ვანის მცხოვრები ნაზი ჩახუნაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის გამგებელ ალექსანდრე გოგორიშვილს სთხოვა, დახმარებოდნენ იმ სახლის თოვლისგან გაწმენდაში, სადაც დედამისი, მისი და და დისშვილი ცხოვრობენ. გამგებლის თანმხლებმა პირმა კი აგინა, ხელი კრა და წააქცია.
როგორც ნაზი ჩახუნაშვილი ამბობს, თავად ვანის გამგებელს მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, თუმცა აღნიშნულ ფაქტს უყურებდა.
“სახლი და სახურავი არის ძველი. ადევს 2 მეტრამდე თოვლი. ეს სახლი თუ ჩამოინგრევა, ჩემი და სულ რომ გამოვიდეს, დედაჩემს და თავის შვილს ვერ გამოიყვანს. სამი დღეა გადავდივარ გამგეობის წინ და ვეხვეწები… გამგებელი გოგორიშვილი არ არის ცუდი ადამიანი. მითხრა, შევდივარ შენს მდგომარეობაშიო. არაფერი ზედმეტი არ უთქვამს. კიდევ ერთხელ რომ გადავედი, გამგეობის წინ, გამგებლის ჩათვლით, 20 კაცი იდგა (გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად). ვკითხე, თუ აქამდე მოხვედით და გაწმინდეთ, დედაჩემის მხარესაც გამოგევლოთ – მეთქი. აყვირდა გამგებელი. ეს რომ მისმა ცუციკებმა გაიგეს, მოვიდნენ. ერთ-ერთმა ხელი მკრა და შემაგინა. ამ ხელის კვრით ისე გავნერვიულდი, წავიქეცი. დასუფთავების სამსახურის უფროსმა საშინელი შეურაცხყოფა მომაყენა. წადი ახლა და მიშა გიშველის, მიაკითხე მიშასო – ასეთი რეპლიკები ჰქონდა. გამგებელს თავად ხმა არ ამოუღია, მაგრამ ამ ყველაფერს უსმენდა და უყურებდა”, – ამბობს მოქალაქე “ტვ პირველთან”.
ნეტგაზეთი ვანის გამგებელ ალექსანდრე გოგორიშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც მომხდარი უარყო. როგორც გამგებელი აღნიშნავს, ნაზი ჩახუნაშვილი მათთან უსაფუძვლოდ მივარდა და დაწყევლა.
“მოვარდა, კიოდა, დაგვწყევლა. მანამდე ვუთხარი, რომ არ გვქონდა შესაბამისი ტექნიკა დასახმარებლად. ახლა ვუთხარით, რომ შეძლებისდაგვარად დავეხმარებოდით. იწყევლებოდა, ჩვენ ვთხოვეთ დამშვიდებულიყო”, – ამბობს გოგორიშვილი.
მისივე თქმით, სახლს, რომელშიც ნაზი ჩახუნაშვილის დედა, და და დისშვილი ცხოვრობენ, დღეს თოვლისგან გაწმენდენ, მაცხოვრებლებს კი ვანში გადმოიყვანენ. ეს სახლი ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში (ტყელვანი) მდებარეობს.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს უკვე 8 დღეა ებრძვიან.
გურიასა და აჭარაში დიდთოვლობის გამო მოსახლეობას არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და წყალი. სტიქიას მოჰყვა მსხვერპლიც.
ბოლო დღეებში გართულდა მდგომარეობა იმერეთშიც. “ოცნების” პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, იმერეთის 5 მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა და სამაშველო ჯგუფები რამდენიმე სოფელთან კონტაქტზე ამ დრომდე ვერ გადიან.
