“ვაპირებთ ბონდების პროგრამის გაფართოებას და ეს გამოიხატება პროგრამაში ტექნიკური დახმარების კომპონენტის გაჩენას. ასევე სააგენტო აქტიურად მუშაობს სხვა დამატებით ინსტრუმენტებზე, ერთ-ერთი ასეთია კაპიტალის კერძო ფონდების განვითარება.” – ამის შესახებ სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძემ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა, სადაც კაპიტალის ბაზარსა და სახელმწიფო პროგრამის გეგმებზე ისაუბრეს.
გაბრიაძის თქმით, პროგრამის ფარგლებში არაერთი სიახლეა დაგეგმილი, რომელზე მუშაობაც აქტიურად მიმდინარეობს.
“ვფიქრობთ, წლის ბოლოსთვის სიახლეები უკვე გვექნება და კონკრეტულად ვიტყვით რას გააკეთებს ეკონომიკის სამინისტრო და “აწარმოე საქართველოში” კაპიტალის ბაზრების კერძო საინვესტიციო ფონდების განვითარების მიმართულებით, რადგან ეს არის კიდევ ერთი სვეტი კაპიტალის ბაზრების განვითარებაში და საკმაოდ შეზღუდულია აღნიშნული ბაზრის განვითარება. დღესდღეობით საქართველოს ბაზარზე თითქმის არ არსებობს მოთამაშე, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს დაფინანსებას. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც დამატებით რესურსს და საბრუნავ საშუალებებს გაუჩენს მცირე და საშუალო ბიზნესს, ეს არის ფაქტორინგი, რომელზე მუშაობაც აქტიურად მიმდინარეობს.
კანონპროექტი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია, მიმდინარეობს განხილვა და ველოდებით კანონპროექტის დამტკიცებას, ამის შემდეგ გვექნება დამატებითი სიახლეები თუ როგორ ვუყურებთ ამ ბაზრის სწრაფად განვითარებას, როგორც ეს იყო ბონდების ბაზრის შემთხვევაში. ამ ბაზარს შეიძლება კიდევ უფრო მეტი ბრუნვების და კიდევ უფრო მეტი კაპიტალის მობილიზების რესურსი ჰქონდეს, ვიდრე ბონდების ბაზარს აქვს”- განაცხადა სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძემ.
წყარო: ბიზნესპარტნიორი




