ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ საქართველოში არა თუ პროტესტის, არამედ პრეტენზიის გამოთქმაც კი აკრძალოს – ივანიშვილს სურს, რომ დასავლეთმა ის აღიაროს როგორც ავტოკრატია, რომელსაც გავლენა აქვს დამყარებული საქართველოზე და ყველა დეტალსა და უმნიშვნელო წვრილმანს აკონტროლებს, – ასე ხსნის “კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი ვანო წერეთელი იმ საკანონმდებლო ცვლილებებს მიზანს, რომელიც გრანტებთან და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით “ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა.
წერეთელი ამ კონტექსტში იმასაც ამბობს, რომ ივანიშვილს სურს, მანამ, სანამ აშშ-ი საქართველოს მიმართ მკაფიო დაინტერესებას გამოხატავს, ავტოკრატიის საბოლოო დამყარება მოასწროს.
წერეთლის თქმით, ყველაფერი რაც ხდება, ძალიან ლოგიკურია.
“ბიძინა ივანიშვილი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს, რომ საქართველოში ავტოკრატია დაამყაროს. მან უნდა დააყაროს სრული კონტროლი თავისუფალ ფულზე. პირველ რიგში ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რატომ დააპატიმრეს ადამიანები საკუთარი წრიდან. მათი დაპატიმრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იყო ის, რომ ამ ხალხი გარემოცვამ ზედმეტად ბევრი ფული დააგროვა, რაც ბიძინა ივანიშვილისთვის არის საშიში.
ივანიშვილისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი ფულის მოძრაობა სრულიად აიკრძალოს. ამაში თავსდება არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული გრანტები, არამედ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეც ამაში მოჰყვება.
ივანიშვილს ამოძრავებს შიში – ამის კლასიკური მაგალითია ის, თუ როგორ მოქმედებს ჩრდილოეთ კორეა, რომლის მაგალითები ბიძინა ივანიშვილს ეტაპ-ეტაპ საქართველოში შემოაქვს. საბოლოო ჯამში, ბიზნესმენებთან შეხვედრამ თუ ქუჩაში ხალხის ყურებამ, რომელიც აქციებს არ ამთავრებს, ივანიშვილს კარგად დაანახა, რომ მან საქართველოში სტაბილიზაცია ვერ შექმნა ანუ ვერ შექმნა გარემო, სადაც იქნება დამყარებული ავტოკრატია სტაბილურობის განცდით. საბოლოო ჯამში, როცა ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თავს უსვამს კითხვას, თუ სად არის ის, პასუხს ვერ სცემს, რადგან ბოლომდე ეს თავადაც არ იცის.
დაგეგმილი ცვლილებები არის საკონტროლო გასროლა დემოკრატიაზე, თუმცა მის მიერ შემოგდებული ახალი კანონი ბოლომდე ვერ იმუშავებს“, – განაცხადა ვანო წერეთელმა.
“კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა მთავრობის კიდევ ერთი ინიციატივა შეაფასა, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანებას უკავშირდება.
წერეთლის შეფასებით, განათლების სისტემაში ხორციელდება არა რეფორმა, არამედ დეფორმა, რაც იზოლაციას ემსახურება.
“თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება რეალურად ემსახურება იმას, რაზეც აქამდეც საუბრობდნენ. ამ ორი უნივერსიტეტის შერწყმის შედეგად თბილისში ერთი იურიდიულ ფაკულტეტი იქნება. მართალია, თქვენ, რომ პროფესორ მასწავლებლებს და სტუდენტებს არ ამცირებენ, მაგრამ როგორც ქართული ანდაზაშია: – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს!
2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტების დაფინანსების თანხები არ ჩანს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სტუდენტთა რაოდენობა აუცილებლად შემცირდება. გივი მიქანაძემ ბევრი ტყუილი თქვა. არავისთან შეხვედრები არ გამართულა და უმაღლესი განათლების სისტემის არანაირი კვლევა არ ჩატარებულა“, – განაცხადა ვანო წერეთელმა.




