არ დაიჯეროთ, რომ „ქართული ოცნება“ ბედნიერია პოლიტიკით, რასაც ის მიჰყვება, უბრალოდ სხვა გზა არ დარჩენიათ – ძალიან კარგად იციან, რომ მკვდარ ცხენზე სხედან და დასავლური ქვეყნების მხრიდან მათი არაღიარება მათ აუცილებლად დაასრულებს! – აღნიშნული შეფასება „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა ვანო წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ გააკეთა.
წერეთელი სწორედ ამ კონტექსტში აფასებს დასავლელი ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების ფაქტს. მისი თქმით, „ელჩების დაბარებით, ერთის მხრივ, საკუთარ ამომრჩევლებს აჩვენებენ, თითქოს სუვერენიტეტის დაცვის გეგმას მიჰყვებიან და არ აინტერესებთ, თუ რას იტყვის დასავლეთი, თუმცა არ დარჩენიათ რა მეტი გზა, ვა-ბანკზე მიდიან და ცდილობენ, დასავლეთს შანტაჟის ენით ელაპარაკონ“.
მისი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ აღიარების თვალსაზრისით დასავლური ქვეყნების მხრიდან ვერც ერთი ნაბიჯი ვერ მიიღო და „ახლა დრო მათზე აღარ მუშაობს“.
წერეთელმა „ლეგიტიმაციის მათხოვრობა“ დაინახა მიხეილ ყაველაშვილის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლაში.
„გაეროში მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლა და ტექსტი, რომელიც მას სხვამ დაუწერა, არის „ქართული ოცნების“ რეალური პოლიტიკის შელამაზებული ვერსია. გამართული ქართულით და დავარცხნილი წინადადებებით ცდილობენ გადაფარონ ის, რასაც რეალურად აკეთებენ. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული პროევროპული ხაზის ცვლილებას და საქართველოდან ჩვენი პარტნიორების გაძევების ისინი საქართველოს მულტიფუნქციურობით ჩანაცვლებას ცდილობენ.
რა თქმა უნდა, ბავშვი არავინ არ არის და ამას არავინ დაიჯერებს. ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ფლობენ ინფორმაციას, თუ რა ხდება რეალურად აქ. აქვთ ნათელი თვალი და ნათელი გონება იმის დასანახად, რომ საქართველო ბიძინა ივანიშვილის ხელში ავტოკრატიული რეჟიმების ალიანსის წევრი ხდება. „ქართული ოცნება“ ამისკენ მიდის, რადგან იციან, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის დემოკრატია არის მისი ძალაუფლების დამთავრების ერთ-ერთი წინაპირობა. „ქართული ოცნება“ ახლა ცდილობს რეალური პოლიტიკა რაღაც ხერხებით გადაფაროს.
მეორე, რაც ყაველაშვილის გამოსვლამ აჩვენა – ამ გამოთქმაზე ბოდიში, მაგრამ ეს იყო ლეგიტიმაციის მათხოვრობა შელამაზებული და დავარცხნილი ფორმით. „ქართულმა ოცნებამ“ ასევე ძალიან კარგად იცის, რომ აშშ-სთან ვერ ლაგდება და ვერასდროს დალაგდება, ვიდრე საქართველოში კრიზისი იქნება.
საქართველოს საერთოდ არ იყო მიწვეული მარკო რუბიოს მიერ ორგანიზებულ ტრანსატლანტიკურ შეხვედრაზე, რაც არის მკაფიო და ნათელი მაგალითი იმისა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არამხოლოდ ყაველაშვილს და ივანიშვილს, არამედ თავად საქართველოსაც დაკარგული აქვს პოზიციები, რომელი 30-წლიანი ბრძოლისა და შრომის შედეგად მოვიპოვეთ. ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორები პარტნიორად აღარ აღიქვამენ. ეს არის საქართველოს ფუნქციის დაკარგვა.
სრულიად გაუგებარია, თუ რას ნიშნავს „მულტიფუნქციური“, როცა არამხოლოდ ისტორიულად, არამედ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მკაფიოდ განისაზღვრა, რომ საქართველოს აქვს ერთადერთი ფუნქცია – ეს არის ის, რომ იყოს დასავლეთის ნაწილი და შემდგომ როგორც დასავლეთის ნაწილმა სავაჭრო, კულტურული თუ სხვა ურთიერთობები დაამყაროს ყველა სხვა ქვეყანასთან – მათ შორის ჩინეთთანაც, რომელიც ტექნოლოგიური განვითარების მაღალ ნიშნულებს აღწევს და კარგი სავაჭრო პარტნიორი იქნება“, – განაცხადა ვანო წერეთელმა.
როგორც მან აღნიშნა, მარტივი გასაგებია, თუ რატომ არ საუბრობს „ქართული ოცნება“ იმაზე, რაც მთელს მსოფლიოში აღიარებულია. წერეთლის თქმით, „რუსეთის ხსენებამ ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა მთავარი საყრდენი დააკარგვინოს – ეს არის პუტინი“.
„რუსეთიც აღიარებს, რომ ომი დაიწყო სწორედ რუსეთმა და ეს დაიგეგმა მანამ, სანამ აქ 2008 წელი დადგებოდა. ბიძინა ივანიშვილის მთავარი საყრდენი არის რუსეთი და ამიტომ არასდროს გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც პუტინს და რუსეთს არ აწყობს.
სამაგიეროდ, ისეთ განცხადებებს აკეთებენ, როდესაც მტრებად პარტნიორ ქვეყნებს და სახელმწიფოებს აქცევენ, რომელთა დახმარებაზეც არის დამყარებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების არააღიარება. აფხაზეთის და ცხინვალის არაღიარება აშშ-ს ფისკალურ კანონში ჩაწერილ ტექსტზე დგას, რომლის მიხედვით, ქვეყნები რომლებიც აღიარების პოლიტიკაში რუსეთს აჰყვება, აშშ-სგან ფულს ვერ მიიღებს.
მარკო რუბიოს მიერ ორგანიზებული შეხვედრა მონათლეს, როგორც საუზმე თუ ვახშამი – ეს იყო სრულიად არანორმალური შეფასება პოლიტიკოსისგან, რაც არა მხოლოდ ღალატის ფორმებს აჩვენებს, არამედ აჩვენებს იმას, რომ ეს ადამიანები არიან ბეცი პოლიტიკაში. არ შეიძლება ადამიანს ორი წიგნი გქონდეს წაკითხული და ასეთ შეხვედრებს უწოდო ის, რაც ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ უწოდა“, – განაცხადა ვანო წერეთელმა.
