მე არ მგონია, „ქართულ ოცნებას” ეჩქარებოდეს კანდიდატის სტატუსის მიღება. უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი ასოცირება მას უბრალოდ არ უნდა, არ სჭირდება, გაჩხერილი აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. არასდროს ჩქარობდა და ფაქტობრივად, ვიქტორ ორბანი მოკავშირეა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვანო მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, ევროკავშირის გაფართოების საკითხზე უნგრეთის კრიტიკულ პოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
ვანო მაჭავარიანის თქმით, როდესაც უნგრეთის პრემიერი ამგვარ საწინააღმდეგო აზრს აფიქსირებს უკრაინასთან მიმართებით, იქვე თავისთავად საქართველოსაც გულისხმობს.
„თუ უკრაინაზე საუბრობს, რომ მისი ადგილი ახლა არ არის ევროკავშირსა და ნატო-ში, ეს თავისთავად იგულისხმება საქართველოზეც. ის, რომ ეს პერიოდი ახლა გადავაგოროთ, რუსეთს მივცეთ, რაც უნდა იმისათვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ, ეს არის ორბანის პოლიტიკა სხვის ხარჯზე. ფაქტობრივად, სთავაზობს, რომ ჩააბაროს უკრაინის ინტერესები, ჩააბაროს საქართველოს ინტერესები, ოღონდ ამაზე პირდაპირ არ საუბრობს. როცა ის საუბრობს უკრაინაზე, თავისთავად გულისხმობს მოლდოვასაც და საქართველოსაც, ამიტომ, „ქართული ოცნების“ მხრიდან იმის წარმოჩენა, რომ ორბანი საქართველოს მხარეს არის, უბრალოდ შეცდომაში შეყვანაა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის თქმით, ორბანის ეს პოზიცია არ არის მხოლოდ უკრაინის პრობლემა, ამიტომ არ გამორიცხავს, რომ ევროპის საბჭომ კანდიდატის სტატუსთან და წევრობასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა შეაჩეროს, იანვარში გადაიტანოს, თუმცა საბოლოოდ „უნგრეთს ამ პროცესის ჩაგდების საშუალება არ მისცეს“.
გარდა ამ საკითხისა, ვანო მაჭავარიანმა გადაცემაში ისაუბრა რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საქართველო, შესაძლოა, რუსეთის მეგობრული ტურისტული ქვეყნების სიას დაემატოს.
„მე არ ვამბობ,რომ რუსეთთან ტურიზმი არ უნდა იყოს, უბრალოდ ზედმეტი მოსდის ყველას, ეფინებიან. ხშირად მომისმენია საუბარი რუსებთან, ბოდიში მაგრამ, ისე ელაქუცებიან, რომ გეგონება, ნახევარი მილიონი ლტოლვილი არ გვყავდეს ან ტერიტორიის 20% არ ჰქონდეს ოკუპირებული ან კიდევ რუსეთს საქართველოს სახელმწიფოს არსებობა მართებულად არ მიაჩნდეს. ამიტომ, აქ, რა თქმა უნდა, მთავრობა ხელს უწყობს, რომ ბიზნესი განვითარდეს რუსეთთან, მაგრამ ამას რუსეთი უყურებს არა „ბიზნესად“ არამედ გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოებად, სადაც ე.წ. მეგობრული ტურისტული მიმართულება არის რუსული პოლიტიკის ერთ-ერთი წარმატება ყოფილი კოლონიების დაბრუნებისთვის იმიტომ, რომ ტერიტორიების შემოერთების გეგმა, ეს იქნება საქართველო, უკრაინა, მოლდოვა თუ ცენტრალური აზია, რუსეთს აქვს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთის მოქალაქეებისთვის 30-დღიანი ტურისტული ვიზის შემოღება გასაგები იქნებოდა.
„ევროკავშირისა და საქართველოს ბიზნესსაბჭოს მიერ გამართულ ძალიან საინტერესო კონფერენციაზე ვიყავი, რომელიც შეეხებოდა „შუა კორიდორს“. იმის გამო, რომ რუსების ექსპანსია მიმდინარეობს და ამ თვალსაზრისით უსაფრთხოება დაცული არ არის, ძალიან ბევრი ევროპული, თუ სხვა კომპანია საქართველოში ინვესტიციებისგან თავს იკავებს. ხედავენ, რომ თუ ხდება რუსეთის ე.წ. გავლენის სფეროს [გაფართოება] და ამ პოლიტიკას ბოლომდე გაჰყვება დღევანდელი ხელისუფლება ძალაუფლება რომ შეინარჩუნოს. ევროპული ინვესტიცია აქ თავს დაცულად არ იგრძნობს“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.