აზრი, რომ „დღევანდელი ოპოზიციიდან არაფერი გამოვა და რაიმე სერიოზულის მოლოდინი არ უნდა არსებობდეს“.
სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში?
– დიდ ფილოსოფოსს დავესესხები – ყველაფერი არსებული, რეალურია და აქვს არსებობის უფლება.
ქმედუნარიანი და შესაბამისი მხარდაჭერის მქონე ოპოზიციის არარსებობა და არსებულის სისუსტე, ხელისუფლების პრობლემა უფროა, ვიდრე ოპოზიციის.
ბუნებრივია, „ხალხის ძალა“ ოპოზიციად ვერ იქნება საზოგადოების მიერ აღქმული. ვერც ღარიბაშვილის და სხვათა მიერ შექმნილი პარტია, რომლის დაბრუნებასაც, ამ ამპლუაში, ბევრი ვარაუდობს.
აუცილებელია, ახალი ძალის ან ძალების გამოსვლა არენაზე, ახალი ინტელექტუალური რესურსის შემოდინება საზოგადოებრივი ცნობიერების არეალში და ახალი ფინანსური რესურსი, ახალი ფული.
სადღეისოდ, ეს ფული მხოლოდ „ოცნების“ მხარესაა. „ნაციონალები“ და კარგად გაპიარებული კეზერაშვილი, მათ მიერ კონტროლირებად ფინანსურ რესურსს, ფაქტობრივად, არ ხარჯავენ, ან ხარჯავენ მის მიზერულ ნაწილს. რესურსი ტელეკომპანიებისთვისაც კი არ ემეტებათ. ასეთ ვითარებაში, სრულფასოვანი ოპოზიციის ჩამოყალიბება წარმოუდგენელია და ეს შეიძლება გახდეს ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერების საფუძველი.
სრულფასოვანი ოპოზიციის ჩამოყალიბება წარმოუდგენელია და ეს შეიძლება გახდეს ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერების საფუძველი
და ერთიც, – ამჟამინდელი საპროტესტო მოძრაობიდან რაღაც შეიძლება „გამოდნეს“. ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას ვხედავ იქ. თუმცა, ძლიერი ოპოზიციის ჩამოყალიბებაში, გამოცდილმა პოლიტიკურმა მებრძოლებმა უნდა ითამაშონ მთავარი როლი, – ასეთია პოლიტიკის არსი და ლოგიკა.
და კიდევ ერთი, – პოლიტიკიდან უნდა წავიდნენ ისინი, ვის გამოც ხალხი ოპოზიციას არ ენდობა და მხარს არ უჭერს. პოლიტიკა წარუმატებელი სუბიექტების მარადიული თავშესაფარი როდია. ასეა ეს „იქ“ და ურიგო არ იქნება, ასე იყოს ეს „აქაც“…
და კიდევ ერთიც, – დამაშვრალ მოქალაქეს, რიგით ქართველს, არ უყვარს, როცა სიმართლედ ტყუილს ასაღებენ, ან უბრალოდ, არასწორად ინტერპრეტირებენ ფაქტებს. ეს ის ამომრჩეველია, რომელიც ყველა პოლიტიკური ძალისა და ყველა ხელისუფლების ვინაობას განსაზღვრავს.
ჩვენმა ოპოზიციამ, რომელიც, რატომღაც, სულ საპროტესტო ტალღის მიღმა ყოფნას ამჯობინებს, სწორედ ასეთი ტაქტიკა აირჩია – „რევოლუციური სცენარის“ მონაწილეთა აგრესია, ცდილობდა მშვიდობიან აქციებად გაესაღებინა.
ხელისუფლების უნიათო მიეთ-მოეთი – რეპრესიებად. ის ყბადაღებული 9 წელი – დემოკრატიის ზეიმად და სხვა მრავალი…ასეთი ტაქტიკა ვერც მომხრეებს გაუმრავლებს ოპოზიციას და ვერც პროტესტის მუხტს აწევს.
პოლიტიკა ხელოვნებაა, ურთულესი ხელოვნება და ურთულესი მეცნიერებაა იმავდროულად, აინშტაინი რომ თვლიდა მისთვის მიუწვდომელ, უცნობ და გაუგებარ სფეროდ.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
