“ვაპირებთ მყარად, ორ ფეხზე დგომას”…”დავდექით ორ ფეხზე და მივიღეთ სტატუსი” | კალაძის და კობახიძის პროპაგანდა

ჩვენ, რა თქმა უნდა, მოგვიწია ბრძოლა, ქვეყნის ინტერესების დაცვა და ასე ვაპირებთ მომავალში – მყარად, ორ ფეხზე დგომას. ვისაც სურვილი აქვს, რომ ცალ ფეხზე იდგეს, ეს მათი უფლებაა – ასე პასუხობს მერი კალაძე კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ შეკითხვას, ისევ ფიქრობს თუ არა, რომ ევროპა კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ საქართველოსგან “ცალ ფეხზე დგომას” ითხოვდა.
კალაძის თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ქართველი ხალხის და მმართველი პოლიტიკური გუნდის დამსახურებაა. კალაძემ საკრებულოში, სადაც წლიური ანგარიშით გამოდის, ისეც გააგრძელა “ოცნების” პროპაგანდა:
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ევროპა, ევროპული მომავალი, მაგრამ ისე არა, რომ ვიღაცამ თავში წამოგვარტყას, რაღაც მიგვითითოს, გამოიყენოს ქვეყანა საკუთარი მიზნებისთვის, ინტერესებისთვის. ყველას თავისი ინტერესი აქვს. ჩვენ უნდა მივხედოთ საკუთარ თავს, უნდა დავიცვათ საკუთარი ინტერესები. გვინდა ევროპული მომავალი, მაგრამ გვინდა ღირსებით, თავაწეული. არ დაგვავიწყდეს, რომ ქართველები ვართ – უდიდესი კულტურის, ტრადიციების ხალხი და ვამაყობთ ჩვენი წარსულით, წინაპრებით. ამ ყველაფრით ვართ ჩვენ საინტერესო ევროპისთვის. თქვენგან განსხვავებით, ამით ვამაყობ.” აცხადებს მერი კალაძე.
ჩვენ დავდექით ორ ფეხზე და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი – აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი :
“თქვენ გახსოვთ ვინ ითხოვდა ცალ ფეხზე დგომას, ხომ? კონკრეტული ადამიანი, რომელიც გამოხატავს მთლიანად კოლექტიურ ნაცმოძრაობას. საქართველოში ეს იყო კონკრეტული ადამიანი…ჩვენ მხოლოდ ღირსებით გვინდა დამსახურებული წარმატების მიღწევა. ჩვენ დავდექით ორ ფეხზე და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ასე გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, მომავალში ჩვენი ქვეყნის წარმატებისკენ მსვლელობას. ეს არის ჩვენი ამოცანა….[გიორგი ბურჯანაძემ] გაახმოვანა კოლექტიური ნაცმოძრაობის და მათი პატრონების გზავნილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავდგებოდით ცალ ფეხზე. იმიტომ, რომ, როგორც კი დადგები ცალ ფეხზე, ძალიან მარტივად წაგაქცევენ და ეს იყო ამ ადამიანების მიზანი და სურვილი.”
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ლიდერები და მათი პროპაგანდა ბოლო 1 წელი ამტკიცებდა, რომ ევროპა საქართველოსგან კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, “ცალ ფეხზე” დგომას ითხოვდა.