თანხა, რომელიც საქართველოს უნდა მიეღო, 2 მილიარდი ევრო, წავიდა მოლდოვაში. მოლდოვა გაოგნებულია, ცხოვრებაში ასეთი გრანტი, დახმარება და სესხები არ მიუღია, რაც ახლა მიიღო, იმის გამო, რომ საქართველოში გაჩერდა ეს დახმარება. 2 მილიარდი ევრო წავიდა მოლდოვაში იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობამ თქვა უარი პრინციპულ საკითხებზე, რომლებიც იციან, რომ შესრულებადია,- ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე ვანო მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის ისტორიული შესაძლებლობა შეჩერებულია და ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც მაჭავარიანის შეფასებით, აქვს საკუთარი ხედვა, თუ როგორ დარჩეს მუდმივად ხელისუფლებაში.
„დღეს ევროკავშირთან დაკავშირებით ყველაფერი გაჩერებულია, რეგიონებში უამრავი პროგრამა გაჩერდა, ახლა რაც იყო დაფინანსებული, ის რაღაც ნაწილი შეიძლება არ გაჩერდა, მაგრამ ის თანხა, რომელიც საქართველოს უნდა მიეღო, 2 მილიარდი ევრო, წავიდა მოლდოვაში. მოლდოვა გაოგნებულია, ცხოვრებაში ასეთი გრანტი, დახმარება და სესხები არ მიუღია, რაც ახლა მიიღო იმის გამო, რომ საქართველოში გაჩერდა ეს დახმარება. 2 მილიარდი ევრო წავიდა მოლდოვაში იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობამ თქვა უარი პრინციპულ საკითხებზე, რომლებიც იციან, რომ შესრულებადია. თუ შარშან არჩევნებზე ეწერა ბანერზე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, დღეს თუ შეხედავთ მათ ბანერს, აწერია „ქართული ოცნება“ და დემოკრატიული საქართველო აღარ აწერია.
კონკრეტული შედეგები თუ უნდათ რომ დადონ, ეუბნებიან ევროპელი ლიდერები – კონკრეტულ თემებზე თუ მზად ხართ სასაუბროდ, დავიწყოთ ეს პროცესი კონკრეტულ მოთხოვნებთან დაკავშირებითო, სხვა შემთხვევაში იმ ისტორიულ შესაძლებლობას თქვენ თვითონვე აჩერებთო და ერთადერთი რის გამოც აჩერებენ, არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც თავისი ხედვა აქვს თუ როგორ უნდა დალაგდეს ეს ყველაფერი, რომ ის დარჩეს მუდმივად ხელისუფლებაში. არ მგონია კობახიძე, პაპუაშვილი და სხვები თვითონაც კომფორტულად იყვნენ რომ ანტიევროპულ, ანტიდასავლურ და ანტიქართულ თემებს ასე აღვივებენ, რომ თურმე მტერია ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი და სხვები არც ისე ცუდები არიან. არ მგონია ეს საქართველოს მოსახლეობისთვის გასაგები და მისაღები იყოს და პრობლემა შეიძლება ეგ ჰქონდეთ მათ შორის ადგილობრივ არჩევნებზე”, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ახლა საქართველო ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც ბელარუსი და აზერბაიჯანი იყვნენ.
„კობახიძეს თუ ჰკითხავთ [რეზოლუციას] ფასი არ აქვს, დანარჩენ სამყაროს თუ ჰკითხავთ, რომელიც არის ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი, ეკონომიკური თუ სოციალური, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. უბრალოდ აღმოჩნდა, რომ ჩვენ გავხდით ბელარუსი და აზერბაიჯანი და ეს არის ძალიან მძიმე“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
