პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, პარლამენტარმა ალეკო ელისაშვილმა დღეს, 18 აპრილს, მედიასთან დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ გაუსწორდნენ პოლიციელები გასულ ღამეს, მთავრობის კანცელარიასთან. შედეგად, მას დაზიანებები ეტყობა სახეზე, სხეულის სხვა ნაწილებზე და ასევე, მოტეხილი აქვს ნეკნი. ელისაშვილი მისი ცემის ბრძანების გაცემაში საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს ადანაშაულებს.
„მთავრობის კანცელარიასთან აქციაზე მე პოლიციელებისთვის არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიმიყენებია და არც ფიზიკური, რადგან ფორმიან ხალხს პატივს ვცემ. ამ ძიძგილაობაში რამდენიმე პოლიციელი იყო განსაკუთრებით აგრესიული. განსაკუთრებით პერსონალური აგრესიით გამოირჩეოდა ვაჟა სირაძე, რომელმაც რამდენიმე წუთში დაიძახა, შეათრიეთო. შემისრუტეს წამის მეასედში. ძირს ვეგდე კანცელარიის წინ, პოლიციის კორდონთან და ვისაც არ ეზარებოდა, წიხლებს და მუხლებს მირტყამდა. ერთადერთი, ბათინკებს ვხედავდი, თავში რომ მხვდებოდა. ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. მალევე შემიყვანეს კანცელარიაში. იქ ძალიან ცხარე კამათი მომივიდა ანზორ ჩუბინიძესთან, რომელიც კანცელარიის ფოიეში დავინახე. ამის შემდეგ რამდენიმე საათი გავატარე დიდუბის პოლიციაში. იქ ოქმი შეადგინეს, რომ ეს გარიდება იყო და არა დაკავება, რადგან პარლამენტარის იმუნიტეტი მიცავს,“ — თქვა ელისაშვილმა.
დეპუტატის აზრით, ეს არის ხელისუფლების პასუხი მამუკა მდინარაძისთვის მუშტის ჩარტყმაზე:
„როგორც ჩანს, ის მუშტი სხვებმაც იგრძნეს სახეზე და გადაწყვიტეს, მდინარაძის ნაცვლად პასუხი გაეცათ. სხვაგვარად, ასეთი აგრესია არ უნდა წამოსულიყო.“
ელისაშვილი ამბობს, რომ იჩივლებს იმ პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებმაც მას სცემეს, რადგან ახსოვს ყველა, რომელიც აგრესიით გამოირჩეოდა მის მიმართ.
ელისაშვილმა ასევე თქვა, რომ ის ცდილობდა პოლიციის კორდონის გარღვევას და კანცელარიაში შესვლას, რათა მოეთხოვა პრემიერ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა.
„არც შეიარაღებული ვყოფილვარ და არც კანცელარიის შტურმს ვაპირებდი,“ — ამბობს პარლამენტარი და დასძენს, რომ მთავარია, ხელისუფლებამ „რუსული კანონი“ უკან გაიტანოს.
ალეკო ელისაშვილმა 15 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მუშტი დაარტყა „ქართული ოცნების“ წევრს, უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს იმ დროს, როცა ის რუსულ კანონზე საუბრობდა. ოპოზიციონერ დეპუტატს კომიტეტის დარბაზშივე რამდენიმე დეპუტატი იქვე გაუსწორდა ჯგუფურად, რის შემდეგაც ელისაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა.
17 აპრილს საქართველოს პარლამენტის 83-მა დეპუტატმა, მიუხედავად მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა გამჭვირვალობის საფარქვეშ შემუშავებულ რუსულ კანონს. მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში 2012 წლიდან დღემდე ეტაპობრივად გააქრო დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები და სამოქალაქო ორგანიზაციები.
რამდენიმე დღეა, რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში მრავალათასიანი აქციები იმართება. მოქალაქეები აღნიშნულს აპროტესტებენ საქართველოს სხვა ქალაქებშიც.