ვანო წერეთელი – კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის აქტივისტ მეგი დიასამიძის სისხლის სამართლის წესით დაკავება ხელისუფლებაში შიშის არსებობას ადასტურებს

რეჟიმის შიგნით არის კრიზისი – კრიზისია როგორც პოლიციაში, ასევე მათ “ტიტუშკებში“, – ასე აფასებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ვანო წერეთელი შს სამინისტროს მიერ 8-9 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირების გამო სამი ადამიანის დაკავებას.
როგორც წერეთელმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “დღის ნიუსრუმი” განაცხადა, კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის აქტივისტ მეგი დიასამიძის სისხლის სამართლის წესით დაკავება ხელისუფლებაში შიშის არსებობას ადასტურებს. მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ახლა განსაკუთრებით საშიში ძალა ახალგაზრდობაა, რომელიც ქვეყნისა და საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს.
ვანო წერეთელმა აღნიშნა ისიც, რომ საპროტესტო აქციებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან ყოველდღიური ხასიათი ექნება.
„მეგი დიასამიძე არის სტუდენტი, რომელიც წინა დღეს “ტიტუშკების“ ზეწოლის ქვეშ მოჰყვა. ის არის კიდევ ერთი სინდისის პატიმარი.
პირდაპირ ეთერში ვნახეთ, რომ შს სამინისტრო ივანიშვილის კაცის კაცების და მონის მონების დაცვად იქცა. მეგის დაპატიმრება არ ასუსტებს არც მეგის და არც იმ ხალხს, ვინც ქუჩაში დგას. ჩვენ კარგად ვიცით, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა მათ შორის ციხეზე გადის. მეგი იბრძვის საკუთარი თავისა და ქვეყნის ღირსებისა და თავისუფლებისთვის.
“ტიტუშკების“ დაპატიმრება კი არის არსებული კრიზისის მაჩვენებელი. თუ შს სამინისტრო ამ ორ ადამიანს არ დააკავებდა, მაშინ პრეტენზიები და კრიზისი პოლიციის შიგნით გაჩნდებოდა, მაგრამ როცა “ტიტუშკები“ დააპატიმრეს, “ტიტუშკებს“ გაუჩნდათ პრობლემა. უკვე გამოვიდა ხმები, რომ სხვა “ტიტუშკები“ აცხადებენ, რომ ივანიშვილი მათ ციხისთვის სწირავს და თუ მათი დაპატიმრებები გაგრძელდება, არ გადადგამენ ნაბიჯებს, რასაც მათ ავალებენ.
თითქოს ისე ჩანს, რომ ივანიშვილი რეპრესიებს მიმართავს და რეპრესიები ჩვენ გვასუსტებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს ნაბიჯები ასუსტებს რეჟიმს! ყოველთვის ვამბობ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი“, – განაცხადა ვანო წერეთელმა.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას წერეთელმა აღნიშნა, რომ პარტია „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ 4 ოქტომბრის არჩევნებში შესვლა შეცდომა იყო. მისი შეფასებით, ამ ორმა პარტიამ პოლიტიკური პროცესი საკუთარი პოლიტიკური ამბიციებისთვის ბრძოლის პროცესში გადაიყვანა.
„რა დროს პირადი პოლიტიკური ამბიციებია, მაშინ როდესაც არ შეგიძლია წარადგინო მერობის კანდიდატები?! რატომ შედიხარ ამ არჩევნებში – მხოლოდ იმიტომ, რომ თქვა, რომ სწორ გზაზე მიდიხარ?! წარმოუდგენელია, რომ საკუთარ უუნარობას ახლა სხვებს აბრალებენ! ჩვენი გზა არის თანმიმდევრული და გეგმაზომიერი. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ იმისკენ მივდივართ, რომ ხელისუფლება გახდეს დელეგიტიმური, რასაც ქართველ ხალხთან ერთად მივაღწიეთ.
გაცილებით გონივრული “ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიის პარლამენტში შევლა იქნებოდა. რატომ არ შევიდნენ პარლამენტში?! გზა რომელიც მათ აირჩიეს, ქართველი ხალხის მიერ არჩეული გზის საწინააღმდეგოა. არ შეიძლება ქართველი ხალხის არჩეული გზის საწინააღმდეგო გზა აირჩიო და ხალხს მიღწეული დაუკარგო – ვგულისხმობ ხელისუფლების დელეგიტიმაციას და არაღიარებას. “ლელომ“ და გიორგი გახარიას პარტიამ ს მისცა შანსი ეთქვა, რომ 4 ოქტომბრის ლეგიტიმურია, რადგან მასში ოპოზიციური პარტიები მონაწილეობს“, – განაცხადა ვანო წერეთელმა.